სექტემბერი 2022 - Page 7

დრეგ კულტურა, როგორც ლგბტქ+ აქტივიზმი — გაიცანით ქართველი დრეგ ქვინი, GERILYN STONE

ტერმინი დრეგ ქვინი 1870 წლით თარიღდება და აღნიშნავს მსახიობს, რომელიც საზოგადოებაში სხვა სქესის ადამიანთან ასოცირებულ ტანსაცმელსა და გენდერულ როლს ირგებს. ამერიკელი დრეგ ქვინის და აქტივისტის, ლი ბრიუსტერის 1971 წლის სტატიაში დრეგ ქვინი განმარტებულია, როგორც ჰომოსექსუალი ტრანსგენდერი, რომელიც გამოირჩევა ჰიპერ ფემინურობით, დაუმორჩილებლობითა და კოლორიტულობით. 

წლებთან ერთად დრეგმა უფრო მეტი დანიშნულება შეიძინა, გაფართოვდა მისი საზღვრები და დღესდღეობით დრეგ კულტურით არამარტო კაცები, არამედ ქალები და სხვა გენდერული იდენტობის მქონე ადამიანებიც არიან დაკავებულები. 

დრეგისთვის დამახასიათებელია გადაჭარბებული თეატრალურობა, მაკიაჟი და ტანისამოსი. დრეგ ქვინები ლიპ-სინქის, ლაივ შესრულებით და საცეკვაო მოძრაობებით აშარჟებენ გენდერის მახასიათებლებს და ცდილობენ, გააძლიერონ ჩაგრულთა ხმა. 

ქართული დრეგი სულ ახლახან გაჩნდა და დღითიდღე იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ამ კულტურის ქართულ რეალობაზე მორგებას ცდილობენ. ერთ-ერთი პირველი ქართველი დრეგ ქვინი Gerilyn Stone-ია, რომელიც ქართული ანდერგრაუნდის სცენაზე რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა. როგორც 23 წლის ქვინი ამბობს, ყველაფერი ქროსდრესინგით (საპირისპირო სქესთან ასოცირებული ტანსაცმლის ტარება) დაიწყო, რაც შემდეგში დრეგში გადაიზარდა. 

Queer.ge ქართველ დრეგ ქვინს ესაუბრა და გთავაზობთ Gerilyn-ის ისტორიას დრეგზე, იდენტობაზე, ლგბტქ+ აქტივიზმსა და საკუთარი თავის აღმოჩენაზე.

ქროსდრესინგი, იდენტობა და ქვიარ ღამეების სერია

არიან ადამიანები, რომლებისთვისაც დრეგი მხოლოდ გამოხატვის ფორმა და ხელოვნების ერთ-ერთი მიმდინარეობაა, თუმცა ჩემთვის ასე არ არის. დრეგი არა მხოლოდ ხელოვნება ან გამოხატვის ფორმა, არამედ იდენტობის ნაწილიცაა. ჩემი, როგორც დრეგ ქვინის ისტორია ქროსდრესინგით იწყება — ბავშვობიდან მიყვარდა ქალის ტანსაცმლის ჩაცმა და როგორც კი სრულწლოვანი გავხდი და დამოუკიდებლობა მოვიპოვე, ხშირად გამოვხატავდი საკუთარ თავს ამ ფორმით. ეს თანდათან გადაიზარდა იმაში, რომ დრეგ ქვინი გავხდი. 

