ლგბტქი მოზარდები

შეძრწუნებული იმ კაცის ქმედების გამო კი არ ვარ, ხალხი რომ აქეზებდა, ეს იყო საშინელება — ლუკა აბლოთია

გუშინ 6 ნოემბერს, 17 წლის ღიად ქვიარ მოზარდს, ლუკა აბლოთიას საზოგადოებრივ ტრანსპორტში თავს დაესხნენ. ლუკამ გამოიძახა პოლიცია და თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა Facebook-ზეც. გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო. ლუკა აბლოთია ქვიართან საუბრისას

პოლონელი მოზარდი ლგბტქი ადამიანების მხარდაჭერისთვის დააკავეს

პოლონელი მოზარდი, მალვინა ჩმარა, რომელიც ტროტუარზე ცარცით ლგბტქი თემის მხარდამჭერ სიტყვებს წერდა, დააკავეს. 17 წლის მალვინა პოლონეთის წვრილმან დანაშაულთა კოდექსის 63-ე მუხლის დარღვევაშია ბრალდებული, რომელიც “ადმინისტრატორის თანხმობის გარეშე საჯარო ადგილას რეკლამების, პლაკატების, ბუკლეტების, წარწერებისა ან ნახატების განთავსებას კრძალავს” და ჯარიმას

სამხედროს ოჯახში მცხოვრებ LGBTQI მოზარდებს მენტალური გამოწვევების ბევრად მაღალი რისკი აქვთ — კვლევა

The Trevor Project-ის ახალი კვლევის მიხედვით, იმ ლგბტქი მოზარდებს, რომელთა მშობელიც სამხედრო პირია, მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევებისა და სუიციდის ბევრად მაღალი რისკი აქვთ. 2021 წლის

არაინკლუზიური სასწავლო გარემო და დისკრიმინაციული კანონის არაეფექტური აღსრულება — IGLYO-ს ანგარიშის მიგნებები

ლგბტქი ახალგაზრდებისა და მოსწავლეთა საერთაშორისო ორგანიზაცია — IGLYO-მ, ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში ლგბტქი ინკლუზიური განათლების შესახებ ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოში არსებულ მდგომარეობასაც ასახავს. კვლევის

შეძრწუნებული იმ კაცის ქმედების გამო კი არ ვარ, ხალხი რომ აქეზებდა, ეს იყო საშინელება — ლუკა აბლოთია

გუშინ 6 ნოემბერს, 17 წლის ღიად ქვიარ მოზარდს, ლუკა აბლოთიას საზოგადოებრივ ტრანსპორტში თავს დაესხნენ. ლუკამ გამოიძახა პოლიცია და თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა Facebook-ზეც. გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

ლუკა აბლოთია ქვიართან საუბრისას შემთხვევის დეტალებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ მოძალადე ჩაცმულობის ან აქსესუარის გამო დაესხა თავს.

„ჩაცმულობის გამო დამიპირისპირდა, ღილზე მიმითითა, შეიკარიო, მაგრამ ხელში თანასწორობის ჩანთა მეკავა და მაგასაც უყურებდა უცნაურად. კი ვიეჭვე, ჩემთვის რაღაცის თქმა უნდა-მეთქი, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია ამ კაცისთვის. ჩემთვის ვუსმენდი რაღაცას ყურსასმენებით, არც ვაქცევდი ყურადღებას, რაღაცას მეკითხებოდა და ვკითხე, რა უნდოდა, ღილები შეიკარიო და ვუპასუხე, არ შევიკრავ-მეთქი“, — იხსენებს ლუკა.

მისი თქმით, დაპირისპირების საფრთხის დანახვისთანავე დარეკა 112-ში, მაგრამ პოლიციამ დაიგვიანა და ამასობაში თავდამსხმელი ფიზიკურ ძალადობაზე გადავიდა.

