პოლიტიკა - Page 27

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება აქვს. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაცია  ხელისუფლების მართვის ყველა დონეზე ინსტიტუციონალიზებული დისკრიმინაციის გამოხატულებაა. ჰომოსექსუალური ურთიერთობების კრიმინალიზაციის მომწესრიგებელი კანონმდებლობა

/

ქორწინებისა და სამოქალაქო პარტნიორობის უფლება

მიიჩნევა  თუ არა ერთი და იმავე სქესის წყვილების სტაბილური ურთიერთობა ოჯახად? ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი ქორწინებისა და სამოქალაქო პარტნიორობის უფლებას იცავს.  ევროპულმა სასამართლომ საქმეზე – Vallianatos and Others v. Greece  განმარტა, რომ  ერთი და იმავე  სქესის წყვილების ურთიერთობა,

რუსული ტერორისტული რეჟიმი ადამიანების წინააღმდეგ

/

საქართველოში დემოკრატია შეიძლება გადაიხედოს და ბოლო ათწლეულში დამყარებული დღის წესრიგი 2024 წლის წინასაარჩევნო პერიოდში კიდევ ერთი რუსული კანონით შეივსოს. “ოჯახური ღირებულებებისა და ბავშვთა დაცვის

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის (APA) მხარდამჭერი დოკუმენტი ტრანსგენდერი ადამიანების სასარგებლოდ

//

28 თებერვალს ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციამ (APA) მიიღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს ტრანსგენდერი და არაბინარული ადამიანების გენდერის დადასტურების პროცედურას, რაც მოიცავს ემპირიულ და მტკიცებულებაზე დაფუძნებულ

რა წერია ანტიდასავლური მოძრაობის რუსულ კანონში “უცხოეთის აგენტების” შესახებ

/

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატების ანტიდასავლურმა ჯგუფმა, რომელმაც „ხალხის ძალა“ დაირქვა, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ ახალი კანონპროექტი შეიმუშავა. სავარაუდოდ, ეს არის ის პროექტი, რომლის შექმნაც მათ გასულ კვირას იმ მოტივით დააანონსეს, რომ მათ წინა პროექტს კრიტიკა მოჰყვა და ყველა ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ რუსული კანონი უწოდა. ქართული ოცნების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ამ ვერსიას მხარს არ დაუჭერენ, თუმცა მათი მხარდაჭერა აქვს პირვანდელ ვერსიას.


ახალი კანონპროექტის მიხედვით, “უცხოური ძალის აგენტი” განსაზღვრულია, როგორც:

უშუალოდ უცხოური ძალის კონტროლის, ბრძანების ან თხოვნის შესაბამისად ან პირდაპირ ან არაპირდაპირ, მთლიანად ან უმეტესწილად უცხოური ძალის მიერ კონტროლირებადი ან დაფინანსებული პირის კონტროლის, ბრძანების ან თხოვნის შესაბამისად მოქმედი ნებისმიერი პირი, რომელიც უშუალოდ ან სხვა პირის მეშვეობით:

  • “უცხოური ძალის” ინტერესებიდან გამომდინარე ჩართულია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ აქტივობებში;
  • “უცხოური ძალის” ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოში მოქმედებს როგორც საზოგადოებრივი ურთიერთობის საკითხების თაობაზე მრჩეველი, სარეკლამო აგენტი, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელი ან პოლიტიკური მრჩეველი;
  • “უცხოური ძალის” ინტერესებიდან გამომდინარე საქართველოში აფინანსებს სხვადასხვა სუბიექტს, სესხად გასცემს ფულს ან სხვა სახის ქონებას;
  • წარმოადგენს “უცხოური ძალის” ინტერესებს საქართველოს ხელისუფლების ორგანოებთან ურთიერთობის დროს;
  • “უცხოური ძალის აგენტად” ასევე ითვლება ნებისმიერი პირი, ვინც ჩამოთვლილ ქმედებებს ყოველგვარი ხელშეკრულების გარეშე ახორციელებს, ასევე, ნებისმიერი პირი, ვინც თავს “უცხოური ძალის აგენტად” წარმოაჩენს;
  • “უცხოური ძალის აგენტად” არ ითვლება მასობრივი ინფორმაციის საშუალება, თუ ის შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მისი ქონების არანაკლებ 80%-ის ბენეფიციარი მესაკუთრე საქართველოს მოქალაქეა და ის არ იმართება, არ ფინანსდება ან არ კონტროლდება უცხოური ძალის მიერ.

კანონპროექტის თანახმად, პოლიტიკურად ითვლება ნებისმიერი აქტივობა, რომელიც საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკის განსაზღვრასთან ან შეცვლასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების ორგანოზე, თანამდებობის პირზე ან საზოგადოების რომელიმე ნაწილზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად, აგრეთვე, უცხო ქვეყნის ხელისუფლების ან უცხო ქვეყნის პოლიტიკური პარტიის პოლიტიკასთან ან ინტერესთან დაკავშირებული ნებისმიერი აქტივობა. [აღნიშნული დათქმა რუსული კანონის ანალოგიურია. პოლიტიკური აქტივობის ფართო გაგება ყველა კრიტიკულ აქტორს მიემართება, რადგან ნებისმიერი ორგანიზაცია, რომელიც ქვეყანაში არსებულ გამოწვევებზე მუშაობს, ცდილობს, საზოგადოების ჩართულობა გაზარდოს ან / და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენა იქონიოს, რათა სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალოს].

აღნიშნული კანონის მიღების შემთხვევაში, ვალდებულებები არ ვრცელდება:

  • დიპლომატებსა და კონსულებზე, დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე;
  • უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებზე;
  • პირებზე, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევიან;
  • პირებზე, რომლებიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევიან; [აღნიშნული გამონაკლისი რუსული ვერსიის ანალოგიურია და კონტროლის შესაძლებლობას ქმნის. სავარაუდოდ, კეთილსინდისიერების შეფასება პროკურატურის პრეროგატივა იქნება].
  • “უცხოური ძალის” ადვოკატზე საადვოკატო საქმიანობის განხორციელების ფარგლებში;
  • აგენტზე, რომელიც ლობისტურ საქმიანობას ეწევა და ამ სუბიექტების წარმომადგენლობასთან დაკავშირებით დარეგისტრირებულია როგორც ლობისტი „ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

კანონპროექტით „უცხოური ძალა“ განმარტებულია როგორც:

  • უცხო ქვეყნის ხელისუფლება ან უცხო ქვეყნის პოლიტიკური პარტია;
  • საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ მყოფი პირი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირი საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირია და ცხოვრობდა საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეს პირი არ არის ფიზიკური პირი, შექმნილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და თავის საქმიანობას საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს;
  • იურიდიული პირი ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერი სხვაგვარი გაერთიანება, რომელიც შექმნილია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად ან რომელიც თავის ძირითად საქმიანობას უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე ახორციელებს;

[აღნიშნული გაგება რუსულ კანონთან არის შესაბამისობაში და როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისგან მიღებულ სარგებელს ითვალისწინებს].

პროექტის მიხედვით, პირი, რომელიც „უცხოური გავლენის აგენტის“ საქმიანობას ეწევა, ვალდებულია რეგისტრაციის შესახებ 10 დღის ვადაში მიმართოს საქართველოს გენერალურ პროკურორს და წარადგინოს შემდეგი მონაცემები:

  • განმცხადებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისამართი, ინფორმაცია ეროვნებისა და მოქალაქეობის შესახებ;
  • იურიდიული პირის ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერი სხვაგვარი გაერთიანების სახელწოდება, თითოეული დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის შესახებ ინფორმაცია;
  • განცხადებასთან ერთად წარდგენილი უნდა იყოს შესაბამისი იურიდიული პირის ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერი სხვაგვარი გაერთიანების წესდება;
  • იურიდიულ პირში ან ფიზიკურ პირთა ნებისმიერ სხვაგვარ გაერთიანებაში დასაქმებული ყველა პირის ვინაობა;
  • ყველა იმ “უცხოური ძალის” ვინაობა / დასახელება და მისამართი, რომლის სასარგებლოთაც განმცხადებელი მოქმედებს;
  • “უცხოური ძალის” სასარგებლოდ შესრულებული სამუშაოს აღწერილობა;
  • ინფორმაცია “უცხოური ძალისგან” მიღებული დაფინანსების შესახებ, ასევე, “უცხოური ძალის” მიერ განმცხადებლის მიმართ განხორციელებული მაკონტროლებელი და საზედამხედველო ღონისძიებების შესახებ;
  • ინფორმაცია “უცხოურ ძალასთან” გაფორმებული წერილობითი და ზეპირი ხელშეკრულებების შესახებ, ასევე, ინფორმაცია ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე განმცხადებლის მიერ განხორციელებული ქმედებების შესახებ;
  • განცხადებასთან ერთად, წარდგენილი უნდა იყოს წერილობითი ხელშეკრულებების ასლები;
  • დეტალური ინფორმაცია იმ ფულადი თანხისა და ქონების ხარჯვის შესახებ, რაც განმცხადებელმა “უცხოური ძალისგან “მიიღო;
  • განცხადებასთან ერთად წარსადგენი სხვა დოკუმენტების ნუსხა, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საჯარო ინტერესების დაცვის აუცილებლობის გათვალისწინებით, საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ განისაზღვრება. [აღნიშნული დათქმა რუსული კანონის მსგავსია და გულისხმობს, რომ სახელმწიფოს ორგანიზაციისთვის დამატებითი პასუხისმგებლობის დაკისრება და დამატებითი ინფორმაციის წარდგენის მოთხოვნა შეუძლია].

გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის აგენტი“ ვალდებულია, საქართველოს გენერალურ პროკურორს ინფორმაციის უკანასკნელად წარდგენიდან ყოველი 6 თვის შემდეგ, 1 თვის ვადაში წარუდგინოს განახლებული ინფორმაცია. ამასთან, გენერალური პროკურორი უფლებამოსილი იქნება, „უცხოური ძალის აგენტს“ ინფორმაციის წარდგენა უფრო მცირე დროის ინტერვალებით მოსთხოვოს. ყველა წარდგენილი ინფორმაცია და დოკუმენტი საჯარო იქნება. [აღნიშნული უფლებამოსილება რუსულ კანონშიც განსაზღვრულია და სახელმწიფოს საშუალებას აძლევს წელიწადში მრავალჯერ მოითხოვოს ინფორმაციის წარდგენა]. 

კანონპროექტში აღნიშნულია ისიც, რომ “უცხოური ძალის” ინტერესებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის ფოსტით ან სხვა საშუალებით გამოყენებით გაგზავნისას „უცხოური ძალის აგენტი“ ვალდებულია, რომ იგივე ინფორმაცია არაუგვიანეს 48 საათისა გენერალურ პროკურორსაც წარუდგინოს. ამასთან, ნათქვამია, რომ „დაუშვებელია უცხოური ძალის აგენტმა საქართველოს ხელისუფლების ორგანოს ან თანამდებობის პირს უცხოური ძალის ინტერესებიდან გამომდინარე და მის სასარგებლოდ საქართველოს საშინაო ან საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებული ინფორმაციის მისაღებად იმგვარად მიმართოს, რომ წინასწარ არ განაცხადოს მისი უცხოური ძალის აგენტად რეგისტრაციის შესახებ“.

ასევე, „საქართველოს პარლამენტში შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიისთვის უცხოურ ძალასთან დაკავშირებული ახსნა-განმარტების მიცემამდე, უცხოური ძალის აგენტი ვალდებულია კომისიას წარუდგინოს უახლესი ინფორმაცია მისი უცხოური ძალის აგენტად რეგისტრაციის შესახებ“.

კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს უნდა დაემატოს შემდეგი შინაარსის მუხლი:

 „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით 5 წლამდე“.

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატების მიერ შექმნილი ანტიდასავლური დაჯგუფების კანონპროექტს მრავალი საერთო აქვს რუსულ „უცხოეთის აგენტების“ კანონთან და კრიტიკულად განწყობილი სამოქალაქო საზოგადოებას საფრთხეს უქმნის.