Tbilisi Pride Fest 2021. ფოტო: kerosene_on_ice

ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა საქართველოში ქვიარ ღამეების სერიები გაჩნდა. პირველად იყო კლუბ ბასიანის ორგანიზებული Horoom, სადაც თვეში ერთხელ მეძლეოდა საშუალება, ჩამეცვა ისე, როგორც მინდოდა და გამომეხატა საკუთარი თავი ისე, როგორც აღვიქვამდი. ეს ერთგვარი შვება იყო და მთელი თვის განმავლობაში მშვიდად ვგრძნობდი თავს, რადგან ვიცოდი, რომ არსებობდა ის ერთი ღამე, როცა საზოგადოების მიერ დაწესებული ნორმები არ მზღუდავდა და შემეძლო რამდენიმე საათით მეგრძნო თავისუფლება, ვყოფილიყავი ის, ვინც ვარ. შედეგად, ჰომოფობიურ საზოგადოებასთან ერთად თანაარსებობა დანარჩენ დღეებში უფრო მარტივი იყო. 

ქვიარ ღამეების სერიამ საშუალება მომცა, მაქსიმალურად გამეთავისუფლებინა საკუთარი თავი და გამოხატვის ფორმები, თუმცა იმის გამო, რომ ეს ყველაფერი თვეში ერთხელ ხდებოდა, ვცდილობდი მაქსიმალურად გამომეყენებინა ის რამდენიმე საათი და ხშირად ეს მაქსიმალური ხდებოდა ექსტრა და ექსტრა ყოველთვის იყო დრეგი.

დრეგ ქვინობა, როგორც ლგბტქ+ აქტივიზმი და ქართველი მერილინ მონროს დაბადება

ამ ყველაფერმა უფრო სერიოზული სახე მას შემდეგ მიიღო, რაც ნია გვათუამ, ჩემმა Drag Mother-მა შემომთავაზა ჰელოუინისთვის შოუს გაკეთება. ბევრი ფიქრის გარეშე დავთანხმდი, რადგან როგორც ლგბტქ+ აქტივისტი, ვგრძნობდი, რომ ამაზე კარგ ნაბიჯს ვერ გადავდგამდი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მუდმივად საზოგადოების წნეხის ქვეშ ცხოვრობენ და ვერ ბედავენ საკუთარი სურვილების და ოცნებების ახდენას. დღემდე ვიღებ უამრავი ადამიანისგან შეფასებას, რომ ჩემი პერფორმანსები ეხმარებათ, უფრო გაბედულები, თამამები და უშიშრები იყვნენ. ეს ძალიან დიდ ბედნიერებას მანიჭებს. სახელი Gerilyn Stone ამერიკული ვოგისთვის გაჩნდა. ინტერვიუს წერდნენ ჩემთან, სახელი ჯერ კიდევ არ მქონდა შერჩეული და ძალიან უცებ გადაწყდა, რომ ქართველი მერილინ მონრო ვყოფილიყავი, ანუ ჯერილინი – Georgian Merilyn. 

ჯერილინ სტოუნი და ნია გვათუა, ბარი Success. ფოტო: დათო ქორიძე

ყოველთვის ვცდილობ, პერფორმანსებში მუსიკის, მაკიაჟის, კოსტიუმების, სიუჟეტის თუ მოძრაობების საშუალებით მაყურებლამდე სხვადასხვა მნიშვნელოვანი მესიჯი მივიტანო. ეს არ არის მხოლოდ ლამაზი სანახაობა — ყოველი პერფორმანსის მიღმა პატარ-პატარა ნაღმებია დამალული. თავიდან, როცა დრეგის კეთება დავიწყე, ჩემი შოუები ძირითადად მიემართებოდა იმ ქალების შარჟს, რომლებიც მასკულინობის მარწუხებში არიან მოქცეულები, მხოლოდ სასიყვარულო ურთიერთობებს აფარებენ თავს და არ სურთ, ცხოვრების სხვა ასპექტებსაც გადასწვდნენ. სწორედ ამიტომ, შოუები გამოირჩეოდა გადამეტებული დრამატულობით, გროტესკულობით. 