„როცა ხელის დარტყმის რისკი დავინახე, როცა ყვირილი და გინებები დაიწყო, მაშინვე დავრეკე პოლიციაში, რათა ეს ადამიანი ჩემგან გაერიდებინათ. მძღოლს ცხელ ხაზზე არ დაურეკავს, პრობლემები შემექმნებაო და არ მარეკვინებდა არც მე, ყველა მეუბნებოდა, არ დარეკოო, მაგრამ მაინც დავრეკე. ამის შემდეგ 10 წუთი მაინც ველოდებოდით პოლიციას, დიდუბის მეტროსთან უნდა მოსულიყვნენ, თუმცა არ მოვიდნენ მანდ. მე დიდუბეში უნდა ჩამოვსულიყავი და ეს კაცი მემუქრებოდა, რომ ჩამოხვალ აგჩეხავო. ავტობუსი დიდუბესაც გასცდა და ისევ დავრეკე პოლიციაში, სანამ სახალხო დამცველი არ ჩაერევა, იქამდე არ გექნებათ რეაგირება-მეთქი? მერე რამდენიმე წუთში პოლიციაც გამოჩნდა, მაგრამ ამასობაში ამ კაცმა ხელი დამარტყა, იძალადა და გაიქცა. პოლიციამ ძალიან დააგვიანა“, — ამბობს ლუკა.

17 წლის მოზარდი აღნიშნავს, რომ თავდამსხმელი და ავტობუსის სხვა მგზავრები ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ.

„დანის დარტყმით, მოკვლით მემუქრებოდა, მეუბნებოდა, რომ მომდევნო დღე არ გამითენდებოდა. თითქმის მთელი ავტობუსი, მათ შორის, ეს კაცი ჰომოფობიურ განცხადებებს აკეთებდნენ. რთულია იმ მომენტების გახსენება, მაგრამ მახსოვს რაღაც შეურაცხმყოფელი ტერმინები — საქართველოში ამათი ადგილი არ არის, როგორ მომრავლდნენ და ა.შ. მაგრამ დაზუსტებით მაინც ვერაფერს ვამბობ“, — ამბობს ის.

17 წლის მოზარდი აღნიშნავს, რომ ფეისბუკზე გამოქვეყნებული ვიდეოს გარდა, კიდევ ერთი ვიდეო აქვს, რომელსაც გამოძიების მიზნებიდან გამომდინარე არ ასაჯაროებს, თუმცა, მისი თქმით, აღნიშნულ კადრებში ავტობუსის სხვა მგზავრების მხრიდან თავდასხმის ფაქტებიც ჩანს. 

ლუკა აბლოთიას სამედიცინო შემოწმებას დღეს ჩაუტარებენ. ამბობს, რომ თითი სტკივა, თუმცა თავდასხმა განსაკუთრებით რთულია ემოციურად.

„შეძრწუნებული ამ კაცის ქმედების გამო კი არ ვარ, იმის წინასწარი მოლოდინიც მქონდა, რომ შესაძლოა ერთ დღეს მსგავსი თავდასხმა მოხდებოდა, მაგრამ რაც ავტობუსში ხდებოდა, ეს ხალხი რომ აქეზებდა, ჩემკენ მოსვლის, თავდასხმის საშუალებას რომ აძლევდნენ, ეგ იყო საშინელება. თანაც, როცა უკვე ხელი დამარტყა და პოლიციასთან საუბრისას ამის შესახებ ვეუბნებოდი, იყო ერთი ქალი, რომელიც ყვიროდა, არ დაურტყამსო და ვუთხარი, რატომ იტყუებით, თქვენს შვილისთვის გაეკეთებინათ იგივე, რას იზამდით-მეთქი და მითხრა, ჩემი შვილი ღირსი იქნებოდაო. დაახლოებით ისეთი სიტუაცია იყო, 100 ადამიანი რომ იყოს და 90 თავს გესხმოდეს“, — ამბობს ლუკა აბლოთია და აღნიშნავს, რომ ავტობუსში მყოფთაგან სულ რამდენიმემ დაუჭირა მხარი — „ავტობუსში ერთი უცხოელი ბიჭი იყო, რომელიც მხარდაჭერას ცდილობდა, მეუბნებოდა, რომ დავმშვიდებულიყავი, ვიცი, ეს რაც არის, მაგრამ ეცადე დამშვიდდე და ყურადღება არ მიაქციოო. იყო ორი ახალგაზრდა გოგოც, რომლებმაც მხარი დამიჭირეს და ხალხს ეუბნებოდნენ, რა დღეში ხართო“.

დაზარალებულის თქმით, არასრულწლოვანთა გამომძიებლები, რომლებიც საქმეში პირველი ეკიპაჟის ადგილზე მისვლის შემდეგ ჩაერთნენ, მის მიმართ კეთილგანწყობილნი იყვნენ.

