ფილმები/სერიალები - Page 4

/

“Problemista” – ტილდა სვინტონისა და ხულიო ტორესის ტანდემი ახალ ფილმში

კომედიური ჟანრის ფილმი “Problemista” 1 მარტს გამოვიდა ეკრანზე. მთავარ როლებს ტილდა სვინტონი და ხულიო ტორესი ასრულებენ. ფილმი მოგვითხრობს სალვადორელი სათამაშოების დიზაინერის (ხულიო ტორესი) შესახებ, რომელიც ნიუ-იორკში ცხოვრობს და მუშაობს. მის სამუშაო ვიზას

/

ტრანსგენდერი ფეხბურთელისა და მისი გუნდის წარმატების რეალური ისტორია

ტაიკა ვაიტიტის ახალი ფილმი “Next Goal Wins” ნამდვილ ამბავზეა დაფუძნებული და მოგვითხრობს სამოას ეროვნულ საფეხბურთო გუნდზე, რომელიც 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობდა. გუნდის შემადგენლობაშია ტრანსგენდერი ფეხბურთელი, რომლის როლს არაბინარული მსახიობი კაიმანა ასრულებს, ხოლო მწვრთენელის თომას რონგენის როლში კი მაიკლ ფასბინდერია.

“უილი და ჰარპერი” – უილ ფერელისა და მისი ტრანსგენდერი მეგობრის ისტორია

/

მსახიობმა უილ ფერელმა ცოტა ხნის წინ დოკუმენტური ფილმი “უილი და ჰარპერი” წარადგინა. ფილმი დოკუმენტური ისტორიაა, რომლიც თავად მსახიობისა და მისი დიდი ხნის მეგობრის ჰარპერის

სერიალები, რომელსაც 2024-ში ველოდებით

//

სერაილების მოყვარულები 2024 წელს მეტ ქვიარ პერსონაჟებს და ახალ სეზონებს უნდა ველოდეთ, ასეთია პროგნოზი. გადავავალოთ თვალი ჩვენთვის საყვარელ და მომლოდინე სერიალებს: The Traitors სერიალის

ბრიტანელი სუპერმოდელი და მსახიობი ლილი კოული ამბობს, რომ ქვიარია

/

ლილი კოულმა, თავისი წიგნის წარდგენასთან ერთად, ქამინგაუთი გააკეთა. წიგნის სათაურია – „ვინც ზრუნავს, ის იმარჯვებს: როგორ უნდა დაიცვათ პლანეტა, რომელიც გიყვართ“. წიგნში ის აღწერს თავის ქვიარ ცხოვრებასა და ურთიერთობას შვილთან.

„მე რომ ჩემს შვილთან ერთად სხვა ქვეყანაში ვცხოვრობდე, შეიძლება, ჩემი ქვიარობა დანაშაული ყოფილიყო. ძალიან მიყვარს ეს სიტყვა [ქვიარი] მისი ღიაობის გამო, რადგან არ აწესებს მკაცრ საზღვრებს“ – ამბობს კოული.

წყარო: advocate.com

ცნობილი მსახიობი ედ ასნერი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა

/

ცნობილი მსახიობი ედ ასნერი, რომლის შოუ „ლუ გრანტი“ სოციალურ პრობლემებს, მათ შორის, ქვიარ უფლებებსაც ეხებოდა, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობს ემის 7 ჯილდო აქვს მიღებული და არაერთ ცნობილ შოუსა თუ TV გადაცემაში მონაწილეობდა.

ედ ასნერი სოციალური აქტივისტი იყო. ის იყო მსახიობთა გილდიის პრეზიდენტი 1981-1983 წლებში, სადაც ხშირად უპირისპირდებოდა მის წინამორბედს, კონსერვატორ ჩარლტონ ჰესტონს. ასევე, ჩართული იყო აუტისტური სპექტრის შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიებში.

წყარო: advocate.com

ქალების რთული გზა კანის კინოფესტივალზე

/

კანის ფესტივალის ბრწყინვალება წელს სრული ანშლაგით დაბრუნდა მას მერე, რაც 2020 წელს პანდემიის გამო გაუქმდა. სასიამოვნო იყო იმის ნახვაც, რომ გენდერული პარიტეტი გაუმჯობესდა და წელს უფრო მეტმა ნომინანტმა ქალმა მიიღო ჯილდო. კონკურსში ქალი რეჟისორების იმაზე მეტი ფილმი იღებდა მონაწილეობას, ვიდრე ოდესმე, ხოლო კონკურსის მთავარი ჯილდო, ოქროს პალმის რტო, ფრანგ რეჟისორს – ჟულია დიუკურნოს გადაეცა ფილმისთვის „ტიტანი“.

გამარჯვებული ქალების რიცხვი იზრდება, თუმცა ჯერ კიდევ არსებობს ფესვგამდგარი მოსაზრებები ქალი რეჟისორების შესახებ. იმისთვის, რომ გავარკვიოთ, რატომ იყვნენ იგნორირებული წლების მანძილზე ქალი რეჟისორები და რა ფაქტორებმა შეუწყო ხელი ცვლილებებს, მოდით, თვალი გადავავლოთ კინოინდუსტრიის წარსულს.

შეუმჩნეველი ქალი რეჟისორები

ჟულია დიუკურნოს მოპოვებული ”ოქროს პალმის რტო” მეორე შემთხვევაა კანის ისტორიაში, როდესაც მთავარი ჯილდო ქალს ხვდა წილად. მანამდე ის ახალზელანდიელმა ჯეინ კემპიონმა მოიპოვა 1992 წელს, ფილმისთვის – „ფორტეპიანო“.

კანის ფესტივალის ერთ-ერთი პირველი გამარჯვებული, 1946 წელს, დანიელი რეჟისორი ბოდილ იფსენი იყო. მან კარიერა მსახიობობით დაიწყო და რეჟისორობით გააგრძელა. იფსენმა ათეულობით ფილმი გადაიღო, კანის ფესტივალზე მასთან ერთად გამარჯვებულებს შორის მოხვდნენ – დევიდ ლინი, ბილი უაილდერი და რობერტო როსელინი. ბოდილ იფსენისგან განსხვავებით, როსელინი და სხვა კაცი რეჟისორები საზოგადოებისთვის დღესაც კარგად არიან ცნობილი. კონკრეტული ტენდენციების გამო, ქალების მიღწევები თანდათან იშლება კინოს ისტორიიდან, ქალებს იშვიათად ახსენებენ.

ბოდილ იფსენი

აგნეს ვარდა (1928-2019) ლეგენდარული ფიგურაა კინოს ისტორიაში. მას ხშირად “ფრანგული ახალი ტალღის ნათლიას” უწოდებენ. თუმცა აგნეს ვარდამ მხოლოდ ერთხელ, 1962 წელს მიიღო მონაწილეობა კანის კონკურსში.