მაყურებელს ყოველთვის რჩება შთაბეჭდილება, თითქოს ჩემი პერფორმანსები ჩემს ცხოვრებას ეხმიანება. ეს ხშირ შემთხვევაში ასე არ არის. ჩემთვის, როგორც არტისტისთვის, უფრო დიდი გამოწვევაა, გავცდე საკუთარ თავს და იმ თემებს შევეხო, რომლებიც ჩემი პიროვნებისგან შორს დგას. ყოველთვის ვცდილობ, ისეთ როლში შევიდე და ისეთი ემოციები გადმოვცე, რაც ჩემთვის უცხოა. 

მენტალური ჯანმრთელობა და დრეგ ქვინების გარშემო არსებული სტერეოტიპები

მესიჯები ყოველთვის იცვლება. დღესდღეობით ტრანს აქტივიზმით ვარ დაკავებული და ვცდილობ, ჩემი შოუებით ტრანს ადამიანების საჭიროებებზე ვისაუბრო. თავიდანვე, როცა დრეგის კეთება გადავწყვიტე, ამან ლგბტქ+ თემშიც უამრავი კითხვა გააჩინა და სტერეოტიპულად უდგებოდნენ საკითხს, რომ რადგან დრეგს ვაკეთებდი, აუცილებლად ბინარული ტრანს ადამიანი ვიყავი. სულ მიწევდა იმის ახსნა, რომ ეს ასე არ იყო, რომ დრეგ იდენტობა/კულტურა და ტრანს იდენტობა განსხვავდება ერთმანეთისგან. ყოფილა შემთხვევა, როცა პირად ურთიერთობებშიც შეუშლია ხელი ჩემს დრეგ საქმიანობას, თუმცა მალევე მივხვდი, რომ არავის გამო არ ღირს უარის თქმა იმაზე, რაც სიამოვნებას განიჭებს და რაც შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.  

ბარი Success. ფოტო: ელენე შენგელია

ჯერილინი ძალიან დამეხმარა განვითარებაში. ყოველთვის ინტროვერტი ვიყავი, თუმცა ჩემი საქმიანობიდან და სურვილებიდან გამომდინარე, მიწევდა ვყოფილიყავი ძალიან სოციალური და ადამიანებით გარშემორტყმული. იყო პერიოდები, როცა ჩემი მენტალური ჯანმრთელობა ძალიან არასტაბილური გახდა და ჯერილინმა ერთგვარი კედელი ააშენა, რომელიც იღებდა და აკეთებდა იმ ყველაფერს, რაც მე არ შემეძლო. ეს  საბოლოოდ დამეხმარა იმაში, რომ უკეთ გავმხდარიყავი. მიჭირს მისი დახასიათება, რადგან ჯერილინის ხასიათი ხშირად იცვლება, თუმცა ერთ რამეში დარწმუნებული ვარ — მას კარგი მიზნები აქვს და ქვიარ საზოგადოებისთვის სიკეთის მოტანა სურს. 

სირთულეები, რომელიც დრეგის კეთებას ახლავს

 

საბედნიეროდ დღეს უფრო მეტმა ადამიანმა იცის ამ კულტურის არსებობაზე და მოთხოვნაც გაიზარდა, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ იყო. თავიდან, როცა დრეგის კეთება დავიწყეთ, არ არსებობდა არანაირი ბიუჯეტი და ყველაფრის ყიდვა ჩვენი ხარჯებით გვიწევდა. რამდენიმე წლის წინ ლუქს 5 ლარად ვაწყობდით და შოუსთვის აუცილებელ ატრიბუტებს ვერსად ვინახავდით — ერთ მეგობართან ფეხსაცმელი მქონდა შენახული, მეორესთან კაბა. ბაზრობებზე მიწევდა სიარული, ბიუჯეტურად რომ მეყიდა ყველა საჭირო აქსესუარი, ამასთან ერთად, უნდა მეპოვა ადგილი, სადაც შოუმდე მაკიაჟს გავიკეთებდი. 