„ეკიპაჟი, რომელიც მოვიდა, დიდად არ მომეწონა, თუმცა როცა უკვე გადამიყვანეს და არასრულწლოვანთათვის განკუთვნილი გამომძიებლები ჩაერთნენ, ისინი ძალიან კარგები იყვნენ, საჩივრის დაწერაშიც დამეხმარნენ, მხარდაჭერა გამომიცხადეს, თავისი საკონტაქტო ნომრებიც ჩამაწერინეს, რომ საჭიროების შემთხვევაში დავურეკო, მათთან პრობლემა არ მაქვს“, — გვეუბნება ლუკა.

ლუკა აბლოთიას თქმით, მისი ინფორმაციით, თავდამსხმელი ჯერ-ჯერობით დაკავებული არაა, თუმცა ადვოკატი დღეს გაარკვევს დამატებით დეტალებს და საქმეს იქამდე არ შეწყვეტს, სანამ მოძალადე არ დაისჯება.

პოლონელი მოზარდი ლგბტქი ადამიანების მხარდაჭერისთვის დააკავეს

პოლონელი მოზარდი, მალვინა ჩმარა, რომელიც ტროტუარზე ცარცით ლგბტქი თემის მხარდამჭერ სიტყვებს წერდა, დააკავეს. 17 წლის მალვინა პოლონეთის წვრილმან დანაშაულთა კოდექსის 63-ე მუხლის დარღვევაშია ბრალდებული, რომელიც “ადმინისტრატორის თანხმობის გარეშე საჯარო ადგილას რეკლამების, პლაკატების, ბუკლეტების, წარწერებისა ან ნახატების განთავსებას კრძალავს” და ჯარიმას ითვალისწინებს.

TVN24-ის ინფორმაციით, მოზარდი ამბობს, რომ ბაზრის მოედანზე დაინახა ადამიანები, რომლებსაც ხელში ლგბტქი თემის შეურაცხმყოფელი ბანერები ეჭირათ და ქვიარებს პედოფილებს ადარებდნენ.

მალვინამ მავნე რიტორიკა გააპროტესტა და ეკლესიის გარეთ, ტროტუარზე ყვითელი ცარცით დაწერა “შეეშვით ლგბტქი ადამიანებს”, ასევე, ჩამოწერა იმ მღვდლების სახელები, რომლებიც პედოფილიაში არიან ბრალდებულები.

“პოლიციამ მომთხოვა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, შემდეგ კი, მღვდლებთან შესახვედრად ეკლესიაში შევიდნენ. ნახევარი საათი ველოდი, სანამ პოლიცია ჩემი დაკავების გადაწყვეტილებას მიიღებდა. აგრესიული არ ვყოფილვარ, არ ვცდილობდი პოლიციისგან თავის დაღწევას. მათ ხელბორკილები დამადეს და მანქანამდე მიმიყვანეს”, — აღნიშნავს მოზარდი.

მან სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა და სხვებსაც მოუწოდა, არ შეეშინდეთ ლგბტქი უფლებების დაცვის.

“თუ გვინდა, რომ რამე შეიცვალოს, უნდა ავჯანყდეთ. რა თქმა უნდა, პოლიცია ამის შეჩერებას შეეცდება. ჯერ არ მსმენია სოციალური ცვლილებების შესახებ, რომლებიც საზოგადოების, პოლიციისა და მთავრობის სრული თანხმობით განხორციელდა“, — ნათქვამია ვიდეოში.

მალვინას დაკავებამ ბევრი ადამიანის აღშფოთება გამოიწვია. პოლონელი ლგბტქი აქტივისტი, ბარტ სტაშევსკი აცხადებს, რომ პოლიციის ბანდიტური ქცევა იმის ნიშანია, თუ რამდენად შეიცვალა პოლონეთი მემარჯვენე ხელისუფლების მმართველობის პირობებში.

“პოლიცია არ იცავს მოქალაქეებს, მათ წინააღმდეგ დგას”, — განაცხადა მან და დასძინა, რომ მიუხედავად ამისა, ლგბტქი თემის მხარდაჭერას უფრო მეტი ახალგაზრდა აგრძელებს.