აგნეს ვარდა

კლერ დენისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფრანგი რეჟისორია. მისი ერთადერთი ფილმი, რომელიც კანის კონკურსში მონაწილეობდა, ”შოკოლადი” იყო (1988). დენისის ყველაზე ცნობილი ფილმია „Beau Travail“, რომელიც კრიზისში მყოფი მამაკაცის იდენტობაზეა. ფილმი აღიარებულია, როგორც ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო, მაგრამ, მიუხედავად წარმატებისა, ის კანისთვის არ შეარჩიეს.

კლერ დენისი

კატრინ ბრეიატის ფილმები ქალების სექსუალურ სურვილზე ფოკუსირებული. თუმცა თავიდან საფრანგეთში მის ფილმებს როგორც პორნოგრაფიას, ისე განიხილავდნენ და ხშირად ცენზურას ექვემდებარებოდა. მისი შემოქმედება ბოლო წლებში აღიარეს და მისმა მხოლოდ ერთა ფილმმა მიიღო კანის კონკურსში მონაწილეობა 2007 წელს.

კატრინ ბრეიატი

ქალები გამორჩეული სტილით

ერთ-ერთი გავრცელებული მოსაზრება, რომლითაც ხშირად ცდილობენ გაამართლონ ქალების ნაკლებობა კინოფესტივალებზე, არის ის, რომ თითქოს ქალი კინორეჟისორები ცოტანი არიან – შესაბამისად, ცოტაა ფილმიც. სინამდვილეში, ეს ასე არ არის. მაგალითად, საფრანგეთში 1970 წლიდან, ყოველწლიურად იმართება კინოფესტივალი, სადაც 100-ზე მეტი ქალი რეჟისორის ფილმს აჩვენებენ და ბოლო 20 წლის განმავლობაში 50 ფესტივალი ჩატარდა, რომელიც ქალ რეჟისორებს მიეძღვნა. ამ ფესტივალში მონაწილე ფილმებს „ქალების კინოს“ იარლიყი უკვე მიეკრა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ ფართო ასპარეზზე ნაკლებად ვიხილავთ.

მაშინაც კი, როდესაც ქალი რეჟისორები აღიარებულები არიან და მათ კინოშემოქმედებას განუმეორებელი სტილი აქვს, მათ მაინც იშვიათად ექცევიან როგორც “auteurs”-ს. ეს ტერმინი ენიჭება რეჟისორებს, რომლებსაც აქვთ ცნობადი და უნიკალური სტილი და მსოფლმხედველობა, რაც მათ ფილმებში ჩანს. რეჟისორმა ფრანსუა ტრიუფომ ეს კონცეფცია შეიმუშავა 1954 წლის ესეში Une certaine tendance du cinéma français (ფრანგული კინოს გარკვეული ტენდენცია). „ავტორობის“ იდეა მნიშვნელოვანია კანში, ის ერთგვარი ტიტულია ისეთი რეჟისორების აღსანიშნავად, რომლებსაც „კანის მუდმივ კლიენტებს“ ეძახიან. სამწუხაროდ, აღნიშნულ ტიტულს მამრობითი სქესი აქვს.

ძალიან სასიხარულოა ქალების წლევანდელი გამარჯვება, თუმცა ახლა მთავარია, რამდენი კინოთეატრი აჩვენებს მათ ფილმებს და რამდენჯერ ახსენებენ კინოკრიტიკოსები მათ. იმედია, წლევანდელ გამარჯვებულ ქალებს, მათი წინამორბედებისგან გასხვავებით, ხშირად გაიხსენებენ და ისინი გააგრძელებენ სხვადასხვა კონკურსებში მონაწილეობას.

წყარო: theconversation. com

10 რეჟისორი ქალი და მათი ფილმები ძლიერი ფემინისტური მესიჯებით

/

უკანასკნელ ათწლეულში კინოსამყარომ გენდერულ უთანასწორობაზე აქტიურად დაიწყო საუბარი. ქალი რეჟისორების რაოდენობა დიდწილად ჩამორჩება კაცი რეჟისორებისას, ხშირ შემთხვევაში, ქალი მსახიობების ანაზღაურებაც იმაზე ნაკლებია, ვიდრე მამაკაცი მსახიობების. ქალები იბრძვიან იმისთვის, რომ მამაკაცების მიერ მართულ სამყაროში თავიანთი ადგილი დაიმკვიდრონ და დაასრულონ ის უთანასწორობა, რაც კინოინდუსტრიაშია გაბატონებული.

გთავაზობთ ათი რეჟისორი ქალის 10 ფილმს ძლიერი ფემინისტური მესიჯებით. ფილმები სხვადასხვა ეროვნების, რასის, სექსუალური ორიენტაციისა მქონე ქალების მიერაა გადაღებული, თუმცა მათ ერთი საერთო აქვთ – ფილმების მიზანი ქალების გაძლიერება და ფემინისტური საკითხების წინ წამოწევაა.

  •  დამშვიდობება (The Farewell, ლულუ ვანგი, 2019) 

ყველა ადამიანი, ვისაც დიდ და მრავალთაობიან ოჯახში უცხოვრია, ალბათ, ძალიან კარგად გაიგებს ჩინური წარმოშობის ამერიკელი რეჟისორის, ლულუ ვანგის 2019 წლის ფილმს  – „დამშვიდობება“. ფილმი ახალგაზრდა მწერლის გარშემო ვითარდება, რომელიც გაიგებს, რომ თავის საყვარელ ბებიას სულ რამდენიმე თვის სიცოცხლე დარჩა და იძულებული ხდება, დაბრუნდეს მშობლიურ ჩინეთში.

ფილმში მთავარ როლს ცნობილი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი და მსახიობი, ნორა ლუმი, იგივე Awkwafina ასრულებს. ერთი შეხედვით, კომედიისა და დრამის ეს საოცარი ნაზავი ქართული რეალობისგან შორს დგას, თუმცა დაკვირვებული თვალი ძალიან ბევრ მსგავსებას აღმოაჩენს ჩინურ და ქართულ ოჯახებს შორის.

  • არასდროს, იშვიათად, ზოგჯერ, ყოველთვის (Never Rarely Sometimes Always, ელიზა ჰიტმანი, 2020) 

ელიზა ჰიტმანი თანამედროვეობის კიდევ ერთი გამორჩეული კინორეჟისორია, რომელიც მტკივნეულ თემებს არ ერიდება და მისი ფილმები უნიკალური ხელწერით გამოირჩევა. „არასდროს, იშვიათად, ზოგჯერ, ყოველთვის“ რეჟისორის სხვა ფილმების მსგავსად, ამერიკელი ახალგაზრდების ცხოვრებაზე გვიამბობს, ფილმის მთავარი გმირები 16 წლის სკაილერი და ოთემი არიან. ფილმის დასაწყისში ოთემი აღმოაჩენს, რომ ის 10 თვის ორსულია და მას თავის შტატში აბორტის გაკეთება ეკრძალება, სწორედ ამიტომ, გოგონას ბიძაშვილთან ერთად უწევს ნიუ-იორკისკენ წასვლა, სამედიცინო მომსახურების მიღება რომ შეძლოს.