დღეს ყველაფერი სხვანაირადაა, შოუების კეთება ისეთი რთული აღარ არის. ამდენი წლის განმავლობაში ბევრი რამე ვისწავლე, თუმცა სულ ვფიქრობ იმაზე, რა სიახლე შევთავაზო ჩემს გულშემატკივრებს, როგორ მოვიზიდო უფრო მეტი მაყურებელი, როგორ გავაფართოო ჩემი შესაძლებლობები. თუმცა დრეგის კეთების დროს ყველაზე რთული ნაწილი მაინც შოუს დასრულების შემდეგ ყველაფრის მოშორება და სახლში ისე დაბრუნებაა, რომ არ გეტყობოდეს, გუშინ მაგარი “ნაშა” იყავი”.

ლადო მხეიძე და Gerilyn Stone, The Drag Ball: Disney ფოტო: ზურა მაისურაძე

 

დრეგ კულტურა, მეინსტრიმი და ისტორია, რომელიც ჯერ კიდევ იწერება

დრეგ კულტურა ხელოვნების სხვა მიმართულებისგან იმით განსხვავდება, რომ უფრო მეინსტრიმისა და პოპულარული კულტურისკენ იხრება, თუმცა ეს საერთოდ არ აკნინებს მას. მართალია, დრეგი სულ რამდენიმე ათწლეულის წინ გაჩნდა, თუმცა მაინც მდიდარი ისტორია აქვს და ამის უკან მთელი ქვიარ განმათავისუფლებელი მოძრაობა დგას. დრეგი ჰყვება იმ ადამიანების ისტორიას, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში განიცდიდნენ ჩაგვრას და მარგინალიზებას. 

ამასთან ერთად, ხელოვნების სხვა მიმართულებები, ძირითადად, უკვე განვითარებულია, არსებობს მკაცრი ნორმები, დოგმები. დრეგის შემთხვევაში ყველაფერი ახლა იწყება და ძალიან საინტერესოა ამაზე დაკვრივება, მის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანა. 

KOSA და სამომავლო გეგმები

ამ ეტაპზე ვმუშაობ ჩემს შოუქეისზე KOSA. ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ივენთი გვქონდა კლუბ KHIDI-ზე, თუმცა უკვე გვაქვს შემოთავაზება სომხეთიდან და იქ გავაკეთებთ მეორე შოუს. ამ ყველაფრის კურატორობას ვუწევ მე. 

KOSA-ს შოუები ეხება სოციალურ თემატიკას, პრობლემებს, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს.

KOSA Showcase, კლუბი KHIDI. ფოტო: გიორგი გოგუა

KOSA ორიენტირებულია იმაზე, რომ ადამიანები მეტად დააფიქროს პრობლემებზე, რომლებიც აქვს ლგბტქ+ თემს, ასევე, ხელი შეუწყოს ახალი ტალანტების აღმოჩენას. ჩვენი გვინდა ვიპოვოთ ადამიანები, რომლებსაც სურთ ქვინობა და არ იციან, რა ნაბიჯები გადადგან ამისთვის — ვის უნდა მიმართონ, როგორ დაიწყონ თავიანთ შოუებზე მუშაობა და ა.შ. 

რჩევები ახალბედა ქვინებს და მოგზაურობა საკუთარი თავის აღმოსაჩენად

Tbilisi Pride Fest 2022

დრეგის კეთება დამეხმარა სწორი ადამიანების პოვნაში და იმ სოციუმში აღმოჩენაში, სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ. ალბათ მხოლოდ ამის გამოც ღირს ამ ნაბიჯის გადადგმა. თუმცა, ამასთან ერთად, მოემზადეთ, რომ თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება და ბევრი აღმოჩენის გაკეთება მოგიწევთ გენდერზე, სექსუალობაზე, იდენტობაზე. ეს გამოცდილება მოგზაურობას ჰგავს, რომელიც უფრო დაგაახლოებთ საკუთარ თავთან, მეტად მიმღებლები გახდებით, მეტად ინფორმირებულები და უფრო უკეთ გაიგებთ, რა სურვილები გაქვთ და რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ ისინი რეალობა გახდეს.