სამხედროს ოჯახში მცხოვრებ LGBTQI მოზარდებს მენტალური გამოწვევების ბევრად მაღალი რისკი აქვთ — კვლევა

The Trevor Project-ის ახალი კვლევის მიხედვით, იმ ლგბტქი მოზარდებს, რომელთა მშობელიც სამხედრო პირია, მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევებისა და სუიციდის ბევრად მაღალი რისკი აქვთ.

2021 წლის ეროვნული გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ლგბტქი მოზარდების 5%-ის მშობელი იყო სამხედრო პირი და მათ შფოთვის 17%-ით უფრო მაღალი მაჩვენებელი აქვთ, ასევე 14%-ით უფრო მაღალი რისკი, რომ სუიციდზე იფიქრონ და მცდელობის 40%-ით მაღალი მაჩვენებელი. აღნიშნული განსხვავება ბევრად მწვავედ 18 წელს მიუღწეველ მოზარდებში გამოვლინდა.

ოჯახის მხარდაჭერა მდგომარეობას საგრძნობლად ცვლის. სამხედრო პირის ოჯახში მცხოვრებ იმ ლგბტქი მოზარდებს, რომელთაც მშობლები მხარს უჭერენ, შფოთვის 40%-ით დაბალი, დეპრესიის 56%-ით დაბალი და სუიციდის მცდელობის 46%-ით დაბალი მაჩვენებელი აქვთ.

„ოჯახის მხარდაჭერა მრავალი ფორმით ვლინდება, ახალგაზრდის ცხოვრებაში არსებულ პრობლემებზე ღიად საუბრის შესაძლებლობიდან დაწყებული, ლგბტქი მეგობრებთან საუბრის შესაძლებლობით ან მათთან საუბრისას სწორი ტერმინების გამოყენებით დამთავრებული“, — ნათქვამია კვლევის აღწერაში.

The Trevor Project-ის მკვლევრის, ჯონა დეჩანტის თქმით, კიდევ ერთი კვლევაა საჭირო, რომელიც სამხედრო პირთა ოჯახებში მცხოვრები ლგბტქი მოზარდების გამოცდილებათა მრავალფეროვნებას უკეთ ასახავს, მაგრამ „ერთი რამ ცხადია, მენტალური ჯანმრთელობის სპეციალისტებმა უნდა გაითვალისწინონ ლგბტქი ადამიანების ოჯახური მდგომარეობა და გამოსავლის ძიებისას აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით იხელმძღვანელონ“.

წყარო: The Advocate

არაინკლუზიური სასწავლო გარემო და დისკრიმინაციული კანონის არაეფექტური აღსრულება — IGLYO-ს ანგარიშის მიგნებები

ლგბტქი ახალგაზრდებისა და მოსწავლეთა საერთაშორისო ორგანიზაცია — IGLYO-მ, ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში ლგბტქი ინკლუზიური განათლების შესახებ ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოში არსებულ მდგომარეობასაც ასახავს.

კვლევის თანახმად, საქართველოში, ფაქტობრივად, არ არსებობს ინკლუზიური მიდგომა და ანტიდისკრიმინაციული კანონის ეფექტური აღსრულებაც არ ხდება. 

 „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონი კრძალავს დისკრიმინაციას, მათ შორის, საგანმანათლებლო მიმართულებით და სოგის საფუძველსაც ითვალისწინებს, თუმცა სქესობრივი მახასიათებლები გათვალისწინებული არაა. ზოგადი განათლებისა და უმაღლესი განათლების შესახებ კანონიც კრძალავს დისკრიმინაციას, მაგრამ არ ითვალისწინებს SOGIGESC [სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა, გენდერული გამოხატვა და სქესობრივი მახასიათებლები] საფუძველს. გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის 2019 წლის ანგარიშში აღნიშნულია, რომ ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის იმპლემენტაცია ეფექტურად არ ხდება“, — ვკითხულობთ IGLYO-ს ანგარიშში. 