ელზა ჰიტმანი უარს ამბობს კაშკაშა ვარსკლავების გადაღებაზე,  ყოველთვის ახალ სახეებს ეძებს და მათ გზის გაკაფვაში ეხმარება, 2020 წლის ეს ფილმი კი იდეალურად ასახავს ახალგაზრდების რთულ და წინააღმდეგობრივ გზას მოზარდობიდან ზრდასრულობამდე.

  • ალმოდებული ქალის პორტრეტი (Portrait of a Lady on Fire, სელინ სიამა, 2019)

უკანასკნელი 13 წლის განმავლობაში სელინ სიამამ მოახერხა თანამედროვე ფრანგული კინოსთვის განსაკუთრებული თემებისა და ხმების დამატება. მისი გმირები ახალგაზრდა ქალები არიან და მათი ისტორიები განსხვავდება იმ ისტორიებისგან,  აქამდე რომ გვინახავს.

სიამას 2019 წლის ფილმი „ალმოდებული ქალის პორტრეტი“ 18 საუკუნის საფრანგეთში გვამოგზაურებს და გვიამბობს ორი ქალის, მხატვარი მარიანასა და მდიდარი ელოიზის რთულ და ჩახლართულ რომანტიკულ ისტორიას. პოეტური კინოს ეს შესანიშნავი ნიმუში კანის კინოფესტივალზე Queer Palm-ით დაჯილდოვდა.

  • პატარა ქალები (Little Women, გრეტა გერვიგი, 2019)

ლუიზა მეი ოლკოტის 1869 წელს გამოცემული „პატარა ქალები“ კლასიკად არის აღიარებული და მასზე უამრავი თაობა გაიზარდა. ამერიკელი ავტორის ეს ნახევრად ბიოგრაფიული წიგნი მარჩების ოჯახზე გვიამბობს ამერიკის სამოქალაქო ომის დროს. ოთხი და, მეგი, ჯო, ბეტი და ემი – უკიდურესი გაჭირვების დროს ცდილობენ, არ დაკარგონ მხნეობა, შეინარჩუნონ სამყაროს მიმართ ნდობა და სიყვარული ადამიანების მიმართ.

ფემინისტურ ბიბლიად მონათლული წიგნი იდეალურად აღწერს ქალების ცხოვრებას გასულ საუკუნეებში და გვაჩვენებს, როგორ აისახება ომები იმ ქალებზე, რომლებიც, მართალია, არ იბრძვიან ბრძოლის ველზე, თუმცა მათი ყოველდღიურობა არაფრით განსხვავდება ქვემეხების გრუხუნისგან გამოწვეული საზარელი ხმებისგან. და, რაც მთავარია, გრეტა გერვიგი თავისი ოსტატობის საშუალებით ახერხებს, ახალი სიცოცხლე შემატოს ადაპტაციას და თან, არ დაკარგოს ის, რაც გამოარჩევს რომანს სხვა უამრავი საყმაწვილო წიგნისგან.

  • სიუზენის უიმედო ძებნა (Desperately Seeking Susan, სიუზენ საიდელმანი, 1985)

გასული საუკუნის 80-იანმა წლებმა სამყარო ბევრი რამით დააჯილდოვა, ერთ-ერთ ასეთ ჯილდოდ, თამამად შეგვიძლია, სიუზელ საიდელმანის საკულტო ფილმი „სიუზენის უიმედო ძებნა“ მივიჩნიოთ. კომედიური ჟანრის ფილმი ორი ქალის, ნიუ ჯერსელი დიასახლისის, რობერტასა და ამერიკელი ბოჰემური საზოგადოების წევრის, სიუზენის მეგობრობის ისტორიას გვიამბობს. ფილმში სატიტულო როლს ლეგენდარული მადონა ასრულებს.

1985 წელს გადაღებული ფილმი კარგად ასახავს ორი განსხვავებული ქალის ცხოვრებას, ერთი ნიუ-ჯერსელი დიასახლისია, რომელსაც აღარ შეუძლია ყოველდღიური, მომაბეზრებელი რუტინის ატანა და მთლიანად მიენდობა ნიუ-იორკში მცხოვრებ წვეულებების დედოფალ სიუზენს (მადონა).

  • ცამეტი (Thirteen, Catherine Hardwick, 2003)

„ცამეტი“ კიდევ ერთი რეჟისორი ქალის, კეტრინ ჰარდვიკის ფილმია, რომელიც 13 წლის მელანის ისტორიას გვიამბობს, გოგონა საშუალო კლასის მოსწავლეა, რომელიც კარგი მანერებითა და მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩევა, თუმცა ყველაფერი მას შემდეგ იცვლება, როცა მელანი სკოლის ყველაზე პოპულარულ გოგონას, ტრეისის დაუმეგობრდება და თავით გადაეშვება ნარკოტიკებსა და წვეულებებში.

კეტრინ ჰარდვიკმა ფილმის სცენარი სულ რაღაც 6 დღეში დაწერა, ფილმი ლოს ანჯელესში, ხელის კამერითაა გადაღებული. ახალგაზრდა რეჟისორმა ქალმა Sundance-ის კინო ფესტივალზე საუკეთესო რეჟისორის ჯილდო დაიმსახურა

  • შენ აქ არასდროს ყოფილხარ (You Were Never Really Here, Lynne Ramsay, 2018)

„შენ აქ არასდროს ყოფილხარ“ შოტლანდიელი კინორეჟისორის, ლინ რემსის უკანასკნელი ფილმია, რომელშიც მთავარ როლებს ხოაკინ ფენიქსი და ეკატერინა სამსონოვა ასრულებენ. ფილმი ომის ვეტერანი და ფედერალური საგამოძიებო სისტემის აგენტის, ჯოსა და პროსტიტუციაში იძულებით ჩართული არასრულწოვანი ნინას ისტორიას გვიამბობს.

„კევინზე უნდა დაგელაპარაკოს“ რეჟისორის, ლინ რემსის 2018 წლის ფილმმა კანის კინოფესტივალზე საუკეთესო სცენარისა და საუკეთესო მსახიობი მამაკაცის (ხოაკინ ფენიქსი) პრიზი აიღო. მრავალი კრიტიკოსის შეფასებით, ფილმი ერთ-ერთი ყველაზე ძალადობრივია, რაც ბოლო ათწლეულში გადაღებულა.

  • ასე თუ ისე (De Cierta Manera, Sara Gomez, 1974)

სარა გომეზი პირველი კუბელი რეჟისორი ქალია, რომელმაც კუბური რევოლუციის შემდეგ გადაიღო დოკუმენტურ-მხატვრული ფილმი – „ასე თუ ისე“. ფილმი ფემინისტი ქალის, იოლანდასა და მაჩო მამაკაცის, მარიოს სიყვარულის ისტორიას გვაჩვენებს. ფილმში მოქმედება ჰავანაში ვითარდება და გარდა რომანტიკული ისტორიისა, კუბური მარგინალიზებული ჯგუფების ცხოვრებასა და იმ სოციალურ პრობლემებს აღწერს, რის წინაშეც მოსახლეობა რევოლუციის შემდეგ აღმოჩნდა.