აია ბერაია – იმისთვის, რომ ვისაუბროთ, გვჭირდება სივრცე

მე ვარ აია ბერაია, ქვიარი ქალი და გენდერის მკვლევარი.

სამაგისტრო პროგრამა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დავამთავრე და შემდეგ, სწავლის პარალელურად, ფემინისტურ და ქვიარ აქტივიზმში ჩავერთე. სურვილი, გენდერის კვლევის პროგრამაზე რომ მესწავლა, მოვიდა ჩემი რეფლექსიიდან იმაზე, თუ როგორ უთანასწორო საზოგადოებაში ვცხოვრობთ, მათ შორის, უთანასწორობაზე ქალებსა და კაცებს შორის და იმ პატრიარქალურ ტენდენციებზე, რომელთა დანახვაც, ფაქტობრივად, ყოველდღიურობაშია შესაძლებელი.

ჩემი ბიოგრაფიის მნიშვნელოვანი ნაწილია ისიც, რომ აფხაზეთიდან დევნილი ვარ.

ბავშვობის წლები

სოხუმი ბუნდოვნად მახსოვს, სამი წლის ვხდებოდი, როცა წამოვედით. თავიდან სამეგრელოს ერთ-ერთ სოფელში, ბებიასთან ვცხოვრობდით. იმ დროს ჩემი მშობლები სტუდენტები იყვნენ, ძალიან ახალგაზრდები თბილისში ჩამოვიდნენ და, ასე ვთქვათ, თბილისი იყო მათთვის თავშესაფარი.

დევნილის სტატუსმა ჩემს ცხოვრებაზეც მოახდინა გავლენა. თბილისის ერთ-ერთ ელიტურ საჯარო სკოლაში დავდიოდი და იქ სულ ვმალავდი, რომ დევნილი ვიყავი – სირცხვილი იყო ეს სტატუსი და სირცხვილი იყო ის სიღარიბე, რომელიც ამ სტატუსს უკავშირდებოდა. დევნილობა დღემდე სტიგმაა, მაშინ საზოგადოებამ არ გამოიჩინა ის სოლიდარობა და მხარდაჭერა დევნილების მიმართ, რაც უნდა გამოეჩინა. სამწუხაროდ, ეს გრძელდება და თანამედროვე მოვლენებიც ამას გვიდასტურებს.

ფოტო: ვახო ქარელი

ბავშვობაში კულტურამ მოახდინა ჩემზე ყველაზე დიდი გავლენა, ვგულისხმობ წიგნებს, გარკვეულ ფილმებსა და სერიალებს, რომლებზეც მაშინ მიმიწვდებოდა ხელი. ვკითხულობდი ასტრიდ ლინდგრენს, მარკ ტვენს… ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნაწარმოები ჰარი პოტერი იყო – იმ სამყარომ და იმ პერსონაჟებმა, რომლებიც ამ წიგნებში იყო აღწერილი, დიდი გავლენა მოახდინა ჩემი ღირებულებების ჩამოყალიბებაზე.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანი იყო ის, რომ დავდიოდი ბაირონის სკოლაში, სადაც ინგლისურს მასწავლიდნენ. ამან გამიხსნა გზა ბრიტანული და სხვა კულტურებისკენ და კიდევ უფრო მეტად დამეხმარა, რომ სამყაროს მრავალფეროვნება დამენახა.