ნახეთ სრულად: რუსეთის გზა “უცხოეთის აგენტების” შესახებ კანონის მიღებიდან დღემდე

ასევე წაიკითხეთ: რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი — 286 მედიისა და NGO-ს ერთობლივი განცხადება

რუსეთის გზა “უცხოეთის აგენტების” შესახებ კანონის მიღებიდან დღემდე

/

ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატებმა, ღიად ანტიდასავლურმა მოძრაობამ, რომლის წევრებმაც “ხალხის ძალა” დაირქვეს და მმართველი ძალის ინტერესების გატარებას ღიად ცდილობენ, პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტი, რომლის მიხედვით, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც „უცხოური ძალისგან“ ფინანსდებიან, „უცხოური გავლენის აგენტად“ დარეგისტრირება მოუწევთ.

მათი მტკიცებით, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც აღნიშნული კანონპროექტი შეიმუშავეს, „გამჭვირვალობაა“. კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური გავლენის აგენტად“ ითვლება ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია და მედიასაშუალება, რომელიც შემოსავლის 20%-ზე მეტს უცხოეთიდან იღებს. აღნიშნულ სიაში არ აღმოჩნდებიან მხოლოდ ერთეულები.

კანონპროექტის ღიად მხარდამჭერი ქართული ოცნება და ე.წ. ხალხის ძალა საუბრობენ დოკუმენტის კავშირზე ამერიკულ და უნგრულ ვერსიასთან და არ ეთანხმებიან აზრს, რომ ინიციატივას კავშირი აქვს რუსულ ვერსიასთან. უმრავლესობის წევრები ასევე აღნიშნავენ, რომ კანონი არ შეზღუდავს ორგანიზაციების საქმიანობას, თუმცა გასათვალისწინებელია საზოგადოების დამოკიდებულება უფლებადამცველებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რასაც მკვეთრად გააუარესებს მათი დაკავშირება, გაიგივება უცხოეთის ინტერესებთან, აგენტურასთან. თანაც, სამოქალაქო საზოგადოების შემზღუდავი სამართლებრივი ჩარჩო ერთი ხელის მოსმით თითქმის არასდროს ახშობს თავისუფალ ხმას — ეს არის ხანგრძლივი ცვლილებების, დამატებებისა და შესწორებების პროცესი, რომელიც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო რეგრესირდება და ისეთი განვითარებადი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, აფერხებს სოციალური, ეკონომიკური, დემოკრატიული განვითარების პროცესს, აუარესებს ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებულ მდგომარეობას და საბოლოოდ ხელისუფლებების ხელში მძლავრ მაკონტროლებელ იარაღად იქცევა.

„უცხოეთის აგენტების“ შესახებ კანონი რუსეთშიც ფინანსური გამჭვირვალობის საბაბით მიიღეს და მას შემდეგ განვლილ 10 წელზე თვალის გადავლებით ნათელი ხდება, როგორ მკაცრდებოდა, უარესდებოდა საკანონმდებლო ჩარჩო და საბოლოოდ როგორ მივიდა მდგომარეობა სამოქალაქო საზოგადოების გაჩუმებამდე.

https://www.facebook.com/100041686795244/videos/742551490709857

როგორ იწყებოდა ყველაფერი რუსეთში

რუსეთში არასამთავრობო სექტორის შეზღუდვის საშიში ტენდენცია ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწყო, როცა სამართლებრივ აქტებში გაჩნდა დამატებები, რომლებიც ორგანიზაციების რეგისტრაციასა და საქმიანობას ფართო, ბუნდოვნად განსაზღვრულ ჩარჩოს უწესებდა. მათ შორის, ორგანიზაციის რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძველი გაფართოვდა და შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: რეგისტრაციაზე უარს მიიღებდა ორგანიზაცია, რომლის მიზნები და ამოცანები რუსეთის ფედერაციის სუვერენიტეტს, პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, ტერიტორიულ მთლიანობას, ეროვნულ ერთობას, უნიკალურ მახასიათებლებს, კულტურულ მემკვიდრეობასა და ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს უქმნიდა. ამასთან, ორგანიზაციები ვალდებულნი გახდნენ, ყოველწლიური აუდიტის შედეგები, ფონდებისა და აქტივობების შესახებ დეტალური ანგარიში, დაფინანსების წყარო და მიზნები, ასევე, მოთხოვნის შესაბამისად, ორგანიზაციის ყოველდღიური საქმიანობის შესახებ ინფორმაცია აღერიცხათ და წარედგინათ. გარდა ამისა, ხელისუფლების წარმომადგენლებს უფლება მიეცათ, გამართულ ღონისძიებებს სურვილისამებრ დასწრებოდნენ.

2009 წელს, მას შემდეგ, რაც ბარაკ ობამა რუსეთს ეწვია, რათა ადამიანის უფლებების მიმართულებით არსებული მდგომარეობა შეეფასებინა, კანონი მცირედით შერბილდა. მათ შორის, უარის თქმის კანონით განსაზღვრული საფუძვლებიდან ნაწილი ამოიღეს და ორგანიზაციებს აუდიტის წარდგენის ვალდებულება 3 წელში ერთხელ განესაზღვრათ.

2012 წელს, როცა პუტინი 4-წლიანი პაუზის შემდეგ პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნდა, რასაც მასობრივი საპროტესტო ტალღა მოჰყვა, არასამთავრობო სექტორისთვის დაწესებული შეზღუდვები რადიკალურად გამკაცრდა. იმავე წლის ნოემბერში ძალაში შევიდა დამატებები, რომლებიც უცხოეთიდან დაფინანსებულ ორგანიზაციებს, რომლებიც „პოლიტიკურ აქტივობებში“ მონაწილეობდნენ, უცხოეთის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა. „პოლიტიკური აქტივობების“ ბუნდოვანი შინაარსი, რომელიც ცხადად განსაზღვრულ ქმედებებს არ გულისხმობდა, შესაძლებლობას ქმნიდა, რომ ის ორგანიზაციებიც კი, რომლებიც პოლიტიკურ საქმიანობას არ ეწეოდნენ, „უცხოეთის აგენტად“ სახელდებულიყვნენ.

სამართლებრივი ცვლილებების შემდეგ, „უცხოეთის აგენტებს“ კანონით დაევალათ შემდეგი:

  • კვარტალური ფინანსური ანგარიშის წარმოება განხორციელებული პოლიტიკური აქტივობების შესახებ და ყოველწლიური აუდიტის წარდგენა;
  • დოკუმენტების წარმოება, რომლებშიც აღწერილი იქნებოდა ორგანიზაციის მმართველი ორგანოს შემადგენლობა და ნახევარ-წლიური აქტივობები;
  • გეგმური აუდიტის წარდგენის ყოველწლიური ვალდებულების მიუხედავად, „უცხოეთის აგენტების“ დაუგეგმავი აუდიტი შეიძლება დაუგეგმავად, შეუზღუდავი რაოდენობით განხორციელებულიყო;
  • პოლიტიკური აქტივობები უნდა შეთანხმებულიყო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სანამ ორგანიზაციას მათში მონაწილეობის უფლება მიეცემოდათ;
  • “უცხოეთის აგენტად” რეგისტრირებაზე უარის თქმის შემთხვევაში, ორგანიზაციებს შეეზღუდებოდათ საჯარო დემონსტრაციებში მონაწილეობა, საბანკო ანგარიშებზე წვდომა და დაეკისრებოდათ ჯარიმა 300 ათას რუბლამდე (დღევანდელი კურსით დაახლოებით 10 500 ლარი) ან თანამშრომლებს დაემუქრებოდათ პატიმრობა 2 წლამდე ვადით;
  • 200 ათას რუბლზე (7 ათასი ლარი) მეტი ოდენობის დონაცია სავალდებულო მონიტორინგს დაექვემდებარებოდა;
  • გარდა ამისა, „უცხოეთის აგენტები“ ვალდებულნი გახდნენ, მედიაში, ინტერნეტში ნებისმიერი მასალა შესაბამისი მითითებით გამოექვეყნებინათ;
  • ხოლო კანონის დარღვევის შემთხვევებზე ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების ფედერალური სააგენტოს იურისდიქცია გავრცელდა.

„პოლიტიკური აქტივობის“ საკანონმდებლო განმარტება მოიცავდა ხელისუფლების დღის წესრიგზე გავლენასა და ამ დღის წესრიგის შესახებ საზოგადოებრივ აზრის შეცვლის მცდელობას. აღნიშნული სამართლებრივი გაგება ფაქტობრივად ფარავს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რადგან ადამიანის უფლებების, გარემოსდაცვითი თუ ნებისმიერი სხვა პოლიტიკური თუ სოციალური ორგანიზაცია ცდილობს, ერთი მხრივ, საზოგადოების ყურადღება მიმართოს გამოწვევებისკენ და, მეორე მხრივ, გადაწყვეტილებების მიმღებებს დღის წესრიგის გადახედვისკენ მოუწოდოს.

„უცხოური გავლენის  აგენტების“ შესახებ კანონი ითვალისწინებდა გამონაკლისებსაც, მათ შორის, ღონისძიებებს, რომლებიც მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, ჯანმრთელობის, სოციალური ასისტირების, დედებისა და ბავშვების დაცვის, შშმ პირების მხარდაჭერის, გარემოს დაცვის, ფილანთროპიის, მოხალისეობის საკითხებს მოიცავდა. თუმცა, ამ მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციებსაც კი არ ჰქონდათ აბსოლუტური იმუნიტეტი — მაგალითად, თუ გარკვეულ საკითხზე ორგანიზაცია ხელისუფლებას გააკრიტიკებდა, საპროტესტო დემონსტრაციას დაგეგმავდა ან პოლიტიკური პროცესის კრიტიკის სხვა ხერხს მიმართავდა, მისი სტატუსი განისაზღვრებოდა, როგორც “პოლიტიკურ აქტივობებში ჩართული”.

Amnesty International-ის 2016 წლის კვლევაში, სახელწოდებით “ხალხის აგენტები: 4 წელი რუსეთში „უცხოეთის აგენტების“ კანონის მიღებიდან: საზოგადოებისთვის დამდგარი შედეგი”, აისახა 15 არასამთავრობო ორგანიზაციის გართულებული მდგომარეობა მას შემდეგ, რაც „უცხოეთის აგენტების“ სიაში აღმოჩნდნენ. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ კვლევაში ნახსენები არაერთი ორგანიზაცია სწორედ გამონაკლისი მიმართულებების სიაში იყო, მათ შორის, გარემოსდაცვით თუ სამეცნიერო საქმიანობას ეწევიან.

კვლევის თანახმად, „უცხოეთის აგენტების“ სიაში პირველ 4 წელში მოხვდა სულ მცირე 21 გარემოსდაცვითი, 10 მეცნიერების, განათლების პოპულარიზაციის ხელშემწყობი და კვლევით საქმიანობაში ჩართული ორგანიზაცია და 6 საგანმანათლებლო წამოწყება, რომელიც სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა ხსოვნის შემონახვას ისახავდა მიზნად. სიაში ფოტოგრაფიის კლუბიც კი აღმოჩნდა. ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ორგანიზაციების, რომლებიც წესით გამონაკლისის სახით „უცხოურ აგენტად“ არ უნდა ჩათვლილიყვნენ. რა თქმა უნდა, სიის მიღმა არ დარჩნენ ადამიანის უფლებების მიმართულებით მომუშავე ორგანიზაციები, რომლებიც პატიმრების უფლებებს იცავდნენ, წამებისგან დაცვისთვის სწევდნენ ძალისხმევას. გარდა ამისა, სიაში მოხვდა სულ მცირე 6 ქალთა უფლებების დაცვის, 12 ჟურნალისტიკის ხარისხის უზრუნველყოფის, 8 მკვიდრი მოსახლეობისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობითი, 2 ლგბტქი, 2 მიგრანტების, ლტოლვილებისა და თავშესაფრის მაძიებელი ადამიანების მხარდამჭერი ორგანიზაცია. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციების დიდი ნაწილი, მიუხედავად სამართლებრივი დათქმისა, სიაში მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა, რომ უცხოეთიდან ფინანსდებოდა და არა მათი პოლიტიკური აქტივობის გამო.

შედეგად, კანონის გამკაცრებიდან კვლევის მომზადებამდე გასულ 3 წელში (2012-2015 წლები) უცხოეთის აგენტად რეგისტრირებული 148 ორგანიზაციიდან 27 დაიხურა. ორგანიზაციებისთვის გამოწვევად იქცა ფონდების მოძიება და მათი სამოქმედო არეალი მნიშვნელოვნად შეიზღუდა, რადგან მთელი რიგი აკრძალვები გაჩნდა. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად გაუარესდა საზოგადოებრივი განწყობაც.

