16 აგვისტოს პოპის ლეგენდა 63 წლის გახდა! მადონამ თავისი კარიერა მეოცე საუკუნის 70-იან წლებში, ნიუ იორკში საცხოვრებლად გადმოსვლის შემდეგ დაიწყო. ახალგაზრდა მეოცნებე გოგონას სურდა, თავისი ბედი ქორეოგრაფიაში ეცადა – რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მუსიკასთან მივიდა, პირველი ალბომი Madonna ჩაწერა და პოპის სამყაროში თავბრუდამხვევი ისტორია დაიწყო.
თავისი შემოქმედების განმავლობაში ამერიკელი მომღერალი აქტიურად მონაწილეობდა LGBT+ თემის გაძლიერებაში, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ჰოლივუდი და პოპი ღიად არ საუბრობდა ქვიარ საკითხებზე, მადონა ყველა პლატფორმას იყენებდა იმისთვის, რომ ქვიარ თემის მიმართ მხარდაჭერა გამოეხატა, სწორედ ამიტომ, ის მალე ლგბტ თემისთვის ნამდვილ აიქონად იქცა.
გთავაზობთ პოპის დედოფლის 13 გეი ჰიმნს:
Material Girl (Like A Virgin, 1984)
Material Girl ერთ-ერთი პირველი სიმღერაა მადონას შემოქმედებაში, რომელმაც მომღერალს დიდების კარი გაუღო. მუსიკალური კლიპის გამოსვლის შემდეგ, კრიტიკოსები და მსმენელები შეთანხმდნენ, რომ 26 წლის მომღერლის ვარსკლავი კიდევ მრავალი წელი იკაშკაშებდა. სიმღერა მერლინ მონროს ცხოვრებით არის შთაგონებული და ძლიერ ფემინისტურ მესიჯებს ატარებს.
True Blue (True Blue, 1986)
სანამ მადონა პოპის ლეგენდა გახდებოდა, მანამდე მან დიდი გზა გაიარა, დიდება და აღიარება მასთან მარტივად არ მოსულა, ეს სიმღერაც ზუსტად ასახავს მომღერლის გრძელ და დამოურჩილებელ გზას, ახალგაზრდა ვარსკლავი არ ერიდება ექსპერიმენტებს და მისი ყველა ნაბიჯი გამოუცნობი და მოულოდნელია.
Open Your Heart (True Blue, 1986)
კიდევ ერთი სიმღერა 1986 წლის ალბომიდან True Blue, მომღერალი მუსიკალურ კლიპში პატივს მიაგებს გეი აიქონებს – ლაიზა მინელის და მარლენ დიტრიხს. ამასთან ერთად, უპირისპირდება male gaze-ს და მსმენელს კიდევ ერთი გეი ჰიმნს ჩუქნის. აღნიშნული სიმღერა პოპის დედოფალმა 2014 წელს ერთი და იმავე სქესის პირების ქორწინების უფლებების დასაცავად გრემის სცენაზეც შეასრულა.
Express Yourself (Like A Prayer)
80-იანი წლების მიწურულს, დიდების მწვერვალზე მყოფმა მადონამ ახალი, მეოთხე ალბომი ჩაწერა და მსმენელებს კიდევ ერთი კომპოზიცია, Express Yourself შესთავაზა, რომელიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქალებისთვის და ლგბტ თემისთვის. მომღერალი ანგრევს გენდერის საზღვრებს და მუსიკალურ კლიპში მამაკაცის ალტერ ეგოთი გვევლინება. სწორედ ეს ლეგენდარული სიმღერა გახდა ლეიდი გაგას და მადონას ცნობილი დაპირისპირების მიზეზი, პოპის დედოფლის გულშემატკივრები გაგას Born This Way-ს ამ სიმღერის კოპირებად მიიჩნევენ.
Vogue (I’m Breathless, 1990)
სამყარომ ახალ ათწლეულში გადააბიჯა, დამთავრდა კაშკაშა და ფერადი 80-იანები, მადონა კი არ ჩერდება და ამჯერად ყველაზე ბინძურ და დამალულ ადგილებში, ნიუ იორკის Ballroom-ების იატაკქვეშეთში ჩადის, ჭუჭყიანი სარდაფებიდან მეინსტრიმში ამოაქვს ფერადკანიანი ტრანსგენდერი ქალების და ქვიარების საოცარი კულტურა, საცეკვაო მოძრაობები, პრობლემები და სულისკვეთება. Vogue-ის გამოსვლიდან სულ მალე პოპის შემსრულებელი პოპის დედოფლად გადაიქცა.