ანგარიშის მიხედვით, არ არსებობს ანტი-ლგბტქი ბულინგთან ბრძოლისა და ინკლუზიურობის ხელშეწყობის ეროვნული პოლიტიკა ან სამოქმედო გეგმა, ამასთან, „SOGIGESC საკითხები სასწავლო კურიკულუმის ნაწილი არაა და როცა მათი ჩართვა ხდება, ძირითადად, ნეგატიური კუთხით განიხილება. მაგალითისთვის, 2020 წელს, სახალხო დამცველმა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს იმ სახელმძღვანელოების ჩანაცვლების რეკომენდაცია მისცა, რომლებიც ლგბტქი ადამიანებს ნეგატიურ, მასტიგმატიზებელ ჭრილში მოიხსენიებდა. უნივერსიტეტი დათანხმდა, იმავე წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქვიარ თეორიის სალექციო კურსი შემოიღეს. საქართველოში ისევ არ არის სავალდებულო სქესობრივი განათლება, სამოქალაქო განათლება და ადამიანის უფლებათა კურიკულუმი, რომელიც SOGIGESC საკითხებს ფარავს. აღნიშნულის შესახებ სახალხო დამცველმა ანგარიშში ჯერ კიდევ 2019 წელს ისაუბრა. ბოლო წლებში SOGIGESC საკითხების კურიკულუმში ასახვაზე დისკუსია გააქტიურდა, რასაც ულტრა-მემარჯვენე ჯგუფები ეწინააღმდეგებიან და სიძულვილის ენას ავრცელებენ”.

ანგარიში მასწავლებელთათვის ლგბტქი საკითხებთან დაკავშირებით სავალდებულო ტრენინგების არარსებობაზეც აკეთებს აქცენტს და აღნიშნულია ისიც, რომ „მასწავლებლებისა და ლგბტქი მუშაკებისთვის შესაბამისი გზამკვლევი არ არსებობს. ზოგიერთმა სკოლამ, შესაძლოა, თემისა და ახალგაზრდული აქტივობების შესახებ მოსწავლეებს ინფორმაცია მიაწოდოს, თუმცა ეს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ლგბტქი საკითხების შემცველი საინფორმაციო ბროშურები და პოსტერები სკოლის ტერიტორიაზე დაუშვებელია“. 

გარდა ამისა, ანგარიშში ნათქვამია, რომ სახელმწიფო ანტი-ლგბტქი ბულინგის შესახებ სტატისტიკას არ აწარმოებს, მეტიც, „2018 წელს, თანასწორობის მოძრაობას უნდოდა, რომ მასწავლებელთა ლგბტქი ადამიანების მიმართ დამოკიდებულების შესახებ კვლევა მოემზადებინა, თუმცა სკოლებმა და განათლების სამინისტრომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილეს“.  ასევე, მხარდაჭერის სისტემებზე საუბრისას აღნიშნულია, რომ სკოლებს პირდაპირი მხარდაჭერის სისტემა კი აქვთ, თუმცა „არასამთავრობო ორგანიზაციების თქმით, ისინი SOGIGESC საკითხებზე სპეციფიკურ ტრენინგს არ გადიან. ადგილობრივი უწყებები მოსწავლეებს არაპირდაპირი მხარდაჭერის სისტემით არ უზრუნველყოფენ“.

საქართველოში ინკლუზიური სასკოლო გარემოს ნაწილში ანგარიში დისკრიმინაციისა და ძალადობის ფესვგადგმულ მდგომარეობაზე აკეთებს აქცენტს და დისკრიმინაციის კუთხით არსებული მდგომარეობის განხილვისას WISG-ის 2016 წლის კვლევას იშველიებს. 

„დისკრიმინაცია და ძალადობა საქართველოში კვლავ გავრცელებულია. სიძულვილის ენის გამოყენებისთვის რელიგიური და პოლიტიკური ლიდერები დაუსჯელები რჩებიან. WISG-ის 2018 წლის კვლევის მიხედვით, მოსწავლეთა 16%-ს სკოლაში დისკრიმინაცია გამოუცდია, რისი მიზეზიც ხშირად იმგვარი გენდერული გამოხატვა იყო, რაც სოციალურ ნორმებთან თანხვედრაში არაა. კურიკულუმის გარდა დამატებითი აქტივობები სკოლაში არაა და ლგბტქი ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციებს სკოლის ტერიტორიაზე შეხვედრის ჩატარების უფლება არ ეძლევათ“, — ნათქვამია ანგარიშში.

IGLYO-ს კვლევის სრულად ნახვა აღნიშნულ ბმულზე შეგიძლიათ.