Amnesty International-ის რუსული ოფისის იმდროინდელი დირექტორის,  სერგეი ნიკიტინის თქმით, რუსეთის შორსმიმავალ ინტერესებში კრიტიკული, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და ძლიერი არასამთავრობო ორგანიზაციები არ შედიოდა. მათ სახელისუფლებო უწყებებზე მიბმული ორგანიზაციები აწყობდათ.

„უცხოეთის აგენტების“ კანონი იმისთვის შეიქმნა, რომ შეებოჭა, სტიგმა გაეძლიერებინა და საბოლოოდ კრიტიკული არასამთავრობო ორგანიზაციები გაეჩუმებინა“, — აღნიშნავს სერგეი ნიკიტინი.

2017 წლიდან, ალექსეი ნავალნის მიერ ორგანიზებული მასობრივი ანტიკორუფციული საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, პუტინმა პირდაპირი თავდასხმა დაიწყო თავისუფალ მედიაზეც.

პირდაპირი თავდასხმა მედიაზე

მედიის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმად, ყველა უცხოური მედია შეიძლებოდა „უცხოეთის აგენტთა“ სიაში შეეყვანათ და მათთვისაც იგივე შეზღუდვები დაეწესებინათ, რაც იქამდე არასამთავრობო ორგანიზაციებს ჰქონდათ. „უცხოეთის აგენტის“ სტატუსის მინიჭების მთავარ კრიტერიუმად უცხოური დაფინანსება იქცა. „უცხოეთის აგენტი“ მედიები ვალდებულები გახდნენ, რომ გამოქვეყნებული მასალებისთვის შესაბამისი იარლიყი დაერთოთ:


„მოცემული გზავნილი (მასალა) შეიქმნა ან / და ვრცელდება უცხოური მედია ორგანიზაციის მიერ, რომელიც უცხოური აგენტის ფუნქციას ასრულებს, ან / და რუსული იურიდიული პირის მიერ, რომელიც უცხოეთის აგენტის ფუნქციას ასრულებს“.


გარდა კვარტალური დაწვრილებითი ფინანსური ანგარიშების წარდგენის ტვირთისა, ცვლილებამ მედია ორგანიზაციებს დამატებითი გამოწვევებიც შეუქმნა — გართულდა ურთიერთობა პოლიტიკურ პირებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თუ რიგით რესპონდენტებთან, რომლებსაც არ სურდათ, რაიმე ფორმით დაკავშირებული ყოფილიყვნენ „უცხოეთის აგენტებთან“.

კანონი სულ უფრო მკაცრდებოდა და მალე საფრთხე შეექმნა ზოგადად ყველა დამოუკიდებელ მედია გამოცემას. უცხოური დაფინანსების დათქმაც კი იმდენად გაფართოვდა, რომ ნებისმიერი სახის აქტივობა, იქნებოდა ეს საერთაშორისო შეხვედრებზე უცხოური ფინანსებით დასწრება თუ უცხოეთში მცხოვრები ადამიანისგან მიღებული ფინანსური სარგებელი, “აგენტად” შერაცხვის მიზეზად იქცა. 

2019 წლიდან „უცხოეთის აგენტების“ კანონი გავრცელდა ინდივიდებზეც და კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტები სიაში აღმოჩნდნენ. 2021 წელს, მას შემდეგ, რაც ნავალნის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა, კანონი კიდევ გაფართოვდა და ნებისმიერი იმ გამოცემის დაჯარიმების შესაძლებლობა გაჩნდა, რომელიც „უცხოეთის აგენტების“ მასალებს გააზიარებდა და არ დაურთავდა მათ სტატუსს.

International Press Institute-ის თანახმად, „2021 წლის ბოლოსთვის დაახლოებით 1500 აქტივისტი და ჟურნალისტი იძულებული გახდა, რომ ქვეყანა დაეტოვებინა. 100-ზე მეტი იურიდიული პირი და ინდივიდი გამოცხადდა მედია ორგანიზაციად, რომელიც „უცხოური აგენტი“ იყო. ქვეყანაში დარჩენილები კი ხშირად იძულებულები იყვნენ, რომ თვითცენზურისთვის მიემართათ, რათა მუშაობის გაგრძელების შესაძლებლობა ჰქონოდათ“.

2022 წელს, რუსეთის უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრისა და ომის გამოცხადების შემდეგ, პუტინისთვის ინფორმაციის გავრცელებაზე კონტროლის დამყარება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა, ამიტომ კანონი კიდევ ერთხელ გაფართოვდა.

უცხოეთის აგენტად გამოცხადების საფუძველი მხოლოდ უცხოური დაფინანსება კი არა, უბრალოდ „უცხოური გავლენის“ ქვეშ ყოფნაც გახდა. გარდა ამისა, დაიწყო ცალკე სიის წარმოება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც „უცხოეთის აგენტებთან არიან დაკავშირებული“. აღნიშნული სია მოიცავს „აგენტი“ ორგანიზაციის დამფუძნებელს, ლიდერს, მონაწილეს, წევრს, დასაქმებულს, ასევე, ადამიანებს, რომელთაც დაფინანსება მიუღიათ „უცხოეთის აგენტებისგან“.

ახალი ცვლილებებით კიდევ უფრო გაფართოვდა პოლიტიკური აქტივობის მნიშვნელობაც. მაგალითად, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის მიმართულებით მომუშავე ნებისმიერი ორგანიზაცია ავტომატურად პოლიტიკურ აქტივობაში ჩართულად ითვლება. იმ გამონაკლის მიმართულებებსაც კი, რომლებიც 2012 წლის შესწორებებით განისაზღვრა, სპეციალური მითითება დაემატა, რომელიც ითვალისწინებს ეროვნულ ინტერესებთან, სამოქალაქო სამართალთან, რუსეთის ფედერაციასთან და კონსტიტუციით განსაზღვრულ სხვა ღირებულებებთან წინააღმდეგობის გამორიცხვას.

რა ხდება რუსეთში ახლა და რა შეიძლება მოხდეს საქართველოში?

ამ დროისთვის რუსეთის „უცხოეთის აგენტების“ სიაში 637 სუბიექტია, მათ შორის, 81 არაკომერციული ორგანიზაცია, 190 უცხოური მედია და ინდივიდი, 11 დაურეგისტრირებელი ასოციაცია, 62 ინდივიდი და 77 არასასურველი ორგანიზაცია.

მხოლოდ 2021 წლის შემდეგ 12 მედია საშუალება, 56 ჟურნალისტი და 12 არაკომერციული ორგანიზაცია გამოცხადდა „უცხოეთის აგენტად“.

პუტინის რუსეთში თავდაპირველად კანონის მიღების მიზეზად ფინანსური გამჭვირვალობა და კორუფციასთან ბრძოლა დაასახელეს, თუმცა ნათელია, რომ რამდენიმე ვადით პრეზიდენტის პოსტზე დაბრუნებულ პუტინს საწინააღმდეგო პროტესტების ჩახშობა, სამოქალაქო საზოგადოების გაკონტროლება, ინფორმაციის გავრცელებაზე კონტროლის დამყარება და ყველაზე მთავარი — საზოგადოებრივი აზრის შეცვლა სურდა. 2012 წლიდან დღემდე გასული 10 წელზე მეტი აჩვენებს, რომ რუსეთის ავტორიტარმა მმართველმა შეძლო და არასამთავრობო სექტორისთვის მუშაობა შეუძლებელი ან / და სარისკო გახადა.

რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის მიერ 2022 წელს ჩატარებული გამოკითხვა ცხადყოფს, რომ საზოგადოებრივი აზრი „უცხოეთის აგენტებთან“ დაკავშირებით სწორედ იმგვარია, როგორიც პუტინს სურს.

კითხვაზე, რა ასოციაციები გაქვთ ფრაზაზე „უცხოეთის აგენტი?“ პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა:

  • ნეგატიური, უსიამოვნო ასოციაციები — 15%
  • ჯაშუში — 14%
  • სამშობლოს მოღალატე — 7%
  • მტერი / ხალხისა და სახელმწიფოს მტერი — 6%
  • სხვა ქვეყნის ინტერესების შესაბამისად მოქმედება — 4%
  • ფულის უცხოეთიდან მიღება — 3%
  • რუსეთის წინააღმდეგი / მტერი — 3%
  • უცხოეთის დაზვერვა / საიდუმლო სამსახური — 3%
  • შევიწროება / დევნა სახელმწიფოს მხრიდან — 2%
  • ხელისუფლების წინააღმდეგ / ოპოზიცია / დისიდენტი — 2%
  • მედია / ჟურნალისტები — 2%
  • ხელისუფლების დამხობის მცდელობა — 2%
  • უცხოელი / სხვა ქვეყნის მოქალაქე — 2%
  • პოზიტიური ასოციაცია / დადებითი დამოკიდებულება — 2%
  • ასოციაციის არქონა — 11%
  • სხვა — 5%
  • მიჭირს პასუხის გაცემა —24%

რუსეთში „უცხოეთის აგენტების“ კანონის მიღებიდან გავლილი 10 წელზე მეტი — ქვეყნის წამყვანი ორგანიზაციების დახურვის ფაქტები, ქვეყნიდან სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების წასვლა, საზოგადოებრივი აზრის კვლევები, რომლებიც აჩვენებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის „უცხოეთის აგენტის“ მარკერით მონიშვნა უარყოფით, მოღალატეობრივ ასოციაციებს იწვევს ან საფრთხისშემცველ წარმოდგენებს აღძრავს და შედეგად დამდგარი რეალობა, რომელიც მხოლოდ სახელისუფლებო პროპაგანდაზე, გაყალბებულ ინფორმაციაზე დგას მხოლოდ მცირედ წარმოდგენას იძლევა იმ სახიფათო გზაზე, რომელსაც საქართველო ახლა გადის. პუტინის რუსეთმა არასამთავრობო სექტორისა და მედიის გაჩუმების ათწლოვანი (უფრო მეტი, თუ ამ ათვლას 2006 წლიდან დავიწყებთ) გზა გაიარა, რაც ბუნებრივია აჩენს კითხვას, როგორი მდგომარეობა იქნება საქართველოში 10 წლის შემდეგ?

გამოყენებული მასალები: International Press Institute / Amnesty International / Inoteka / Freedom House

ანტიდასავლური მოძრაობა კანონპროექტის “ამერიკულ” ვარიანტს აანონსებს — მდინარაძის თქმით, მხარს არ დაუჭერენ

/

ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატებმა და ანტიდასავლური მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრებმა პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ ისინი ახალი, ალტერნატიული კანონპროექტის წარდგენას გეგმავენ. ხალხის ძალის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ეს იქნება ამერიკული კანონის უცხოური აგენტის რეგისტრაციის აქტის შესახებ პირდაპირი თარგმანი.

ხუნდაძე ამტკიცებს, რომ ამჟამინდელ კანონპროექტს არაფერი აქვს საერთო რუსულ კანონთან, ხოლო ალტერნატიული კანონპროექტის ინიცირების მიზეზად „აქტიურ, ისტერიულ სპეკულაციებს” ასახელებს.

ახალ კანონს პირდაპირ ვთარგმნით და ისე დავაინიციირებთ. ამისთვის ერთი-ორი დღე დაგვჭირდება. მინდა გითხრათ, რომ თავიდან, როდესაც ხალხის ძალის დეპუტაციამ ამ შინაარსის კანონის წარდგენის გადაწყვეტილება მივიღეთ, ის უმრავლესობის ლიდერს გავაცანით. ამ შეხვედრას ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარეც ესწრებოდა. თავიდან შევთავაზეთ, პარლამენტისთვის განსახილველად კანონის ამერიკული ვარიანტის პირდაპირი ანალოგი წარგვედგინა, მაგრამ მათ შემოგვთავაზეს, უფრო ლიბერალური კანონი განგვეხილა და არა — პირდაპირ ამერიკული კანონპროექტი. მათი შემოთავაზება მივიღეთ, უფრო ლიბერალური კანონპროექტი შევიმუშავეთ, რომელიც ამერიკულ ვარიანტს ეფუძნებოდა და პარლამენტში წარვადგინეთ. საკომიტეტო სხდომაზე მისი განხილვაც არ დაწყებულა, რომ აქტიური, ისტერიული სპეკულაცია დაიწყო, თითქოს ის რუსული კანონის ანალოგია, რაც, რეალურად, ასე არ არის.