Justify My Love (The Immaculate Collection, 1990)
Justify My Love ახალი მადონას დაბადებად არის აღიარებული, მომღერალი ტოვებს თავისთვის დამახასიათებელ ჟღერადობასა და ნაივურობას და მისი ხმა, ტექსტები, მელოდია – კიდევ უფრო თამამი, სექსუალური, ქალური და პროვოკაციული ხდება. მუსიკალური კლიპი MTV-იმ სექსუალური კადრების, BDSM-ის და ბისექსუალობის ტირაჟირების გამო დაბლოკა, რაზეც მომღერლმა მალევე უპასუხა, რომ მისთვის გაუგებარია, რატომ უჩვენებენ უპრობლემოდ მკვლელობის სცენებს ეკრანებზე და კრძალავენ კადრებს, სადაც ქალები ერთმანეთს კოცნიან.
Fever (Erotica, 1992)
1992 წელი განსაკუთრებული აღმოჩნდა მადონასთვის, დახლებზე ჩნდება მისი კიდევ ერთი ალბომი Erotica, რომელსაც მალევე თან მოჰყვა სექს წიგნი, ალბომი მალე აკრძალეს ჩინეთში და სინგაპურში. Fever-ის მუსიკალური კლიპი კარგად ასახავს მადონას ტრანსფორმაციას და 90-იანი წლების სულისკვეთებას. სიმღერა მადონას არ ეკუთვნის, თუმცა მადონასეული ვერსია ერთ-ერთი გამორჩეულია.
Human Nature (Bedtime Stories, 1994)
90-იან წლებში კრიტიკოსები, ჟურნალისტები და კონსერვატიული საზოგადოება მადონას მწვავედ აკრიტიკებს სითამამისა და სექსუალობის გამო, მადონას პასუხი კი კიდევ ერთი ჰიტი, Human Nature არის, სადაც, ფაქტობრივად, დასცინის იმ საზოგადოებას, რომელიც გამუდმებით ზღუდავს ქალებსა და მოწყვლად ჯგუფებს. მადონას ეს ცნობილი კომპოზიცია დროს უსწრებს და მომავალში ინსპირაცია აღმოჩნდება ქრისტინა აგილერასა და რიანასთვის.
Nothing Really Matters (Ray of Light, 1998)
თითქოს მსმენელი ვეღარაფერმა უნდა გააკვირვოს, მაგრამ პოპ-ლეგენდა კიდევ ერთხელ ახერხებს ტრანსფორმაციას და სრულიად ახლებური ჟღერადობით ბრუნდება. მუსიკალური ვიდეო ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელია მომღერლის კარიერაში, ხოლო წითელი კიმონო – პოპულარული რუპოლის რეალითი შოუს მერვე სეზონში.
Hung Up (Confessions on a Dance Floor, 2005)
ABBA-ს Gimme Gimme Gimme-ის ჟღერადობით შექმნილი ეს ცნობილი ჰიტი 2000-იანების მადონას შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია, პოპის ლეგენდა კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მისი გული კვლავ LGBT+ თემს ეკუთვნის და ის არ აპირებს გაჩერებას.
Sorry (Confessions on a Dance Floor, 2005)
მადონას არსებობამ ხელი შეუწყო 2000-იან წლებში ახალ-ახალი ქალი არტისტების გამოჩენას. მუსიკალური სამყარო აღარ უჩივის ქალების ნაკლებობას, თუმცა ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ მადონა წარსული დიდებით დატკბება, ის კვლავ აგრძელებს საოცარი კომპოზიციებით მსმენელის განებივრებას და ამჯერად ბოდიშს ხუთ სხვადასხვა ენაზე იხდის.
Girl Gone Wild (MDNA, 2012)
50 წელს გადაცილებული ვარსკვლავი კიდევ ერთხელ ახერხებს მსმენელების გაოცებას, მადონა უბრუნდება Erotica-ს ესთეთიკას, შავ-თეთრი მუსიკალური კლიპი, მამაკაცები ტყავის თეთრეულებში და მაღალ ქუსლებზე, რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მადონაა!
Bitch I’m Madonna (Rebel Heart, 2015)
გეი აიქონობა მარტივი არ არის, მადონასთვის ეს ტიტული საპატიოა და პასუხისმგებლობასაც გრძნობს. Bitch I’m Madonna შემსრულებლის ერთ-ერთი ბოლო სინგლია, რომელშიც მსახიობი არ ერიდება ეგოს დემონსტრაციას, თუმცა, ამასთან, თავის ვიდეოში ადგილს ისეთ ახალგაზრდა ვარსკლავებს უთმობს, როგორებიც არიან, მაილი საირუსი, ქეითი პერი და ნიკი მინაჟი.
წყარო: gaytimes.co.uk
სტატია მოამზადა ზურა აბაშიძემ