სარა გომეზი ფილმის გადაღების შემდეგ მალევე გარდაიცვალა და დღემდე რჩება აფრო-კუბელი ქალი რეჟისორების იმ მცირერიცხოვან ჩამონათვალში, რომლებმაც სრულმეტრაჟიანი ფილმის გადაღება შეძლეს. რეჟისორი არ ერიდებოდა ფემინისტური თემების წარმოჩენას და ამ ფილმშიც იოლანდას სახით ცდილობს, კუბელ ქალებს ემანსიპაციისკენ გზა აჩვენოს.

  • სულელი (Clueless, ეიმი ჰეკრელინგი, 1995)

„სულელი“ კიდევ ერთი საკულტო ფილმია, რომელიც 1995 წელს გამოვიდა ეკრანებზე და იდეალურად ასახავს 90-იანი წლების ესთეტიკასა და სულისკვეთებას. ფილმი ჯეინ ოსტინის ცნობილ რომანს, „ემას“ ეფუძნება, რეჟისორის ჩანაფიქრი იყო, გაეცოცხლებინა კლასიკოსი ბრიტანელი ავტორის პერსონაჟი და ეჩვენებინა, როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება 90-იანი წლების ბევერლი ჰილსში.

ფილმი coming-of-age ჟანრისაა და ფემინისტურ სატირას განეკუთვნება, ფილმის გავლენა იმდენად დიდია, რომ მის მიხედვით გადაიღეს სატელევიზიო ადაპტაცია, დაიდგა ბროდვეის სცენაზე და გამოვიდა უამრავი კომიქსი, ხოლო სულ რამდენიმე წლის წინ Paramount Pictures-მა დაანონსა, რომ ეკრანებზე სულ მალე ვიხილავთ ფილმის რიმეიქს.

  • გვირილები (Daisies, ვერა ჰიტილოვა, 1966)

ვერა ჰიტილოვას 1966 წელს გამოსული გროტესკული და ინოვაციური ფილმი მრავალი წლის განმავლობაში ახერხებს მაყურებლის გონებაში სხვადასხვა ემოციის აღძვრას. ფილმი ორი გოგონას გარშემო ვითარდება. გოგონები გადაწყვეტენ, რომ ზუსტად იმ მეთოდებით იმოქმედონ, რა მეთოდებითაც სამყარო მუშაობს. ფილმში სიუჟეტი დანაწევრებული და ფრაგმენტულია, ჩეხი რეჟისორი ამბის თხრობის ტრადიციულ მეთოდებზე უარს ამბობს, გამუდმებით იცვლება გამოსახულების ფერი,  ხარისხი და ამ გზით გადმოგვცემს გოგონების მცდელობას, დატკბნენ ცხოვრებით, პატივი მიაგონ ახალგაზრდობის, სიყვარულისა და სიხარულის ძალას.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს ფილმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარია კინემატოგრაფიისთვის, მრავალი წლის განმავლობაში ის აკრძალული იყო ჩეხეთში.

”ჯენტლმენი ჯეკი” – ქვიარ ურთიერთობის რეალური ამბავი

/

ავტორი: ანამარია

ბოლო წლებში ქვიარ პოპკულტურა მაღალი ხარისხის სერიალების დანაკლისს ნამდვილად არ განიცდის. ამ არც ისე მოკლე სიაში BBC ONE-ისა და HBO-ს ერთობლივი შოუ ,,ჯენტლმენი ჯეკი’’ უდავოდ ერთ-ერთი გამორჩეულია. სერიალის პრემიერა 2019 წლის აპრილში შედგა და ჯერჯერობით მხოლოდ ერთი სეზონით (8 ეპიზოდით) შემოიფარგლება.

მოქმედება 1832 წელს, ჩრდილოეთ ინგლისში, იორკშირის საგრაფოში ვითარდება (კონტექსტისთვის, იმ წელს, როდესაც ქართველებმა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ შეთქმულების მოწყობა სცადეს). მთავარ პერსონაჟს, ენ ლისტერს, ერთგვარი კავშირი აქვს საქართველოსთან, სადაც მან 1940 წელს იმოგზაურა. სერიალი ინგლისელი მიწათმფლობელისა და მოგზაურის, ენ ლისტერის დღიურებზეა დაფუძნებული და ხუთ მილიონზე მეტ სიტყვას მოიცავს. 1832 წელს, ევროპული მოგზაურობიდან დასავლეთ იორკშირში დაბრუნებული ენი, ოჯახის ბიზნესსა და პირად ცხოვრებაზე ზრუნვას ერთდროულად იწყებს. მაყურებლისთვისაც ,,ჯენტლმენი ჯეკი’’ საინტერესო ისტორიულ დრამასთან ერთად, ქვიარ ურთიერთობის ულამაზესი ამბავია.

 

,,ჯენტლმენი ჯეკი’’ – სეზონი1, ეპიზოდი 3

 

,,ჯენტლმენი ჯეკი’’ ენ ლისტერის ცხოვრების ერთადერთი ეკრანიზაცია არ არის, 2010 წელს BBC-მ გამოუშვა სრულმეტრაჟიანი ფილმი ,,მის ენ ლისტერის საიდუმლო დღიურები’’, რომელიც ენის შედარებით ადრეულ სასიყვარულო ურთიერთობებზეა კონცენტრირებული. ფილმიც და სერიალიც გადაღებულია იორკშირში, ენ ლისტერის მამულში, შიბდენ-ჰოლში, რომელიც დღესდღეობით სახლ-მუზეუმია და დამთვალიერებლებს 1934 წლიდან მასპინძლობს.

 

შიბდენ-ჰოლი, მუზეუმი

ენ ლისტერი 1791 წელს იორკშირის საგრაფოში დაიბადა, განათლება ჯერ სახლში, შემდეგ კი ქალთა სკოლაში, იორკში მიიღო. იღბლისა და თავად ენის ფართო ინტერესებიდან გამომდინარე, ენის განათლების დონე ბევრად აღემატებოდა ვიქტორიანულ ეპოქაში მცხოვრები ქალების განათლებას. 1826 წლიდან ბიძისაგან განსაკარგავად მიღებული მამული, შიბდენ-ჰოლი, ენისთვის ეკონომიკური დამოუკიდებლობის გარანტი აღმოჩნდა.