ჩვენს ბრიფინგზე საზოგადოებას გავაცანით, თუ რით განსხვავდება ქართული კანონი ამერიკული და რუსული ვარიანტისგან — რომ ის იყო უფრო ლიბერალური, არავითარი აკრძალვის მექანიზმები ჩვენ მიერ ინიცირებულ, ლიბერალურ ქართულ ვარიანტში არ იკითხებოდა და შიშები, თუ სპეკულაციები აბსოლუტურად უსაფუძვლო იყო. მაგრამ, რადგან ასე განვითარდა მოვლენები, მივიღეთ გადაწყვეტილება — წმინდა ამერიკული ვარიანტი, ერთი ერთში ნათარგმნი, ალტერნატიული პროექტის სახით წარმოვადგინოთ. ასე რომ, გვექნება იმაზე მეტი არჩევანი, ვიდრე აქამდე გვქონდა და საზოგადოებასაც და ჩვენს ოპონენტებსაც მსჯელობის მეტი საშუალება ექნებათ. აქედან გამომდინარე, მათ სპეკულაციის საშუალება აღარ დარჩებათ.

ვიტოვებ იმედს, რომ უმრავლესობა — ქართული ოცნება ამ კანონპროექტს მხარს დაუჭერს და ვიმედოვნებ, რომ ჩვენს ოპონენტებს სპეკულაციის საფუძველი არ ექნებათ, შესაბამისად, მათგანაც მივიღებთ მხარდაჭერას”, — ვკითხულობთ ხუნდაძის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.
ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე ირწმუნება, რომ კანონპროექტის ახალ ვარიანტს მათი მხარდაჭერა არ ექნება, რადგან აღნიშნული კანონი “მეტისმეტად ხისტი და ადამიანის უფლებებთან შეუთავსებელია”.

“ამერიკულ ვარიანტს, ასე პირდაპირ გადმოთარგმნილს და გადმოკოპირებულს, ჩვენი მხარდაჭერა არ და ვერ ექნება. სწორედ ამის გამო მართლაც იყო შეხვედრა ამასთან დაკავშირებით და მათ დააფიქსირეს პრინციპების დონეზე თავიანთი პოზიცია, რომ სურდათ ამერიკულის კოპირებული ვარიანტის შემოტანა ინიციატივის სახით.

ჩვენ მათ ვუთხარით, რომ ამ შემთხვევაში ვერ იქნებოდა ჩვენი მხარდაჭერა, რადგან მართლაც ძალიან მკაცრია, ძალიან ხისტია, შეუთავსებელია ადამიანების უფლებებთან, პირდაპირ ვამბობთ, ყოველგვარი გადაჭარბებისა და მორიდების გარეშე. ამდენად მკაცრი კანონმდებლობა ამ სფეროში, მე მგონია, მართლა დააზიანებს ენჯეო სექტორის ინტერესებს და ზოგადად, საზოგადოებრივ ინტერესებს.

აქედან გამომდინარე, ჩვენ მაშინ მათ ვთხოვეთ, რომ აკრძალვები და შეზღუდვები საერთოდ ამოეღოთ. კი ბატონო, მათ ეს გააკეთეს და ამის მიუხედავადაც კი, ამხელა ამბავი ატყდა, სიტყვა აგენტს მოჰკრეს ყური და რამხელა ლუსტრაცია მოხდა გარკვეული ჯგუფების, ხედავთ ამ ყველაფერს”, — განაცხადა მდინარაძემ.

“უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ პარლამენტში უკვე რეგისტრირებული კანონპროექტის თანახმად, “უცხოური გავლენის აგენტად” უნდა დარეგისტრირდეს ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი “უცხოური ძალებიდანაა”.

გარდა ამისა, “უცხოური გავლენის აგენტის” გამოსავლენად, იუსტიციის სამინისტროს ექნება მონიტორინგის შესაძლებლობა. მონიტორინგის ფარგლებში, მას მიენიჭება ყველა მისთვის საჭირო ინფორმაციის, მათ შორის, პერსონალური მონაცემების მოპოვებისა და დამუშავების უფლება. სამინისტროს ასევე მიენიჭება დაჯარიმებისა და ორგანიზაციების იძულებითი რეგისტრაციის უფლებამოსილება. სწორედ მსგავსი კანონის საფუძველზე დევნიან რუსეთში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს.

ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ კანონპროექტი არ შეესაბამება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და შინა ეროვნული დაცვის სტანდარტებს და თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს ძირითად პრინციპებთან შეუთავსებელია.

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის განცხადებით, ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით, “უცხოური აგენტი“ შეიძლება ასოცირებულ იქნას “უცხოელ ჯაშუშთან” და “მოღალატესთან”, რაც გაართულებს მსგავსი დახასიათების ქვეშ მოქცეულ პირებთან საზოგადოების და განსაკუთრებით, ხელისუფლების წარმომადგენლების თანამშრომლობას და შედეგად, მათ ჩართულობას პოლიტიკურ ცხოვრებაში, ხოლო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ეჭვქვეშ აყენებს ანტიდასავლური მოძრაობის მიერ წარდგენილი პროექტის თავსებადობას დემოკრატიულ და ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან.

“ჩვენ მოვუწოდებთ სხვა პოლიტიკურ ფრაქციებს საქართველოში, არ დაუჭირონ მხარი ამ კანონპროექტს, რომელსაც დამტკიცების შემთხვევაში მსუსხავი ეფექტი ექნება”, — ნათქვამია PACE-ის განცხადებაში.

თუმცა ქართულმა ოცნებამ უკვე განაცხადა, რომ ამ დოკუმენტს მათი მხარდაჭერა ექნება. კანონპროექტის შესახებ დეტალურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი — 286 მედიისა და NGO-ს ერთობლივი განცხადება

/

მედიაორგანიზაციები და ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, რომლის თანახმადაც, ქართული ოცნებიდან ოფიციალურად წასული და ანტიდასავლური მოძრაობის დამფუძნებელი დეპუტატების მიერ ინიცირებული კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ არ არის საქართველოს არჩევანი და მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ — საქართველოს მოსახლეობის წინაააღმდეგ. ხელმოწერებს შორისაა ქვიარიც. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

“რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი.

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინიცირებულ კანონპროექტს “უცხოური გავლენის აგენტების” შესახებ, რომლის მიმართ მხარდაჭერა პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის სხვა წევრებმა გამოხატეს. მიგვაჩნია, რომ ამ რუსული კანონის მიღების მცდელობა მიმართულია არა მხოლოდ თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და კრიტიკული მედიის, არამედ საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ.

ეს კანონი მიზნად ისახავს, რომ დაუცველად დარჩნენ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები და ქალები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, უმცირესობები, მეცნიერები, მშრომელები და ახალგაზრდები; დახმარება არ გაეწიოთ სოციალურად დაუცველ ოჯახებს, ფერმერებს, მაღაროელებს, უკანონოდ გათავისუფლებულ, დევნილ, უსახლკარო, თავისუფლებაშეზღუდულ და საკუთარი უფლებებისთვის მებრძოლ სხვა ადამიანებს; არ გაშუქდეს მაღალმთიან და სხვა რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ხმა, ვინც მხოლოდ ადგილობრივი, დამოუკიდებელი მედიის მეშვეობით აცნობს საზოგადოებას თავის გასაჭირს.

ეს კანონპროექტი არის პასუხი ძალადობის, კორუფციის, უკანონობისა და შერჩევითი სამართლის იმ ასობით ფაქტზე, რომელსაც საზოგადოებრივი ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია ვსწავლობთ და ვასაჯაროვებთ.

რუსეთში ანალოგიური კანონის მიღების შემდეგ ბევრმა ორგანიზაციამ უარი თქვა მის აღსრულებაზე და დაიხურა. ვინც განაგრძო ფუნქციონირება, მზარდი კონტროლის, შევიწროებისა და რეპრესიების მსხვერპლი გახდა. რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი, რისთვისაც ათწლეულებია ვიბრძვით.

ამ კანონპროექტის მიღება იქნება შეტევა მთავარ ქართულ ფასეულობებზე – ღირსების განცდაზე, დამოუკიდებლობასა და სამოქალაქო სოლიდარობაზე. გარდა ამისა, კანონპროექტის მიღება სერიოზულად დააზიანებს ქვეყნის ევროპასთან ინტეგრაციის პროცესს, მათ შორის დააბრკოლებს საქართველოს სვლას ევროკავშირის წევრობისკენ, რომლის არც ერთ წევრ ქვეყანაში მსგავსი კანონი არ მოქმედებს. ამასთანავე, ამ კანონის აღსრულება შეუძლებელი იქნება საქართველოს ასიათასობით მოქალაქისთვის განუზომელი ზიანის მიყენების გარეშე”.

ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატებისა და ღიად ანტიდასავლური მოძრაობა ხალხის ძალის განცხადებით, კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით იქმნება. დოკუმენტის მიხედვით, “უცხოური გავლენის აგენტად” უნდა დარეგისტრირდეს ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი “უცხოური ძალებიდანაა”. ზემოაღნიშნული სუბიექტების “უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციის საკითხს უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. კანონპროექტის შესახებ დეტალურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მედიაჩეკერის ინფორმაციით, განცხადებას 21 თებერვლის 14:00 საათის მონაცემებით ხელს აწერს 286 არასამთავრობო ორგანიზაცია და მედია მთელი ქვეყნის მასშტაბით. ხელმოწერების შეგროვება გრძელდება და სია განახლებადია. ხელმომწერ ორგანიზაციებს შორის არიან:
  1. ააიპ ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის
  2. ააიპ იურიდიული განათლების ფონდი
  3. ააიპ “საათი”
  4. ააიპ რაჭის ტურისტული კლუბი
  5. ააიპ სტეფანწმინდა
  6. აგროგარემო TV
  7. ადამიანის უფლებათა და სოციალური სამართლიანობის დაცვის კვლევის ცენტრი
  8. ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)
  9. ადამიანის უფლებების ადვოკატირების და დემოკრატიის ფონდი
  10. ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო
  11. ათინათი
  12. ალტერნატივა ჯორჯია
  13. არ გადადო
  14. არასამთავრობო ორგანიაზაცია “უფლებებისა და განათლებისათვის”
  15. ასოციაცია ,,დეა”
  16. ასოციაცია “ათინათი”
  17. ასოციაცია “ევროპის დროით”
  18. ასოციაცია “მერკური”
  19. ასოციაცია “ქალები რეგიონების განვითარებისთვის”
  20. აფხაზური ამბები
  21. აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD)
  22. ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი
  23. ახალგაზრდა ფსიქოლოგთა და ექიმთა ასოციაცია ქსენონი
  24. Ახალგაზრდები დემოკრატიული ცვლილებებისთვის / Youth for Democractic Changes
  25. ახალგაზრდები სამეგრელოს განვითარებისთვის
  26. ახალგაზრდობის განვითარობის ცენტრი-XXI
  27. ახალგაზრდული ალტერნატივა
  28. ახალგაზრდული ინიციატივების რეგიონალური ასოციაცია – აირა
  29. ახალგაზრდული ორგანიზაცია ცვლილებები თანაბარი უფლებებისათვის
  30. ახალქალაქის ბიზნეს ცენტრი
  31. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი
  32. ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
  33. ბავშვთა კეთილდღეობის ლიგა
  34. ბავშვთა სიმსივნეები და სუპერგმირები
  35. ბათომი
  36. ბათუმელები
  37. ბათუმის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი’
  38. ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
  39. გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი”
  40. განათლება და სამყარო
  41. განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი
  42. განვითარების კერა
  43. გარემოსდაცვითი სათემო ორგანიზაცია” ეკო”
  44. გეოპოლიტკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი
  45. გერგარტი
  46. გორელ ფოტოგრაფთა კლუბი
  47. გორის საინფორმაციო ცენტრი
  48. გურია ნიუსი
  49. გურიის მედიატორთა ასოციაცია
  50. გურიის სამოქალაქო ცენტრი
  51. დავიწყოთ ახლა
  52. დასაქმებისა და გადამზადების ცენტრი
  53. დემოკრატ მესხთა კავშირი
  54. დემოკრატიის ინდექსი – საქართველო
  55. დემოკრატიის ინსტიტუტი
  56. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  57. დემოკრატიის მცველები
  58. დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრი
  59. დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  60. დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი
  61. დრანდა
  62. ევროპელ ინიციატორთა ასოციაცია
  63. ევროპის ფონდი
  64. ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
  65. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი (EPRC)
  66. ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
  67. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი
  68. თავისუფალი მედია სივრცე/გურიაTV
  69. თანადგომა
  70. თანასწორობა 17
  71. თბილისი პრაიდი
  72. თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი
  73. თელავი ჩემი ქალაქია
  74. თემის განვითრების ცენტრი “პროგრესი”
  75. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
  76. იმერეთის განვითარების ცენტრი
  77. ინდიგო
  78. ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი – პროგრესის სახლი
  79. ინოვაციებისა და ცვლილებების ინსტიტუტი
  80. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
  81. ინფორმაციული დეველოპერული ჰაბი
  82. კავკასიური დიალოგი
  83. კავშირი “ქალი და რეალობა”
  84. კანონის უზენაესობის ცენტრი
  85. კომლი
  86. კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი
  87. კულტურულ-ისტორიული, სამოგზაურო პლატფორმა “მოგზაური”
  88. ლანჩხუთის ახალგაზრდული მოძრაობა
  89. ლომეკი
  90. მედია კლუბი
  91. მედია სახლი “სამხრეთის კარიბჭე”
  92. მედია სახლი–სამხრეთის კარიბჭე
  93. მედია ფონდი – ლაივპრესი
  94. მედია ცენტრი კახეთი
  95. მედიაომბუდსმენი
  96. მედიაჩეკერი
  97. მედიის ინსტიტუტი
  98. მეწარმე ქალთა ფონდი
  99. მთავარი არხი
  100. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია
  101. მიშგოვ ლარდა
  102. მმართველობის მონიტორინგის ცენტრი
  103. მომხმარებელთა უფლებების ცენტრი
  104. მსახიობთა “გილდია”
  105. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის (WEG)
  106. მშობელთა კავშირი “ჩვენი შვილები”
  107. მშობლები განათლებისთვის
  108. მცხეთა-მთიანეთის რეგიონული ჰაბი
  109. მწვანე ალტერნატივა
  110. მწვანე სექტორი
  111. ნაბიჯი მომავლისაკენ
  112. ნაბიჯი წარმატებისკენ
  113. ნაციონალიზმისა და კონფლიქტების კვლევის ინსტიტუტი (ISNC)
  114. ნეო ტვ
  115. ნეოგენი
  116. ნეტგაზეთი
  117. ოზურგეთის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრი
  118. ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
  119. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  120. პედაგოგთა კავშირი განათლება და სამყარო
  121. პირველი ნაბიჯი საქართველო
  122. პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის
  123. პლატფორმა სალამ
  124. პრევენცია პროგრესისთვის
  125. პროექტი 64
  126. პუბლიკა
  127. ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის
  128. ჟურნალისტიკის რესურს ცენტრი
  129. რადიო “ძველი ქალაქი”
  130. რადიო თავისუფლება
  131. რადიო მარნეული
  132. რაჭის სათემო ორგანიზაცია
  133. რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტრი ,,თანაზიარი”
  134. რეგიონული გაძლიერება დემკრატიისთვის
  135. რეგიონული ინიციატივების ცენტრი “ნათელი მომავალი”
  136. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  137. საზოგადოება ბილიკი
  138. სათემო განვითარების ცენტრი
  139. სათემო ფონდი ლელი
  140. საინიციატივო ჯგუფი “როდემდე”
  141. საინიციატივო ჯგუფი “ჩვენი სივრცე”
  142. Საინფორმაციო რესურსების ქსელი
  143. საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი თანადგომა
  144. საკვალიფიკაციო ცენტრი
  145. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  146. სამოქალაქო აქტივობების ცენტრი
  147. სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი
  148. სამოქალაქო იდეა
  149. სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი
  150. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი
  151. სამოქალაქო მოძრაობა ,,სამეგრელოს ხმა”
  152. სამოქალაქო მოძრაობა “დატოვე პარლამენტი ქუთაისში “
  153. სამოქალაქო მოძრაობა თავისუფლებისთვის
  154. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
  155. სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)
  156. სარეაბილიტაციო და სოციალური ადაპტაციის ცენტრი “აისი”
  157. სატელევიზიო ქსელი
  158. საუნჯე
  159. საფარი
  160. საქართველოს EMDR საზოგადოება
  161. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  162. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  163. საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაცია
  164. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  165. საქართველოს ევროკლუბები
  166. საქართველოს ინვალიდთა ფედერაცია ” აღორზინება 2002 ”
  167. საქართველოს მედია-კლუბი
  168. საქართველოს მომავლის აკადემია
  169. საქართველოს პარლამენტი
  170. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  171. საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  172. საქართველოს საერთაშორისო განვითარების სააგენტო
  173. საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია
  174. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია (ACSDG)
  175. საქართველოს სასამართლოს გუშაგი
  176. საქართველოს სასოფლო დარბაზი
  177. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლვევის ფონდი
  178. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
  179. საქართველოს სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაცია
  180. საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ასოციაცია
  181. საქართველოს ფსიქოსოციალური დახმარების ასოციაცია ნდობა
  182. საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება
  183. საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
  184. საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი” (CHCA)
  185. სექტორი 3 – ჰაბი განვითარებისთვის
  186. სიქა – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია
  187. სიღნაღის რეგიონის სოციალურად უმწეოთა თერაპიის კავშირი თემი ქედელი
  188. სოლიდარობის თემი
  189. სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი
  190. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  191. სოციალური საწარმო “გუმბათი”
  192. სსმ
  193. სტუდენტურ-ახალგაზრდული სათათბირო
  194. სტუდია მონიტორი
  195. სტუდია რეკ
  196. სწავლებისა და კვლევების ცენტრი
  197. ტელეკომპანია კავკასია
  198. ტვ პირველი
  199. ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  200. ტყიბულის რაიონის განვიტარების ფონდი
  201. უფლებები საქართველო
  202. ფემინა
  203. ფერადი სივრცე
  204. ფონდი აფხაზინტერკონტი
  205. ფონდი “ინტერნიუსი-საქართველო”
  206. ფონდი აფხაზინტერკონტი
  207. ფონდი გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში
  208. ფორმულა
  209. ფრანკლინის კლუბი
  210. ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაცია
  211. ფუსფუსი – Puspussy – შენი უსაფრთხო სივრცე
  212. ქალთა ასოციაცია ,,ვაკეთოთ ერთად”
  213. ქალთა ასოციაცია გვირილა
  214. ქალთა ასოციაცია თანხმობა
  215. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)
  216. ქალთა ფონდი საქართველოში
  217. ქალთა ფონდი სოხუმი
  218. ქალი და განვითარება
  219. ქართული მედია ჯგუფი”
  220. ქვემო ქართლის მედია
  221. ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია “ქალი და სამყარო”
  222. ქვიარ ასოციაცია – თემიდა
  223. ქვიარი
  224. ქუთაისიპოსტი
  225. ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი
  226. ღია საზღვრები
  227. ღია სივრცე კავკასია (COS – Caucasus Open Space)
  228. ღონე ქვეყნისა
  229. შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი – საქართველო
  230. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი “‘ სიფა 2002 “”
  231. შიდა ქართლის ახალგაზრდული ცენტრი „ახალი თაობა“
  232. შშმ პირთა ინტეგრაციისა და განვითარების ასოციაცია “ჰანგი”
  233. შშმ პირთა უფლებების დაცვის ცენტრი ალიანსი
  234. შშმ ქალთა ალიანსი
  235. ჩართულობის და განვითარების ცენტრი
  236. ჩემი ქალაქი მკლავს
  237. ცოდნის კაფე
  238. წამების მსხვერპლთა ფსიქო-სოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
  239. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი-ქუთაისი
  240. წყალტუბო ლაიონს კლუბი
  241. ჰაბიტატი თანასწორობის მიღწევების და განვითარებისთვის
  242. Association HERA XXI
  243. CDC
  244. CDD – განვითარებისა და დემოკრატიის ცენტრი
  245. dev.ge
  246. EECMD
  247. IBDIPC
  248. JA Georgia
  249. JAMnews
  250. OC Media
  251. On.ge
  252. Penal Reform International
  253. Qartli.ge
  254. Radio WW
  255. SOVA NEWS
  256. TOK TV
  257. tv12
  258. ufleba.ge
  259. Women for Health
  260. World Vision საქართველო

ვის ეხება „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტი

/

ქართული ოცნების ყოფილმა დეპუტატებმა, რომლებმაც პარტია “საზოგადოებისთვის მეტის თქმის” საბაბით დატოვეს და ხალხის ძალა დაირქვეს, პარლამენტში წარადგინეს კანონპროექტი, რომლის მიხედვით, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს, რომლებიც „უცხოური ძალისგან“ ფინანსდებიან, „უცხოური გავლენის აგენტად“ დარეგისტრირება მოუწევთ.

კანონპროექტის მიხედვით, რომელიც ქვირმა მოიპოვა, “უცხოური გავლენის აგენტი” არის:

  • ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომელიც არ არის სპორტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;
  • „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ისეთი მაუწყებელი, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის იმ 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა, რომელშიც არ შედის სამეწარმეო საზოგადოების ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აღნიშნულ მაუწყებელში განთავსებული სპონსორობიდან, ტელეშოპინგიდან ან კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავალი;
  • ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს საქართველოში მოქმედ მასობრივი ინფორმაციის ბეჭდურ საშუალებას და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის იმ 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა, რომელშიც არ შედის სამეწარმეო საზოგადოების ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ მასობრივი ინფორმაციის აღნიშნულ საშუალებაში განთავსებული კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავალი;
  • ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ან/და იყენებს მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე გამავრცელებელი ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილ ინტერნეტდომენს ან/და ინტერნეტჰოსტინგს და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის იმ 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა, რომელშიც არ შედის სამეწარმეო საზოგადოების ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ მასობრივი ინფორმაციის აღნიშნულ საშუალებაში განთავსებული კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავალი.

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მიხედვით, „შემოსავალში“ იგულისხმება ფულადი თანხა და ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთე (ნებისმიერი მოძრავი ან უძრავი ნივთი). იმ შემოსავლის ღირებულება, რომელიც არ არის ფულადი თანხა, ამ მისი საბაზრო ფასით გამოითვლება. დოკუმენტში წერია, რომ თუ სუბიექტს გადაეცა ფულადი თანხა ან იგი გახდა ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის (ნებისმიერი მოძრავი ან უძრავი ნივთის) მესაკუთრე ან მოსარგებლე, ჩაითვლება, რომ მან მიიღო შემოსავალი.

რაც შეეხება უცხოურ ძალას, ის განიმარტება ასე:

  • უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი;
  • ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე;
  • იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე;
  • ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე.

გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, მიღებული შემოსავლის წყარო უცხოური ძალაა, თუ:

  • სუბიექტმა უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო შემოსავალი;
  • სუბიექტმა პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო შემოსავალი იმ იურიდიული პირისგან, რომელმაც უცხოური ძალისგან პირდაპირ ან არაპირდაპირ მიიღო შემოსავალი;
  • აღნიშნული შემოსავლის წყარო არ არის იდენტიფიცირებული.

კანონპროექტის მიხედვით, „უცხოური ძალის“ მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციებს „უცხოური გავლენის აგენტთა რეესტრში“ დარეგისტრირება და ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის შევსება მოუწევთ. დოკუმენტში წერია ისიც, რომ “უცხოური გავლენის აგენტთა რეესტრში” შეტანილი ინფორმაცია, მათ შორის, დეკლარაცია საჯარო იქნება და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ვალდებულია, უზრუნველყოს მისი სათანადო ვებგვერდზე განთავსება და საჯაროდ ხელმისაწვდომობა.

გარდა ამისა, “უცხოური გავლენის აგენტის” გამოსავლენად ან ამ კანონპროექტის რომელიმე მოთხოვნის შესრულების შესამოწმებლად იუსტიციის სამინისტროს შეუძლია, ნებისმიერ დროს განახორციელოს საკითხის სათანადო კვლევა და შესწავლა — მონიტორინგი. ამ მონიტორინგის დაწყების საფუძველი კი შეიძლება გახდეს:

  • საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება;
  • საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს კონკრეტულ უცხოური გავლენის აგენტთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას.