ქვიარობის გააზრება

ალბათ, პირველად ამაზე თინეიჯერობის დროს, გარდატეხის ასაკში დავფიქრდი. თუმცა, რა თქმა უნდა, მაშინ არც “ქვიარი” ვიცოდი რას ნიშნავდა და არც ის, ვინ იყო ლესბოსელი ან ბისექსუალი. ზოგადად, სექსუალობაზე არ მქონდა დიდად ინფორმაცია და წარმოდგენები. თუმცა საკუთარ თავს ისე აღვიქვამდი, რომ მე განსხვავებული ვიყავი იმ გოგოებისგან, რომლებსაც ჩემ ირგვლივ ვხედავდი. ვაკვირდებოდი, როგორ რეაგირებდნენ ისინი გარემოზე და როგორ გამოხატავდნენ საკუთარ თავს, მაგალითად, თინეიჯერობის ასაკში ბევრმა გოგომ დაიწყო რაღაცნაირი გაპრანჭვა, უფრო ფემინურად ჩაცმა, მაკიაჟის გამოყენება… მე ეს არასდროს მაინტერესებდა და პირიქით, პროტესტი მქონდა, როდესაც მთხოვდნენ, რომ უფრო “გოგოსავით” ჩამეცვა და “გოგოსავით” მოვქცეულიყავი. მაშინ დავფიქრდი პირველად, რომ რაღაც მთლად “ჩვეულებრივად” არ იყო.

ფოტო: ვახო ქარელი

პირველად ქამინგაუთი და თვითგამორკვევაც, ვფიქრობ, უფრო მას შემდეგ მოხდა, რაც გენდერის კვლევის პროგრამაზე დავიწყე სწავლა. რაღაცნაირად გარდამტეხი მომენტი იყო ჩემთვის, იმიტომ, რომ იქ შევიძინე მეგობრები, რომლებსაც ღიაობა ჰქონდათ ამ საკითხის მიმართ. მანამდე ასეთი მეგობრები არ მყავდა. ამ ყველაფერმა მეც გამხსნა, აღმომაჩენინა საკუთარი თავი და მიბიძგა იმისკენ, რომ ჩავრთულიყავი აქტივიზმში.

ჩემს ოჯახს რაც შეეხება, დედასთან ქამინგაუთი გაკეთებული მაქვს. ის საკმაოდ ღია და ლიბერალური დამოკიდებულებების ადამიანია და, კი, ვიტყოდი, რომ ჩემი მხარდამჭერია. ამ კუთხით ნამდვილად გამიმართლა, განსხვავებით თემის ბევრი წევრისგან.

ტრავმული გამოცდილებები და ბარიერები

ჩემი ქვიარობის გამო მეგობრებიც დამიკარგავს. მიგრძნია, რომ გარიყული ვარ გარკვეული ჯგუფებისგან, მიგრძნია, რომ ცუდ ადამიანად ვითვლები… ზოგადად, საზოგადოებაში ცუდი რაც ხდება, თითქოს ეს რაღაცები მე მომეწერება ჩემი იდენტობის გამო. ხომ უცნაურია, მაგრამ ასე ხდება –

ჩვენი თემი არის ერთგვარი განტევების ვაცი, რომელსაც ბრალდება ის გაჭირვება, ომი და კატაკლიზმები, რომლებიც ხდება და შემდეგ ძალადობასაც ეს დამოკიდებულებები კვებავს.

სამწუხაროდ, ამ ქვეყანაში თავს თავისუფლად არ ვგრძნობ. თავისუფლება იქნებოდა, შემეძლოს, ავტონომიურად, თავისუფლად განვსაზღვრო ჩემი ღირებულებები, ჩემი ინტერესები, ჩემი სურვილები. არა მხოლოდ განვსაზღვრო და თავში მქონდეს ეს ყველაფერი, არამედ შემეძლოს მათი განხორციელება უსაფრთხო გარემოში. ამ ეტაპზე, ჩემთვის მნიშვნელოვანია გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, რასაც სახელმწიფო შეგნებულად არ უზრუნველყოფს, ასევე, სხვადასხვა ჯგუფისა და ქვიარ ადამიანების სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების შესწავლა და შესაბამისი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან. ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა და ეს განსაკუთრებით თემის წევრებს ურტყამს, რომლებიც ხშირად ისედაც ჩაგრულები და გარიყულები არიან ოჯახებისგან, სამუშაო გარემოსგან და ა.შ. ადამიანის საბაზისო მოთხოვნილებები, საცხოვრისი, ჯანდაცვა, განათლება – ეს უნდა იყოს უზრუნველყოფილი.