ენის მასკულინური გარეგნობა, რაც შავ კაბასა და არაორდინალურ ცილინდრში გამოიხატებოდა, იმ პერიოდში ნამდვილი სენსაცია იყო. ცნობილია, რომ ენის ერთ-ერთი პარტნიორი, მარიანა ბელკომბი, საზოგადოებაში ენთან ერთად გამოჩენას სწორედ მისი ,,უცნაური’’ გარეგნობის გამო ერიდებოდა. შიბდენ-ჰოლის მმართველობის გადაბარების შემდეგ, ენი ფლობდა და განაგებდა ნახშირის მომპოვებელ მაღაროს, რაც მის ,,უცნაურობას’’ კიდევ უფრო თვალშისაცემს ხდიდა საზოგადოებისთვის. ენის ზედმეტსახელი (და სერიალის სათაური) ,,ჯენტლმენი ჯეკიც’’ სწორედ მისი გარეგნობისა (,,ჯენტლმენი) და სექსუალური იდენტობის გაშარჟებაა, ვინაიდან ,,ჯეკი’’ ერთგვარი სლენგს წარმოადგენდა და ქვიარ ქალებს მიემართებოდა. სხვათა შორის, მეცხრამეტე საუკუნეში ქვიარ ქალებთან მიმართებაში ასევე ცნობილი სლენგი იყო ,,რომში გამოზამთრება’’, რომლის წარმოშობის მიზეზებსაც, სამწუხაროდ, ვერ მივაკვლიე.

 

ენ ლისტერის პორტრეტი, 1830

 

ენ ლისტერის ცხოვრების კვლევის საშუალებას მის მიერ ნაწარმოები დღიურები იძლევა, რომლებიც, როგორც აღვნიშნეთ, ხუთ მილიონზე მეტ სიტყვას მოიცავს. ქეროლაინ ვოლქერი, ელიზაბეთ ვადსფორტი, ენ ვოლქერი (ენ ლისტერის ერთ-ერთი პარტნიორი) – ეს იმ ქალთა სიაა, რომელთა დღიურებიც ასევე ძალიან საინტერესო დოკუმენტაცია აღმოჩნდა ეპოქის განსხვავებული პერსპექტივიდან დანახვისთვის. თავის დღიურში კი, ენი დეტალურად აღწერს მიმდინარე სოციალურ, კულტურულ თუ პოლიტიკურ მოვლენებსა და თავის მოსაზრებებს, რაც საინტერესო მასალას იძლევა სხვადასხვა კვლევისთვის. ამას გარდა, დღიურის ნაწილი ენის სექსუალურ ცხოვრებას ეხება, რომელიც ქალთა სკოლაში სწავლის პერიოდიდან, ანუ ენის პირველი სასიყვარულო ურთიერთობიდან იწყება. დღიურების ნაწილი, რომელიც ენის სექსუალურ ცხოვრებას აღწერს, დაშიფრულია. შიფრისათვის ენი ძველ ბერძნულ დამწერლობას, მათემატიკურ და ზოდიაქოს სიმბოლოებს, პუნქტუაციის ნიშნებს იყენებდა.

 

წყარო

 

დღიურის ამ ნაწილის დეკოდირებას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს: ენის გარდაცვალების შემდეგ, 1940 წელს, დღიურები შიბდენ-ჰოლში ინახებოდა 1887 წლამდე, სანამ ენის შთამომავალმა ჯონ ლისტერმა და მისმა მეგობარმა, არტურ ბურელმა, კოდირებული ნაწილი დაშიფრეს. გაერთიანებულ სამეფოში 1967 წლამდე ჰომოსექსუალობა არაკანონიერად ითვლებოდა, შესაბამისად, ბურელმა ჯონ ლისტერს (რომელიც თავადაც ქვიარი იყო) დღიურის განადგურება ურჩია, თუმცა, საბედნიეროდ, ლისტერმა დღიურები განადგურების ნაცვლად, გადამალა. 1933 წელს, ჯონ ლისტერის გარდაცვალების შემდეგ, შიბდენ-ჰოლი მუზეუმად გადაკეთდა. არტურ ბურელმა, დაშიფრული ნაწილის კოდი მუზეუმს გადასცა, რომელიც შემდეგ ათწლეულების განმავლობაში შიბდენ-ჰოლის ბიბლიოთეკაში ინახებოდა. 1980-იან წლებამდე ენ ლისტერის ცხოვრების ვერც ერთმა მკვლევარმა დაშიფრული ნაწილის გამოქვეყნება ვერ გაბედა. 1988 წელს მკვლევარმა და მწერალმა, ჰელენა უიტბერდმა, გამოაქვეყნა პირველი წიგნი ენ ლისტერის შესახებ, რომელშიც ავტორი ენის სექსუალობაზე ღიად წერდა. 2011 წლიდან დღიურები იუნესკოს მსოფლიო მეხსიერების საერთაშორისო რეესტრშია შეტანილი.

 

დღიურში გამოყენებული ზოგიერთი სიმბოლოს შიფრი

 

ენის სასიყვარულო ურთიერთობები ქალებთან 15 წლის ასაკში ქალთა პანსიონში იწყება. ენი ოთახს იზიარებდა ინდოელ-ინგლისელ ელაიზა რეინთან, რომელიც მისი პირველი სიყვარული აღმოჩნდა. ურთიერთობის აღსანიშნავად ენი და ელაიზა თავიანთ დღიურებში სიტყვა ,,Felix’’-ს იყენებდნენ, რაც ლათინურად ბედნიერს, იღბლიანს ნიშნავს. სხვა დეტალების დაწერის მიზნით, სწორედ ამ პერიოდში, ენმა შიფრის განვითარება დაიწყო – ზედაპირული აღწერის გარდა, ენი წერდა მის გრძნობებზე, ფიქრებსა და განცდებზე. დროთა განმავლობაში ენი მის სექსუალობასთან (რომელსაც თავად ,,უცნაურობას’’/,,oddity’’ უწოდებდა) ბევრად კომფორტული გახდა და სხვა ქალებთან ურთიერთობა დაიწყო. ამან ელაიზას მენტალურ ჯანმრთელობაზე საგრძნობლად იმოქმედა, ამ ტრავმიდან თავის დაღწევა ვერასდროს მოახერხა და დარჩენილი ცხოვრება ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გაატარა, სადაც პერიოდულად ენი სტუმრობდა ხოლმე.

 

დღიურებში ენი ხშირად აღნიშნავდა, რომ უნდოდა, პარტნიორი, ცოლი ეპოვნა, რომელთაც ერთადაც შიბდენ-ჰოლში იცხოვრებდა და გაუძღვებოდა ბიზნესს. 1810 წელს ენი შეხვდა იზაბელა ნორკლიფს (ზედმეტსახელად ,,ტიბი’’), რომელიც მზად იყო, მთელი ცხოვრება ენთან გაეტარებინა, თუმცა სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის ტიბის სასმელთან დამოკიდებულების გამო, ენმა იზაბელასთან ურთიერთობაც გაწყვიტა.