მონიტორინგის განხორციელების მიზნით, იუსტიციის სამინისტროს უფლება ექნება, მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემი. ერთი და იმავე სუბიექტის მიმართ მონიტორინგის განხორციელება დასაშვები იქნება 6 თვეში მხოლოდ ერთხელ. ხოლო თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუბიექტი აკმაყოფილებს “უცხოური გავლენის აგენტის” კრიტერიუმებს, მაგრამ მან რეგისტრაციას თავი აარიდა, საჯარო რეესტრის სააგენტო იუსტიციის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე არეგისტრირებს “უცხოური გავლენის აგენტად”, რაც ამ სუბიექტს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან და ის ვალდებულია, 10 სამუშაო დღის ვადაში წარუდგინოს სააგენტოს შესაბამისი განაცხადი.

კანონპროექტის მიხედვით, “უცხოური გავლენის აგენტად” რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან საფინანსო დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობა 25 000-ლარიან ჯარიმას გამოიწვევს. ხოლო იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში განაცხადის არ შევსების ან/და დოკუმენტში ხარვეზების დროულად არ გამოსწორების შემთხვევაში, ჯარიმა 10 000 ლარია. სამართალდარღვევის ერთი თვის ვადაში ხელახალი ჩადენა კი 20 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.

კანონპროექტი ბიუროს სხდომაზე ჯერ არ გასულა. სწორედ ბიუროს შემდეგ იქნება ცნობილი პარლამენტში განხილვის სავარაუდო პერიოდი.

5 ივლისის ორგანიზატორები LGBTQI ადამიანების მანიფესტაციების შეზღუდვას ითხოვენ — კანონპროექტი

/

ჰომოფობიური და ძალადობრივი პარტიის, კონსერვატიული მოძრაობის წევრები, რომლებიც 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორებიც არიან, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანას ითხოვენ. გიორგი ქარდავას, ზურაბ მახარაძეს, ირაკლი მორგოშიას, შოთა მარტინენკოსა და კონსტანტინე მორგოშიას სურთ, აიკრძალოს ისეთი შეკრებები და მანიფესტაციები, რომლებიც მიზნად ისახავს ან რომლის დროსაც, შესაძლოა, “ადგილი ჰქონდეს სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებას, პოპულარიზაციას ან/და პროპაგანდას”.

გარდა ამისა, ძალადობრივი ჯგუფის კანონპროექტში წერია, რომ უნდა აიკრძალოს შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, “თუ იგი მიზნად ისახავს ან რომლის დროსაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს რომელიმე რელიგიური მიმდინარეობის საწინააღმდეგო, მადისკრედიტირებელ ან/და რომელიმე რელიგიური მიმდევრობის ადამიანთა რწმენის საწინააღმდეგო, შეურაცხმყოფელ განცხადებებსა და მოწოდებებს ან/და რომლის დროსაც შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ომსა და ძალადობის პროპაგანდას, ეროვნული, კუთხური, რელიგიური ან სოციალური შუღლის გაღვივებას”.

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის გარდა, პროექტი ითვალისწინებს ცვლილებას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში. ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების ლიდერები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ითხოვენ ცვლილებას, რომლის მიხედვით, შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ საქართველოს კანონის მე-9, მე-10¹, მე-11 და 11¹ მუხლებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 25 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია — დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 30 დღემდე ვადით.

რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსს, ძალადობრივი ჯგუფების ლიდერები ითხოვენ, კოდექსს შეკრების ან მანიფესტაციის წესის განმეორებითი დარღვევის შემდეგი შინაარსის 347 პრიმა მუხლი დაემატოს:

“შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებს საქართველოს კანონის მე-9, მე-10¹, მე-11 და მე-11¹ მუხლებით გათვალისწინებული ნორმების განმეორებითი დარღვევა — ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 180-დან 240 საათამდე ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე”.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების ლიდერები მიუთითებენ, რომ აღნიშნული ცვლილებების მოთხოვნა უკავშირდება 2013-2021 წლების მოვლენებს, როდესაც “საჯარო სივრცეში სექსუალური ორიენტაციის საჯარო დემონსტრირებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარების მცდელობამ გამოიწვია საჯარო მღელვარება და მოსახლეობის მასობრივი პროტესტი, რამაც ნათლად აჩვენა, რომ ქართულ სოციუმში ამ კულტურული და ეთნიკური ღირებულებების სივრცეში მსგავსი ღონისძიებების ჩატარება წარმოადგენს იმ ზღვრის გადაკვეთას, რასაც სახელმწიფო და საზოგადოება საჯარო სივრცეში ქცევის ნორმებთან დაკავშირებით აწესებს”. 

მათი მტკიცებით, “საჯარო სივრცეში, განსაკუთრებით ბავშვების მიერ მსგავსი აქტივობების ხილვა, მოსახლეობისთვის მკვეთრად მიუღებელია, შესაბამისად, აუცილებელია, მკაფიოდ ჩამოყალიბდეს საჯარო შეკრებისა და მანიფესტაციების ჩატარების წესები, რადგან საზოგადოების სიმშვიდისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ღონისძიებები”.

ძალადობრივი ჯგუფები კანონპროექტის ინიცირების საფუძვლად დღეისთვის არსებული საკანონმდებლო რეგულაციების “ნაკლებობას” ასახელებენ და ამტკიცებენ, რომ “საკანონმდებლო რეგულაციები არ არის ამომწურავი, ტოვებს შესაძლებლობას ცალკეული პირებისა და პირთა ჯგუფებისთვის, რათა მათ თავიანთი ინტერპრეტაციით, ბოროტად ისარგებლონ საკანონმდებლო რეგულაციით და მიაღწიონ უკანონო მიზანს”.

კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს უკვე წარედგინა. ბიუროს 2022 წლის 12 დეკემბრით დათარიღებულ გადაწყვეტილებაში წერია, რომ “საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წინადადების საფუძველზე, არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი” კანონპროექტის განხილვა კომიტეტებსა და ფრაქციებში უნდა დაიწყოს. კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვის სავარაუდო თარიღად 2023 წლის 8 თებერვლიდან 5 მაისამდე პერიოდია მითითებული.

საქართველოში ამჟამად არსებული კანონმდებლობის მიხედვით, აქციის ჩატარებას ნებართვა არ სჭირდება. იმ შემთხვევაში, თუ შეკრება ან მანიფესტაცია ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართება ან ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს, ორგანიზატორებმა ამის შესახებ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო წინასწარ უნდა გააფრთხილონ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ტრანსპორტის მოძრაობა გადაკეტილია შეკრებისგან ან მანიფესტაციისგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო. მუნიციპალიტეტმა ორგანიზატორებთან ერთად შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების ადგილისა და დროის შეცვლის მიზანშეწონილობის საკითხი 3 დღის ვადაში უნდა განიხილოს და წერილობით გადასცეს მათ რეკომენდაცია ამის შესახებ, თუ:

  • შეკრება ან მანიფესტაცია რეალურ საფრთხეს უქმნის საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ნორმალურ ფუნქციონირებას; 
  • სხვა აქციის (რომელზედაც გაფრთხილება უფრო ადრე იქნა შეტანილი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში) ჩატარება დაგეგმილია იმავე ადგილზე და იმავე დროს.

კანონპროექტის ავტორები ითხოვენ, ყველა ცვლილება, რომელიც არსებულ კანონში შევა, კანონის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს ამოქმედდეს.

შენიშვნა: არასწორია ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფების მუდმივი მცდელობისა, დაუკავშირონ ლგბტქი ადამიანების გამოხატვის თავისუფლება “პროპაგანდას” თუ “პოპულარიზაციას”. გარდა იმისა, რომ შეუძლებელია სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის “პროპაგანდა”, საქართველოს კანონმდებლობით ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლება.

2022 წლის მნიშვნელოვანი ქვიარ მოვლენები საქართველოში

/

2022 წელი ლგბტქი უფლებების მიმართულებით გამოწვევებით იყო სავსე. მსოფლიოში არაერთი სასიკეთო ცვლილება მოხდა, თუმცა ამის საპირწონედ, მემარჯვენე ჯგუფების გაძლიერება და უფლებრივი მდგომარეობის გაუარესების შემთხვევებიც ვიხილეთ.


მსოფლიოს მნიშვნელოვანი ქვიარ მოვლენები 2022 წელს


იმავეს თქმა შეიძლება საქართველოზეც — ერთი მხრივ, გაუმჯობესდა სიტუაცია ლგბტქი მიმღებლობის მიმართულებით, თუმცა, მეორე მხრივ, საშიში პროცესის მომსწრეები ვართ, როცა სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე ლგბტქი უფლებების სრული უარყოფა ხდება.

აღნიშნულ სტატიაში იმ მნიშვნელოვან ლგბტქი მოვლენებს გადაავლებთ თვალს, რომლებიც 2022 წელს, საქართველოში მოხდა.

დროებითი ლგბტქი საცხოვრისის გახსნა

Temida

2022 წლის დასაწყისში თემიდამ ლგბტქი თემის წევრებისთვის დროებითი საცხოვრისის სერვისი დანერგა, რაც კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ქვიარ ადამიანებისთვის, რომელთაც საცხოვრისი დაკარგეს, უმნიშვნელოვანესია. 

თემიდას დროებითი ქვიარ საცხოვრისი ადამიანების გაძლიერებაზე ზრუნავს და გამოწვევებთან გამკლავებისთვის დროს აძლევს. ამასთან, საცხოვრისის მულტიფუნქციური გუნდი მუდმივად ცდილობს, თემის წევრებს მენტალური ჯანმრთელობის გამოწვევებთან გამკლავებაში დაეხმაროს და დასაქმების შესაძლებლობებზე წვდომა გაუადვილოს, რათა დროებითი საცხოვრისის დატოვების შემდეგ, საკუთარ თავზე ზრუნვა მეტი შემართებით შეძლონ. 

მაშინ, როცა სახელმწიფოს არ აქვს საცხოვრისის ერთიანი პოლიტიკა, რომელიც სხვადასხვა სოციალური ჯგუფის გამოწვევებს გაითვალისწინებდა და უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების მხარდამჭერის შესაძლებლობას შექმნიდა, თემიდას საცხოვრისი ის წამოწყებაა, რომელიც ქვიარ ადამიანების რეალობას ცვლის.

დრეგ სცენის განვითარება

ქართული დრეგ სცენა მრავალ წელს ითვლის. დრეგი, ერთი მხრივ, ქვიარ ხელოვნების განვითარებას უწყობს ხელს და თემის არაერთი წევრისთვის შემოსავლის წყაროა, მეორე მხრივ, ქვიარ ადამიანებს თვითგამოხატვის საშუალებას აძლევს. ამიტომ, საინიციატივო ჯგუფისა და თბილისი პრაიდის დრეგ მეჯლისი, რომელიც 2022 წლის გაზაფხულზე დაიწყო, დრეგ ხელოვნების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი წამოწყებაა. 

დრეგ მეჯლისი შემსრულებელთა ცნობადობის გაზრდას უწყობს ხელს, ახალ-ახალ ადამიანებს აძლევს საშუალებას, რომ საკუთარი თავი ამ მიმართულებით განავითარონ. აღსანიშნავია ყოველკვირეული დრეგ ღონისძიებები ქვიარ და ქვიარ მეგობრულ სივრცეებში, რაც დრეგის მზარდ პოპულარობაზე და მუდმივად განვითარებად ხარისხზე მიანიშნებს. 

დრეგ ხელოვნების მიმართულებით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, დრეგ კოლექტივ KOSA-ს ღონისძიებებია, რომლებიც წარმატებით იმართება ქართულ ქვიარ სივრცეებში და მეტიც, პროგრამა სომხეთშიც წარადგინეს. 

პრაიდ ფესტივალი შედგა

ტატა შოშიაშვილი / OC Media

Tbilisi Pride-მა 2022 წლის ზაფხულში პრაიდ ფესტივალი გამართა, რომელიც რეგიონულ კონფერენციას, ქართულ ქვიარ ფილმ სველი ქვიშის პრემიერასა და მუსიკალურ ფესტივალს მოიცავდა. 2022 წლის პრაიდ ფესტივალი 3 სხვადასხვა დახურულ ღონისძიებას აერთიანებდა და წლევანდელი წელი გაძლიერების, გაერთიანების წელი იყო. 

მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივი ჯგუფების მუქარა გარკვეულ რისკებს ქმნიდა, ფესტივალი მშვიდ გარემოში მაინც შედგა და ათასობით ადამიანი უსაფრთხო სივრცეში გააერთიანა. 