ფოტო: ვახო ქარელი

***

ქვიარ ქალებს ბევრი დამატებითი ბარიერი გვაქვს ცხოვრებაში. ერთ-ერთი ასეთი გამოწვევაა სექსუალური შევიწროება. ვფიქრობ, ქვიარი ქალი კიდევ უფრო მოწყვლადია სექსუალური შევიწროების მიმართ, შეიძლება ეს იყოს საჯარო სივრცეში, ქუჩაში, სამსახურშიც. გარდა ამისა, ქვიარ ადამიანებს არ გვაქვს თანასწორი ქორწინების უფლება – სამოქალაქო უფლებები და ის ბენეფიტები, რომლებიც მოჰყვება ქორწინების უფლებას. ეს კიდევ ერთი სფეროა, სადაც ვგრძნობთ, რომ სახელმწიფოს მიერ არ ვართ აღიარებული, როგორც თანასწორი მოქალაქეები. მიუხედავად იმისა, რომ ეს საკითხი ამჟამად ინდივიდუალურად მე არ მიდგას დღის წესრიგში, ძალიან მნიშვნელოვანია. სხვა გარემოება და შესაძლებლობა რომ იყოს, არ გამოვრიცხავ, მეფიქრა კიდეც.

ხილვადობის პოლიტიკა

პირველ რიგში, ჩვენ, აქტივისტები ვითხოვთ, რომ ჩვენი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება იყოს დაცული, იმისთვის, რომ ვისაუბროთ, რა გვჭირდება. ამისთვის მნიშვნელოვანია, გვქონდეს სივრცე და ამ კუთხით ძალიან დიდი პრობლემები გვაქვს – საჯარო სივრცეში ვერ ვიკრიბებით. ჩვენი თემისთვის ხილვადობის პოლიტიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არ უნდა დავთმოთ, უნდა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით და პრაიდის ინიციატივა ამისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. რაც შეეხება ქუჩაში საჯარო გამოსვლას, დემონსტრაციას, მუდმივად არსებობს კითხვა, რამდენად გვაქვს ამის შესაძლებლობა და სწორია, რომ ეს კითხვაც არის. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ,

ჩვენ მუდმივად უნდა გვქონდეს მიზნად, რომ გამოხატვის ამ გზას, რასაც საჯარო შეკრება და მარში ჰქვია, მივაღწიოთ. ყოველთვის უნდა განვიხილავდეთ, ჩავატაროთ თუ არა პრაიდი. ეს საკითხი დღის წესრიგში მუდმივად უნდა იდგეს.

ხილვადობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქამინგაუთი. რაც უფრო მეტი ადამიანი გამოჩნდება, რაც უფრო მეტი ადამიანი ისაუბრებს საკუთარ თავზე და თემის სახელით, მით უფრო მეტად დაინახავს საზოგადოება, რომ ეს თემიც ამ საზოგადოების ნაწილია, დაინახავს იმ პრობლემებს, რომლებიც თემს აწუხებს. გარდა ამისა, ქამინგაუთი მნიშვნელოვანია თვითონ იმ სოციალური წრეებისთვის, რომლებშიც უშუალოდ ჩვენ ვართ – ჩვენი ოჯახი, ჩვენი სამეზობლო, სამეგობრო, კოლეგები… ეს კვლევებითაც დასტურდება – როდესაც ადამიანი უშუალოდ იცნობს ლგბტქი თემის წარმომადგენელს, მაშინ ის უფრო ნაკლებად არის განწყობილი ჰომოფობიურად და ამ კუთხითაც მნიშვნელოვანია, რომ შენმა უშუალო წრემ დაგინახოს.