 

ენ ლისტერი და მარიანა ბელკომბი ფილმიდან, ,,მის ენ ლისტერის საიდუმლო დღიურები’’, 2010

 

ენის თავისუფალი სექსუალური ცხოვრება პარტნიორების ხშირ ცვლასა და მათთან არც ისე ღრმა ემოციურ კავშირსაც გულისხმობდა, თუმცა მარიანა ბელკომბი გამონაკლისი აღმოჩნდა. მარიანა და ენი ერთმანეთს იზაბელამ გააცნო და მათი თავბრუდამხვევი ურთიერთობა მარიანას დაოჯახების შემდეგაც გაგრძელდა. 2010 წელს გადაღებული ფილმი ,,მის ენ ლისტერის საიდუმლო დღიურები’’ ენის ცხოვრების ამ ეტაპს ეხება. მარიანასა და ენის სიახლოვე საეჭვოდ არ აღიქმებოდა, ვინაიდან მეცხრამეტე საუკუნეში ახალგაზრდა ქალებს შორის ახლო ურთიერთობა საკმაოდ ნორმალური იყო. 1815 წელს მარიანა ქვრივ მემამულეს, ბევრად უფროს ჩარლზ ლოუტონს გაჰყვა ცოლად, სასოწარკვეთილი ენი დღიურში მარიანას ამ გადაწყვეტილებას ,,კანონიერ პროსტიტუციას’’ უწოდებს, ქორწილის შემდეგ კი, გლოვის ნიშნად, სიცოცხლის ბოლომდე შავი კაბის ტარებას იწყებს. მიუხედავად ყველაფრისა, ენისა და მარიანას ურთიერთობა გაგრძელდა – მათ გაცვალეს ბეჭდები, პერიოდულად ხვდებოდნენ ერთმანეთს, ღამეებს ერთ ოთახში ატარებდნენ და გეგმავდნენ, რომ ჩარლზის სიკვდილის შემდეგ, მარიანა, როგორც ქვრივი, საცხოვრებლად სამუდამოდ ენთან გადავიდოდა. უცნობია, იცოდა თუ არა მარიანას ქმარმა მათი ურთიერთობის შესახებ. ფაქტია, რომ ქალების ურთიერთობა ძალიან საეჭვოდ არასდროს აღიქმებოდა. დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა, მარიანას არ უნდოდა ,,უცნაური’’ გარეგნობის ენთან ერთად საზოგადოებაში გამოჩენა, რითაც ენს გულს სასტიკად სტკენდა. 1923 წლის აგვისტოში, ენი დღიურში წერს, რომ მარიანა შიბდენ-ჰოლში აპირებდა სტუმრობას. ამით გახარებულმა ენმა გადაწყვიტა, შეყვარებულს გზაში შეხვედროდა, მარიანას ეტლს შუა გზაზე დახვდა და აღელვებულმა დაიწყო მოყოლა, თუ როგორ გამოიარა თხუთმეტი კილომეტრი ფეხით, საშინელი წვიმის მიუხედავად. მარიანა ეტლში რამდენიმე ადამიანთან ერთად იჯდა და ჭორებისა და ეჭვების შიშმა, რაც შესაძლოა ენის იმპულსურ საქციელს გამოეწვია, გააცოფა. ამ ინციდენტის შემდეგ ენისა და მარიანას ურთიერთობა საბოლოოდ შეიცვალა.

 

მარიანა ბალკომბი სერიალიდან ,,ჯენტლმენი ჯეკი’’, 2019

 

ენის თავისუფალი სექსუალური ცხოვრება ხშირად მონოგამიას სულაც არ გულისხმობდა. 1924-26 წლებში, პარიზში მოგზაურობისას, ენი შეხვდა ფრანგ ქვრივს, მარია ბარლოუს, რომელიც ასევე მზად იყო ენის ცხოვრების პარტნიორი გამხდარიყო. ენს ამ დროისთვის კონკრეტული მიზანი ამოძრავებდა, ეპოვა ქალი, რომელიც ფინანსურადაც დაეხმარებოდა და ხელს შეუწყობდა, უფრო მაღალ სოციალურ ფენაში გადაენაცვლა. მარიას არც ისე ძლიერი ეკონომიკური მდგომარეობა ჰქონდა, სოციალურად კი, დაახლოებით იმავე ფენას მიეკუთვნებოდა, რომელსაც ენი, ამიტომ მათი ურთიერთობა 1926 წლისთვის დასრულდა. ენისა და მარიას ურთიერთობას ეძღვნება ჰელენა უიტბერდის 2020 წელს გამოცემული წიგნი ,,No Priest But Love’’.

 

ენ ლისტერი და ენ ვოლქერი სერიალიდან ,,ჯენტლმენი ჯეკი’’, 2019

 

1826-32 წლებში დასავლეთ ევროპაში მოგზაურობით გართულმა ენმა, შიბდენ-ჰოლში სულ რამდენიმე კვირა გაატარა, თუმცა 1932 წელს გადაწყვიტა, საბოლოოდ დაბრუნებულიყო სახლში. სერიალი ,,ჯენლტმენი ჯეკი’’ ენის ცხოვრების სწორედ ამ პერიოდს ეხება. მალევე ის აღმოაჩენს, რომ მის მამულთან ახლოს ჩრდილოეთ ინგლისიდან ჩამოსული ენ ვოლქერი დასახლდა. ფინანსურად საკმაოდ ძლიერი ენ ვოლქერი მაღალ სოციალურ ფენას მიეკუთვნებოდა და როგორც ცნობილია, პერიოდულად მენტალური პრობლემები აწუხებდა. მათი დინამიური ურთიერთობა სერიალში ძალიან კარგადაა გადმოცემული. წყვილმა 1834 წელს იორკში ერთ-ერთ ტაძარში დაიწერა ჯვარი, რა თქმა უნდა, ყველასგან მალულად. 2018 წლიდან ამ ტაძარში მათი ქორწინების აღსანიშნავი დაფა არსებობს.

 

ენ ლისტერისა და ენ ვოლქერის მემორიალური დაფა იორკშირში

 

ენ ლისტერისა და ვოლქერის ურთიერთობა არასდროს ყოფილა ღია, თუმცა არც ბოლომდე დაფარული იყო. ქორწინების შემდეგ წყვილმა ადგილი ეკლესიაში, წინა სკამებზე იქირავა, სადაც სხვადასხვა ეკლესიურ ცერემონიას ესწრებოდა ხოლმე. თანაცხოვრების დაწყებიდან მალევე, ადგილობრივ გაზეთში დაიწერა ერთგვარი ხუმრობა, თითქოს ვინმე ტომ ლისტერმა ცოლად ენ ვოლქერი მოიყვანა. თუ დავაკვირდებით ინგლისური სიტყვის, Tomboy-ის მნიშვნელობას, რომელიც მასკულინური გენდერული გამოხატვის მქონე ახალგაზრდა გოგოს მიემართება და ხშირად ქვიარ სექსუალურ იდენტობასაც გულისხმობს, შევამჩნევთ, რომ ამ ხუმრობის მიღმა კონკრეტული მესიჯი იმალება. დღიურში ენი აღწერს არაერთ შემთხვევას, როცა მისი გარეგნობა თავდასხმის და ერთხელ, გაუპატიურების მცდელობის მიზეზიც გამხდარა. ყველაფრის მიუხედავად, ენ ლისტერისა და ენ ვოლქერის თანაცხოვრება საინტერესოდ გაგრძელდა ჯერ დასავლეთ ევროპაში, მოგვიანებით კი, რუსეთსა და კავკასიაში მოგზაურობით.