გენდერის მარკერის ცვლილებასთან დაკავშირებით ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება

MIGUEL SOTOMAYOR

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ტრანსგენდერი კაცების გენდერის სამართლებრივი აღიარების საქმეზე დარღვევა დაადგინა. ევროპული სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, დადგინდა, რომ დაირღვა კონვენციის მე-8 მუხლი. 

საიას განცხადების მიხედვით, “სასამართლომ ხაზი გაუსვა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლი სახელმწიფოს ავალდებულებს, უზრუნველყოს სწრაფი, გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი პროცედურები, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება რეგისტრირებული სქესის მარკერის შეცვლა”. 

აღნიშნული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესია, რადგან ცხადყოფს, რომ სახელმწიფოს არ აქვს გამჭვირვალე, მოქალაქეზე მორგებული გენდერის მარკერის ცვლილების სამართლებრივი მექანიზმი და შესაძლოა ტრანს* უფლებებისთვის ბრძოლაში გადამწყვეტი მნიშვნელობის იყოს.

პოლიტიკური, ინსტიტუციური ჰომოფობიისა და ტრანსფობიის სახიფათო პროცესი

აღნიშნულ ქვეთავში არა ერთ კონკრეტულ მოვლენაზე, არამედ იმ სახიფათო პროცესებზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება, რაც ქართულ პოლიტიკურ სივრცეში 2022 წელს ხდებოდა. 

როგორც ყოველ წელს, საჯარო, გადაწყვეტილების მიმღები პირები პირდაპირ თუ ირიბ ჰომოფობიურ განცხადებებს წელსაც აკეთებდნენ, მათ შორის, გამორჩეული ქვეყნის პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ფრაზა იყო, რომელმაც კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების თავისუფლებით სარგებლობის მცდელობას “ანტისახელმწიფოებრივი“ უწოდა. 

გარდა ამისა, გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციაში შევიდა ჩასწორება და გაჩნდა ჩანაწერი, რომ „კონცეფციის ყველა დებულებაში გენდერის ნიშნით თანასწორობის/გენდერული თანასწორობის შინაარსი განიმარტება იმგვარად, რომ ის მოიცავს ქალსა და კაცს შორის თანასწორობას“. მოცემული ფორმით გენდერული თანასწორობის კონცეფცია სრულად გამორიცხავს ტრანსგენდერ ქალებს თუ ადამიანებს, რომლებიც გენდერული თვითაღქმის არაბინარულ სპექტრზე იმყოფებიან. 

კიდევ ერთი სახიფათო პროცესი, რომელიც ქვიარ ადამიანებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევების საფუძველი შეიძლება გახდეს, ადამიანის უფლებების სტრატეგიის სახელმწიფო დოკუმენტია, რომელიც ლგბტქი უფლებების გაუმჯობესების ხედვას არ ითვალისწინებს, მეტიც, ლგბტქი თემი საერთოდ არ არის ნახსენები. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ სტრატეგიას სამოქმედო გეგმა უნდა დაეფუძნოს, შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება დღის წესრიგიდან ლგბტქი ადამიანების უფლებების სრულად გაქრობას ცდილობს. ეს საშიში პროცესი ადამიანის უფლებების აშკარა რეგრესს, პოლიტიკურ, ინსტიტუციურ ჰომოფობიასა და ტრანსფობიას ცხადყოფს.

სახალხო დამცველის ინსტიტუტთან დაკავშირებული პროცესები

2022 წლის დეკემბერში, საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების 6-წლიანი ვადა ამოიწურა. 

რამდენიმე თვის წინ სახალხო დამცველობის კანდიდატების დასახელების პროცესი დაიწყო. სულ 19 კანდიდატი იყო რეგისტრირებული, მათ შორის 3-ს — ანა აბაშიძეს, ნაზი ჯანეზაშვილსა და გიორგი ბურჯანაძეს არასამთავრობო ორგანიზაციები უჭერდნენ მხარს. სახალხო დამცველობის კანდიდატების სამუშაო ჯგუფმა კანდიდატები შეაფასეს და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილ კანდიდატებს მაღალი ქულებიც მიანიჭეს. ამავდროულად, საპარლამენტო მოსმენების პროცესმა ცხადყო, რომ,  კანდიდატების დიდ ნაწილს არ გააჩნდა ადამიანის უფლებათა განმტკიცების ხედვა და ბევრი მათგანი მოსმენებისას აკეთებდა ჰომოფობიურ კომენტარებს. გარდა ამისა, ქვიარი ესაუბრა სახალხო დამცველობის ჯანდიდატებს, რომლებმაც ჩვენთან არაერთი საზიანო მოსაზრება გააჟღერეს ქვიარ და ქალთა უფლებების შესახებ. 

ამასთან, პოლიტიკური უმრავლესობის წარმომადგენლები ღიად ამბობდნენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების კანდიდატებს მხარს არ დაუჭერდნენ. საბოლოოდ, ახალი სახალხო დამცველის არჩევის პროცესი კანდიდატებთან დაკავშირებით კონსენსუსის არ არსებობის გამო ჩავარდა და განახლება მომავალი წლიდან იგეგმება. 

დაფუძნდა შემოქმედებითი გაერთიანება სპექტრი

Creative Collective Spectrum / Facebook

2022 წელს არტისტების, მკვლევრებისა და პუბლიცისტების შემოქმედებითი გაერთიანება, სპექტრი ჩამოყალიბდა, რომელმაც მიზნად დაისახა „ქვიარ სექსუალობის, ემოციების პოლიტიკისა და საზოგადოებრივი ცხოვრების გარშემო მიმდინარე მოვლენების გამოკვლევა, შესწავლა, ანალიზი და მიღებულ ცოდნაზე დაფუძნებით ღია დისკუსიების გახსნა ისეთ საკითხებზე, რომელიც დომინანტური, რეპრესიული, ჰეტერონორმატიული კულტურის რადარებს მიღმა იმალება“. 

სპექტრმა ქვიარ არტისტების ცნობადობის გასაზრდელად არაერთი ღონისძიება დაგეგმა, ასევე, ტრანსგენდერი აქტივისტის, ნატა ტალიკიშვილის ქვიარ-იუმორისტული მონოლოგების სერია წამოიწყო, ლგბტქი უფლებებთან დაკავშირებით ღონისძიებები გამართა, რაც ქართული ქვიარ ხელოვნების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი წამოწყებაა. 

2022 წლის მნიშვნელოვანი კვლევები

Civil.ge

2022 წელს, საზოგადოებრივ განწყობებთან და ქვეყანაში ლგბტქი უფლებების განმტკიცებასთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი კვლევა გამოქვეყნდა, რომლებიც ცხადყოფს, რომ საზოგადოებრივი განწყობები უკეთესობისკენ იცვლება, თუმცა ეს სამართლებრივ, პოლიტიკურ დონეზე არ აისახება. 

მაგალითისთვის, WISG-ის კვლევის მიხედვით, 25%-ით არის შემცირებული იმ ადამიანების რიცხვი, ვინც მიიჩნევს, რომ ლგბტქი ადამიანებს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება უნდა აეკრძალოთ და 53%-ს შეადგენს. გამოკითხულთა 38,6% კი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით (სოგი) დანაშაულებზე სათანადოდ არ რეაგირებს. 

იმედისმომცემი შედეგი აჩვენა NDI-ის კვლევამაც — მონაცემების მიხედვით, 2015 წლიდან დღემდე 17%-ით გაიზარდა საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა, რომლებსაც ლგბტქი უფლებების დაცვა მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. შედეგად, გამოკითხულთა 38% მიიჩნევს, რომ ლგბტქი უფლებების დაცვა მნიშვნელოვანია. 

უნდა აღინიშნოს, რომ სავარაუდოდ განწყობების გაუმჯობესებისა და სახელმწიფოს მიდგომების შეუსაბამობა აისახა ILGA-Europe-ის ყოველწლიურ უფლებრივ რუკაში. ლგბტქი უფლებების დაცვისა და თანასწორობის კუთხით საქართველო ევროპის 49 ქვეყნიდან 34-ე ადგილზეა, რაც 2021 წლის იგივე მაჩვენებელს 2 საფეხურით ჩამორჩება. 

5 ივლისის ძალადობრივ ქმედებებში მონაწილე პირები და მართლმსაჯულება

Reuters

2021 წლის 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ გამოვლენილ ძალადობრივ ქმედებებში და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ბრალდებით დაკავებული 27 პირიდან 19-ს პატიმრობა შეეფარდა. გაჭიანურებული პროცესი საბოლოოდ ძალადობრივად განწყობილი პირებისთვის თავისუფლების აღკვეთით დასრულდა. 

ამასთან, თბილისი პრაიდის ოფისში შეჭრაში ბრალდებული 3 პირი 5000-5000 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს და სასამართლომ ორგანიზებული დანაშაულის ნიშანი გამორიცხა. 

აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაარეგისტრირა 5-6 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებული სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ. სასამართლო იმსჯელებს, სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციული მოტივით ღირსების შემლახველ მოპყრობასა და შეკრების თავისუფლების ხელყოფას ადგილი ჰქონდა თუ — არა. სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო აქტორების მოწოდებების მიუხედავად, 5-6 ივლისის მოვლენების ორგანიზატორები დღემდე არ დასჯილან. 

საქართველოში პირველი ქვიარ-ფემინისტური პარტია დაფუძნდა

2022 წლის მნიშვნელოვან მოვლენებს შორის ღიად ქვიარ-ფემინისტური მწვანეთა პარტიის შექმნაც უნდა აღინიშნოს. სტატიაში არაერთხელ ნახსენები სახიფათო პოლიტიკური პროცესების პირობებში პოლიტიკურ დღის წესრიგში ქვიარ და ფემინისტური საკითხების შემოტანა აუცილებელია. ეს ხელს უწყობს საზოგადოების ყურადღების მიმართვას ლგბტქი უფლებრივი მდგომარეობისკენ და შესაძლოა სხვა პარტიების ყურადღებაც მიმართოს იმისკენ, რამდენად არიან ინკლუზიურები და პასუხობენ თუ არა ყველა სოციალური ჯგუფის წინაშე არსებულ გამოწვევებს.

პარტია ახალი დაფუძნებულია და ჯერ-ჯერობით მათი საქმიანობის შეფასება ნაადრევი იქნებოდა, თუმცა 2023 წელს შესაძლებლობა გვექნება, მათ აქტივობებს უკეთ მივადევნოთ თვალი.

შოტლანდიაში ტრანსგენდერი ადამიანებისთვის გენდერის ლეგალური შეცვლა მარტივდება

/

შოტლანდიის პარლამენტმა 22 დეკემბერს დაამტკიცა რეფორმა, რომელიც ტრანსგენდერ ადამიანებს გენდერის ლეგალურად შეცვლას უადვილებს. რეფორმის მიხედვით, გენდერის შეცვლისთვის გენდერული დისფორიის სამედიცინო დიაგნოზის ქონის აუცილებლობა მოიხსნება, ხოლო მინიმალური ასაკი, როცა ტრანსგენდერი ადამიანები გენდერის შეცვლას შეძლებენ, 18-დან 16 წლამდე მცირდება.

გენდერული აღიარების რეფორმის კონტროვერსიულმა კანონპროექტმა 86 ხმა მიიღო 39-ის წინააღმდეგ. შედეგად, შოტლანდია გაერთიანებული სამეფოს პირველი რეგიონი გახდა, რომელმაც გენდერის შეცვლისთვის თვითიდენტიფიკაციის პროცესი საკმარისი გახადა.

შედეგების გამოცხადებისას, საჯარო გალერეაში გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეთა რეპლიკები ისმოდა. “გრცხვენოდეთ”, — ყვიროდნენ შეკრებილი მომიტინგეები, თუმცა, შეძახილების საპირწონედ, რეფორმის მხარდამჭერთა ოვაცია და აღტაცეუბლი ხმაური ისმოდა.

თვითიდენტიფიკაციის სისტემა მათთვისაა, ვისაც გენდერის შეცვლა სამართლებრივად და ლეგალურად სურს. რეფორმის მიხედვით, ადამიანებს 16 წლიდან შეეძლებათ გენდერის აღიარების სერტიფიკატის გამოთხოვა.