 

რუსეთის იმპერიაში მოგზაურობა ენ ლისტერის დიდი ხნის სურვილი იყო, რომელსაც 1939 წელს საბოლოოდ მოაბა თავი და დანიისა და შვედეთის გავლით, სანკტ-პეტერბურგში გაემგზავრა. მოგვიანებით, მოსკოვში გადაინაცვლა, სადაც 1940 წლის ზამთარი გაატარა და თებერვალში გაყინული ვოლგის გავლით სტეფანწმინდაში ჩამოვიდა. მოსკოვიდან საქართველომდე გზა განსაკუთრებულად რთული აღმოჩნდა გაუსაძლისი სიცივისა და რთული პირობების გამო, ამიტომ თბილისში ჩამოსულმა წყვილმა დედაქალაქში რამდენიმე კვირა დაჰყო. 1940 წლისთვის თბილისი სულაც არ წარმოადგენდა ტურისტულ ადგილს – აქ არ იყო სასტუმროები, არც რესტორნები ან სხვა ტურისტული ადგილები. რუსეთში გაცნობილი ხალხის რჩევით, ენი ესტუმრა თბილისის მაშინდელ მთავრობას, რომელთა დახმარებითაც, ენ ვოლქერთან ერთად სპეციალურ, უცხოელებისთვის განკუთვნილ სასტუმროში დაბინავდა. თბილისში ენი შეხვდა დებ ჭავჭავაძეებს, მათ შორის ეკატერინე ჭავჭავაძეს, რომელმაც წყვილი ზუგდიდში, დადიანების სასახლეში დაპატიჟა. რამდენიმე კვირაში წყვილი აზერბაიჯანისკენ გაემზავრა და როგორც ენი დღიურში წერს, ბაქოში ენ ვოლქერთან ერთად ჰარამხანას არაერთხელ ესტუმრა. ბაქოდან თბილისში დაბრუნებულმა ენ ლისტერმა ქუთაისში, მოგვიანებით კი რაჭა-ლეჩხუმში, საკმაოდ რთულ მოგზაურობაში წასვლა გადაწყვიტა.

 

ქუთაისი, 1870

 

რაჭიდან ქუთაისში დაბრუნებული წყვილი ზუგდიდში გაემგზავრა, სადაც დადიანების სასახლეში განსაკუთრებული დახვედრა მოუწყვეს, რომლის მსგავსიც, როგორც ენი აღნიშნავს, მოსკოვიდან წამოსვლის შემდეგ არ ღირსებია. მეორე დღეს, მასპინძლებთან შეხვედრის შემდეგ, აღმოჩნდა, რომ სასახლეში მყოფი ადამიანების უმეტესობა თავს შეუძლოდ გრძნობდა. ეკატერინე და მისი ახალდაბადებული შვილიც ავად იყვნენ და სამკურნალოდ ქუთაისიდან გერმანელი ექიმი ჩამოიყვანეს. რამდენიმე დღეში ენ ლისტერი და ვოლქერი მიხვდნენ, რომ დადიანების სასახლე იმ დროისთვის არ წარმოადგენდა უსაფრთხო ადგილს, ამიტომ ზუგდიდი სწრაფად დატოვეს და ქუთაისში დაბრუნდნენ.

 

ეკატერინე ჭავჭავაძე, 1816-1882

 

ქუთაისში დაბრუნებიდან მალევე, ენ ლისტერი გარდაიცვალა, თუმცა გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ვარაუდობენ, რომ, შესაძლოა, ენს დაავადება დადიანების სასახლეში, ზუგდიდში გადაედო და ბევრი მოგზაურობისა და დასუსტებული ჯანმრთელობის გამო, ვერ გადაიტანა. ენ ლისტერის სხეული ენ ვოლქერმა დასავლეთ იორკშირში დააბრუნა და 1941 წლის აპრილში იქვე დაკრძალეს.

 

ამ ურთულესი მოგზაურობიდან დაბრუნებული ენ ვოლქერის მენტალური მდგომარეობა, რა თქმა უნდა, შედარებით დამძიმდა. ამით მისმა ნათესავებმა ისარგებლეს და ორი წლის შემდეგ სპეციალურ დაწესებულებაში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე წელიწადში გარდაიცვალა.

 

ფოტოსურათი ,,ჯენტლმენი ჯეკის’’ მეორე სეზონის გადაღებებიდან

 

რაც შეეხება სერიალს, მომდევნო სეზონის გადაღებები უკვე დაწყებულია, პრემიერის თარიღად კი 2022 წელი არის ნავარაუდები. მეორე სეზონი ენ ლისტერისა და ენ ვოლქერის თანაცხოვრებაზე იქნება კონცენტრირებული და ვინ იცის, იქნებ წყვილის საქართველოში მოგზაურობაც ვიხილოთ. ბოლოს კი, ,,ჯენტლმენი ჯეკის’’ საუნდტრეკი, იმავე სახელწოდების სიმღერა, რომელიც 2012 წელს ინგლისელმა ქვიარ წყვილმა ,,ო’ჰული & თიდოუმ’’ გამოაქვეყნა:

წყაროები:

,,რომში გამოზამთრება”

ენ ლისტერი – ბიოგრაფიული ფაქტები

ენ ლისტერის დღიური

ენის სასიყვარულო ურთიერთობები

ენ ლისტერის მოგზაურობა საქართველოში

Mj Rodriguez პირველი ტრანსია, რომელიც POSE-ში მთავარი როლის შესრულებისთვის ემიზეა ნომინირებული

/

POSE ცნობილი ამერიკული დრამატული სერიალი, რომელიც ნიუ-იორკის 80-იანი წლების დრეგ კულტურას ნათლად ასახავს და დიდი პოპულარობით სარგებლობს ქვიარ თემში. POSE- ში პერსონაჟები მოცეკვავეები და მოდელები არიან, რომლებიც დრეგ კულტურაში ტიტულებისა და აღიარებისთვის იბრძვიან.

 

სერიალში მონაწილე ვარსკვლავებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია Mj Rodriguez, რომელიც დრამაში მთავარი როლის შესრულებისთვის ემიზეა ნომინირებული. როდრიგესი ისტორიაში შევიდა, როგორც პირველი ტრანს ადამიანი, რომელიც ემიზე მთავარ კატეგორიაშია ნომინირებული. ეს ისტორიული ნომინაცია კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ამ ინდუსტრიაში, რომელიც პატივს სცემს ტრანს ხელოვანებს.