მიუხედავად იმისა, რომ შოტლანდიაში ადამიანებს 2005 წლიდან შეუძლიათ გენდერის კანონიერი ცვლილება, აღნიშნული ქმედება ამ დრომდე თვითიდენტიფიკაციის პროცესს არ ეფუძნებოდა. რეფორმის თანახმად, რომლებიც მომავალი წლიდან ამოქმედდება, გენდერის აღიარების სერტიფიკატის აპლიკანტებს პროცესის ბოლომდე მიყვანისთვის არა ორი წელი, არამედ 3-დან 6-თვემდე დასჭირდებათ, თავიანთი ასაკის შესაბამისად.

რეფორმა ითვალისწინებს “რეფლექსიის პერიოდსაც” ტრანზიციის პროცესში მყოფი ადამიანებისთვის. აღნიშნულ პერიოდს 3 თვე ეთმობა და ამ დროს ადამიანებს აზრის შეცვლის საშუალება მიეცემათ. გენდერის შეცვლის სერტიფიკატისთვის ნებისმიერი ცრუ აპლიკაცია სისხლის სამართლის დანაშაულად კვალიფიცირდება და 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. რეფორმის ფარგლებში, შესაძლებელი იქნება დეტრანზიციაც, გენდერის შეცვლის სერტიფიკატის სააპლიკაციო პროცესების თავიდან გავლის მეშვეობით.

მიუხედავად იმისა, რომ გაერთიანებული სამეფოსთვის შოტლანდია ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ტრანსგენდერ ადამიანებს ტრანზიციის პროცესს უმარტივებს, ვესტმინისტერის მთავრობის განცხადებით, შესაძლოა, აღნიშნული რეფორმის კანონად გადაქცევას, მისი საკამათო ბუნების გამო, ხელი შეეშალოს სამეფო უარით. აღნიშნული პროცესი დიდწილად ფორმალურია და შოტლანდიის პარლამენტის მიერ მიღებული კანონის გაერთიანებული სამეფოს მმართველის თანხმობას ითვალისწინებს.

“დიდი ბრიტანეთის ნებისმიერ მცდელობას, შეარყიოს შოტლანდიის პარლამენტის დემოკრატიული ნება, მტკიცედ გავასაჩივრებთ!” განაცხადა შოტლანდიის მთავრობის სპიკერმა, გამოხატული შეშფოთებების საპირწონედ.

კანონპროექტს მხარი დაუჭირეს შოტლანდიის მმართველმა და სხვა პარტიებმა, ხოლო მასთან დაპირისპირებული კონსერვატიული და ქალთა უფლებების დამცველი ზოგიერთი პარტია აღმოჩნდა. მოწინააღმდეგეთა განცხადებით, ცვლილებები პოტენციურად საფრთხისშემცველია ქალებისა და გოგოებისათვის, მაგალითად, ისეთ სივრცეებში, როგორიც ერთი გენდერისთვის განკუთვნილი საჯარო ტუალეტებია.

შოტლანდიის იუსტიციის მინისტრმა, შონდა რობინსონმა, განაცხადა, რომ სხვა ქვეყნებში მსგავსმა ცვლილებამ ტრანსგენდერ ადამიანებს მხოლოდ სიკეთე მოუტანა და მათ მიმართ ძალადობა შეამცირა.

“ვფიქრობ, ჩვენ ყველას შეგვიძლია, იმედი ვიქონიოთ, რომ ტრანსგენდერი ადამიანები შოტლანდიაშიც შეძლებენ ისარგებლონ რეფორმის პოზიტიური შედეგებით, რადგან კანონი მათ აცილებს ბარიერებს, რომლებიც ხელს უშლით იმაში, რომ თავიანთი უფლებებით ისიამოვნონ”, — განუცხადა პარლამენტს რობინსონმა.

წყაროები:
BBC, Reuters.

პარლამენტმა სახალხო დამცველობის არც ერთ კანდიდატს მხარი არ დაუჭირა

/

საქართველოს პარლამენტში დღეს სახალხო დამცველობის კანდიდატების კენჭისყრა გაიმართა. დეპუტატებმა ყველა კანდიდატურა ჩააგდეს. კენჭისყრის დაწყებამდე ქართული ოცნების ფრაქციის თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ისინი წარმოდგენილ კანდიდატებს მხარს არ დაუჭერდნენ, რადგან კონსენსუსი ვერ შედგა.

იმისთვის, რომ სახალხო დამცველის კანდიდატურა პარლამენტმა დაამტკიცოს, საჭიროა 90 ხმა, თუმცა არც ქართულ ოცნებას და არც ოპოზიციას ამ რაოდენობის დეპუტატი საკანონმდებლო ორგანოში არ ჰყავთ. შესაბამისად, საჭიროა შეთანხმება, თუმცა მმართველი პარტია უარს ამბობს არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ წარდგენილი კანდიდატების (ანა აბაშიძე, გიორგი ბურჯანაძე, ნაზი ჯანეზაშვილი) მხარდაჭერაზე და ოპოზიციას 5 სხვა კანდიდატს სთავაზობს. ოპოზიცია აბაშიძეს, ბურჯანაძეს და ჯანეზაშვილს უჭერს მხარს. შესაბამისად, შეთანხმება ვერ შედგა.

დღევანდელი კენჭისყრის შედეგები ასეთია:

  1. ანა აბაშიძე — 12 მომხრე, 1 წინააღმდეგი
  2. მარიკა არევაძე — 1 მომხრე, 0 წინააღმდეგი
  3. გიორგი ბურჯანაძე — 16 მომხრე, 0 წინააღმდეგი
  4. ლელა გაფრინდაშვილი — 5 მომხრე, 1 წინააღმდეგი
  5. სოფიო დემეტრაშვილი  — 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი
  6. თინათინ ერქვანია — 6 მომხრე, 1 წინააღმდეგი
  7. ევგენია თავაძე — 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი
  8. ალექსანდრე კობაიძე — 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი
  9. ლევან კოკორაშვილი — 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი
  10. ნუგზარ კოხრეიძე — 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი
  11. გიორგი მარიამიძე — 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი
  12. სერგო მახარაძე — 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი
  13. მაკა მინდიაშვილი — 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი
  14. ჯემალ ნათელაშვილი — 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი
  15. ნიკოლოზ ნიკოლაძე — 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი
  16. ქეთევან ჩაჩავა — 2 მომხრე, 0 წინააღმდეგი
  17. გიორგი ცობეხია — 0 მომხრე, 0 წინააღმდეგი
  18. იაგო ხვიჩია — 11 მომხრე, 0 წინააღმდეგი
  19. ნაზი ჯანეზაშვილი — 8 მომხრე, 2 წინააღმდეგი

მამუკა მდინარაძის განცხადებით, მომავალი წლიდან უფრო მარტივად იქნება შესაძლებელი პროცედურული ბარიერების დაძლევა და შეთანხმება ისეთ კანდიდატზე, რომელი ყველასთვის მისაღები იქნება.

“მმართველმა გუნდმა არ დაასახელა თავისი კანდიდატები. გამორიცხვის მეთოდით ჩამოვედით 8-მდე ყველანი ერთად და თქვენ ამბობთ მაინც და მაინც ის 3 აირჩიეთ, რომლებიც ჩვენ გვინდაო. ეს არის ულტიმატუმი. ჩვენ გთავაზობთ, რომ 5 ადამიანიდან ერთი, რომელიც გნებავთ, მოდი, ამოვირჩიოთ. თქვენ ამას არ აკეთებთ. […] მაინც და მაინც ამ ორ გვარს უნდა გადააყოლოთ ევრო რეკომენდაციები, აბაშიძეს და ბურჯანაძეს, და ჯანეზაშვილს კიდევ ზემოდან. ამაში არ უნდა შევსულიყავით, თორემ წამგებიან პოზიციაში ხართ და ნუ შევდივართ ამ თემაში, დამიჯერეთ”, — მიმართა მან ოპოზიციას.

ვინ არიან და რას ფიქრობენ სხვადასხვა საკითხზე სახალხო დამცველობის კანდიდეტები, შეგიძლიათ იხილოთ ქვიარის სტატიებში:

ავღანეთში ქალებს უნივერსიტეტებში სწავლა აეკრძალათ

/

თალიბანის გადაწყვეტილებით, ავღანეთში ქალებს უნივერსიტეტში სწავლა აეკრძალათ. უმაღლეს განათლებაზე წვდომის შეზღუდვაზე ინფორმაციას ავღანეთის უმაღლესი განათლების მინისტრის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ.

ბრძანების მიხედვით, რომელიც გამოქვეყნებისთანავე ძალაში შევიდა, იკრძალება უმაღლესი განათლების დაწესებულებებში ქალი სტუდენტების მიღება მომდევნო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე.

აკრძალვის შესახებ ბრძანების გამოქვეყნებისთანავე, ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში რამდენიმე ქალმა საპროტესტო აქცია მოაწყო.

“დღეს ქაბულის ქუჩებში გამოვედით, რათა ხმა ავიმაღლოთ უნივერსიტეტებში ქალების სწავლის აკრძალვის წინააღმდეგ!” –  განაცხადა ავღანელ ქალთა სოლიდარობის ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა.

მცირერიცხოვანი დემონსტრაცია თალიბანმა მალევე დაშალა.

ქალებისთვის უნივერსიტეტში სწავლის განუსაზღვრელი დროით აკრძალვის ბრძანებას საერთაშორისო პროტესტიც მოჰყვა.

“თალიბანმა პირობა კვლავ დაარღვია. მას შემდეგ, რაც ძალაუფლება ჩაიგდეს ხელში, მხოლოდ იმას ვხედავთ, რომ ქალების უფლებები სისტემატურად ირღვევა. ეს მხოლოდ განათლებას არ ეხება. ქალებს არ აქვთ შესაძლებლობა, მივიდნენ ან იმუშაონ საჯარო ადგილებში. ქალები საჯარო დებატებშიც ვერ მონაწილეობენ”, – განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის სპიკერმა, სტეფან
დუჟარიკმა.

ხოლო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, ნედ პრაისის თქმით, თალიბებმა ავღანელ ქალებს ბნელი მომავალი მიუსაჯეს.

“ვერცერთი ქვეყანა ვერ განვითარდება, როდესაც მისი მოსახლეობის ნახევარი დაკავებულია. განათლება არის საერთაშორისოდ აღიარებული ადამიანის უფლება და ის აუცილებელია ავღანეთის ეკონომიკური ზრდისთვის, მისი განვითარებისა და სტაბილურობისთვის”, – განაცხადა პრაისმა.

BBC-ის ცნობით, მას შემდეგ, რაც გასულ 2021 წელს ხელისუფლებაში თალიბანი დაბრუნდა, გოგოებს საშუალო სკოლებში სწავლაც აეკრძალათ. გადაწყვეტილების შედეგად, ქვეყანაში ქალებისთვის ხელმისაწვდომ განათლების დონედ მხოლოდ დაწყებითი განათლება დარჩა. ავღანეთის განათლების სამინისტრომ პირობა დადო, რომ საშუალო სკოლები გოგოებისთვის “ისლამური კანონისა და ავღანური კულტურის” შესაბამისი გეგმის შემუშავების შემდეგ გაიხსნებოდა, თუმცა გეგმის შემუშავებასა და საშუალო სკოლების გახსნას გოგოები დღემდე ელოდებიან.

რაც შეეხება უმაღლესი განათლების დაწესებულებებს, ქვეყანაში თებერვლიდან ზოგიერთი უნივერსიტეტი გაიხსნა, თუმცა ქალი სტუდენტებისთვის გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. შეზღუდვებს შორისაა შესასწავლი საგნების ქალებისთვის წინასწარ განსაზღვრა და დაშვება, რადგან მათ საგნების სრულ ჩამონათვალზე, კაცებისგან განსხვავებით, წვდომა არ აქვთ. ასევე, გენდერული ნიშნით დაიყო როგორც აუდიტორიაში სტუდენტების განთავსება, ასევე, უნივერსიტეტების შესასვლელები.

გარდა ამისა, BBC-ის ცნობით, გასულ ნოემბრის თვეში ქალებს გართობის ადგილებში, პარკებში, სპორტულ დარბაზებსა და და საზოგადოებრივ აბანოებში სიარულიც აეკრძალათ. აკრძალვა უკავშირდება თალიბანის წევრებისა და ავღანელი სასულიერო პირებისთვის მიუღებელი ქცევას. მათი იდეოლოგიის თანახმად, ქალებისთვის მსგავს ადგილებში ყოფნა დაუშვებელია.