 

 

როდრიგესმა რამდენიმე თვის წინ გამოუშვა თავისი სადებიუტო სინგლი ‘’Something to Thor’’ და ემის ნომინაციას მიუძღვნა. კლიპში ჩანს, როგორ პოზირებს როდრიგესი ევანგელისტას სახლიდან გამარჯვებისთვის, რაც სერიალის ფინალითაა ინსპირირებული. მიუხედავად იმისა, რომ სერიალი POSE დასრულდა, როდრიგესი ახალ სერიალ “Loot” ში გააგრძელებს თავის სამსახიობო კარიერას.

”ჩემი მიზანია, რომ ჩემმა არტისტულობამ, იქნება ეს მსახიობობა თუ მუსიკა, შეცვალოს აზრი იმ ადამიანების მიმართ, ვინც სძულთ ან მათი არ ესმით”, – თქვა მან ცოტა ხნის წინ ჟურნალ Shape-თან. ”მსოფლიოში ბევრი ცრურწმენა, უთანხმოება და დაყოფაა, როდესაც საქმე ტრანს ქალებს ეხება, რომ აღარაფერი ვთქვათ ქვიარ საზოგადოებაზე. ჩემი შემოქმედებით მსურს, ხალხმა დაინახოს, რომ ჩვენ უფრო მეტი საერთო გვაქვს, ვიდრე წარმოგვიდგენია.’’

წყარო: them.us

Netflix-ის ახალი დოკუმენტური ფილმი კონვერსიული თერაპიის სასტიკ ისტორიას მოგვითხრობს

/

Netflix– ის ახალი დოკუმენტური ფილმი Pray Away ანტი-ლგბტქ+ ორაგანიზაცია Exodus International-ის შესახებ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კონვერსიული თერაპიის ცენტრი იყო მსოფლიოში, სანამ ამავე ორგანიზაციის თანამშრომლის, რენდი ტომასის ძალისხმევით, 2013 წელს ეს ორგანიზაცია არ დაიხურა. დახურვიდან 2 წლის შემდეგ, ტომასმა საჯარო ქამინგაუთი გააკეთა და განაცხადა რომ გეია.

 

Pray Away-ის რეჟისორი ქრისტინ სტოლაკისია, აღმასრულებელი პროდიუსერები კი – ჯეისონ ბლუმი და რაიან მერფი. მერფი ასევე არის რეჟისორი ისეთი გახმაურებული სერიალებისა, როგორიცაა ‘’Ratched’’, ‘’American Horror Stories’’ და ქვიარ თემატიკის შემცველი სხვა ფილმები.

 

Pray Away მოგვითხრობს, თუ რა არის რეალურად კონვერსიული თერაპია და გვიჩვენებს, რომ ეს არ არის მხოლოდ კონკრეტული ქვიარ და ტრანს პირებზე მიმართული დისკრიმინაციული პრაქტიკა, არამედ ზედმიწევნით კარგად შემუშავებული ათწლეულების წინანდელი პოლიტიკური მოძრაობაა, რომელიც ღრმად არის დაფარული ამერიკულ ფუნდამენტალიზმში. Pray Away-ში ნათლადაა გაცხადებული, რომ ადამიანებმა, რომლებმაც კონვერსიული თერაპიის პოპულარიზაცია მოახდინეს, ზუსტად იცოდნენ, რას აკეთებდნენ. მათ ახლა თავიანთი ქმედებების სიმძიმე უნდა შეაფასონ.

 

კადრი ფილმიდან

 

ფილმში დეტალურადაა ასახული, როგორ დაფუძნდა Exodus International-ი. ორგანიზაციის დაფუძნების იდეა ხუთ გეი კაცს მოუვიდა. 1970-იანი წლების დასაწყისში ამ ადამიანებს არ შეეძლოთ თავიანთი შინაგანი გრძნობების შეჯერება რელიგიურ განწყობებთან. მათ რელიგია ეუბნებოდა, რომ მათი გრძნობები მათთვისვე იყო საზიანო, ამიტომ შექმნეს ქრისტიანული ჯგუფი, სადაც შეეძლოთ, ღიად ესაუბრათ გრძნობებზე, რათა გათავისუფლებულიყვნენ მისგან. ხუთკაციანმა ჯგუფმა, მათდა გასაკვირად, აღმოაჩინა, მთელს ქვეყანაში ქვიარ ქრისტიანების სხვა ჯგუფები გამოჩნდნენ. მათ მოაწყვეს კონფერენცია ყველა მცირე ჯგუფისთვის და ამ კონფერენციიდან დაიბადა Exodus International და თანამედროვე კონვერსიული თერაპიის მოძრაობა. ორგანიზაციამ წამოაყენა იდეა, რომ კონვერსიული თერაპია ეფექტური და აუცილებელი იყო ლგბტქ+ ადამიანებისთვის. ისინი სამოთხეში მოხვდებოდნენ, თუ Exodus-ის მსგავს ჯგუფებს მისცემდნენ საშუალებას, გაეკონტროლებინათ მათი სექსუალური მიზიდულობა და გენდერული იდენტობა. 1980-იან წლებსა და 90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც ქვიარ ადამიანები შიდსის კრიზისის შედეგად იხოცებოდნენ, მოძრაობის განვითარების ტემპები საგრძნობლად დაჩქარდა. მათ შიდსი გამოიყენეს იმის მტკიცებულებად, რომ ქვიარობა იყო არაბუნებრივი და არაწმინდა მდგომარეობა.

 

ამ ფონზე გამოჩნდა ქალი, სახელად ივეტ შნაიდერი, რომელმაც “უარყო” ქვიარობა და შეუერთდა კონვერსიული თერაპიით ქვიარ ადამიანების განკურნების იდეას და საჯარო გამოსვლებით მოიარა მთელი ქვეყანა. ფილმში ივეტ შნაიდერის პერსონაჟი აღიარებს, რომ მიუხედავად მისი კამპანიებისა, მისივე სქესის მიმართ მიზუდულობა არ გაქრობია.

კადრი ფილმიდან

Pray Away ძირითადად მოიცავს სიღრმისეულ ინტერვიუებს კონვერსიული თერაპიის აქტივისტებთან, რომლებსაც ახლა “ყოფილ გეებს” ეძახიან. ფილმში ასახულია, როგორ შეიწოვა ისინი მოძრაობამ, დაღეჭა და ამოაფურთხა. “ყოფილი გეი” გამომსვლელების კადრები გაერთიანებულია დღევანდელ ინტერვიუებთან. ძველ ვიდეოებში ისინი გაბრაზებულები და სასტიკები არიან.

ამერიკის 22 შტატში ჯერ კიდევ ლეგალურია კონვერსიული თერაპია. Pray Away–მ, შეიძლება ვერ წარმოადგინოს კონვერსიული თერაპიის პრობლემის ზუსტი გადაწყვეტა, მაგრამ მისი ყველაზე დიდი მიღწევა შეიძლება იყოს ის, რომ შექმნას პლატფორმა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გადაურჩნენ ამ სასტიკ პრაქტიკას.

წყარო: them.us