ფოტო: ვახო ქარელი

ხალხის ცნობიერების ამაღლებაც აუცილებლად უკავშირდება ხილვადობას. როგორც აღვნიშნე, საჯარო დემონსტრაციის ჩატარება საკამათო საკითხია ხოლმე, მაგრამ მარშის გარდაც ბევრი ფორმა არსებობს, რომლითაც ხილვადობის გაზრდა შეგვიძლია. მაგალითად, ასეთია თბილისი პრაიდის მიერ ორგანიზებული პრაიდ ფესტივალი, რომელსაც შარშანაც 2000-მდე ადამიანი დაესწრო. ვფიქრობ, ასეთი ღონისძიებები მნიშვნელოვანია, ასევე, აუცილებელია ონლაინ კამპანიები და მედიაში აქტიურობა.

***

მიუხედავად სირთულეებისა, მაინც ვფიქრობ, რომ მთავარია, არ დავნებდეთ, შევინარჩუნოთ უკეთესი მომავლის რწმენა და გავაგრძელოთ ჩვენი სივრცეების შექმნა, განვითარება და გაძლიერება.

სტრესის დაძლევისა და მართვის ტრენინგი აქტივისტებისთვის — შეჯამება

ორგანიზაციამ თანასწორობა 17 ქვიარ და სამოქალაქო აქტივისტი ქალებისთვის, უფლებადამცველი ქალებისთვის და მათთვის, ვისაც სტრესულ სიტუაციებში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენაზე ზრუნვა უწევს, ქალაქ ბათუმში სტრესის მართვისა და დაძლევის 4-დღიანი ტრენინგი ჩაატარა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ქალები და გოგოები სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის, თელავიდან, თბილისიდან, დედოფლისწყაროდან, ამბროლაურიდან, ზუგდიდიდან, ადიგენიდან და ბათუმიდან. ტრენინგში 25 ადამიანი მონაწილეობდა.

ტრენინგის მიზანი მონაწილეების ფსიქიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის უნარების ამაღლება, ერთმანეთის გაცნობა, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში სამომავლოდ თანამშრომლობის ხელშეწყობა იყო.

ტრენინგის მონაწილე, სამოქალაქო აქტივისტი ამბროლაურის რაიონიდან, ეთერ არსანიძე ამბობს, რომ შედეგად, შეძლებს საკუთარი ემოციები მეტად მართოს, რაც საქმიანობაშიც ბევრად პროდუქტიულს გახდის.

“აქტივისტებს, განსაკუთრებით ქვიარ აქტივისტებს, ჩვენს ქვეყანაში სტრესულ გარემოში ცხოვრება უწევთ. როდესაც სტრესული გარემო ყოფის ყოველდღიურობაა, გონებაში ილექება ყველაფერი, რაც შემდეგ ძალიან ბევრი ნეგატიური ფაქტორის გამომწვევია. სამწუხაროდ, ჩვენთვის არავის უსწავლებია, როგორ უნდა დავუხვდეთ ასეთ დაბრკოლებებს. სტრესის მართვისა და დაძლევის 4-დღიან ტრენინგზე ამ საკითხთან მიახლოებას ველოდი, რაც რეალურად მოხერხდა. ამ საქმის სპეციალისტად ვერ  გამოვდგები, თუმცა უკვე შემიძლია, თუნდაც უახლოესი რამდენიმე თვე ჩემი ემოციები, როგორც პოზიტიური, ასევე ნეგატიური, ვაკონტროლო და ვმართო, რაც ნაკლებად დამსტრესავს და საქმიანობაშიც ბევრად პროდუქტიულს გამხდის. ყველაზე ღირებული, რაც ტრენინგმა დამიტოვა, ამ 4 დღის განმავლობაში გაცნობილი ადამიანები არიან, რომელთა სახითაც ჩემს საქმიანობაში მეტი მხარდამჭერი მეყოლება”, – უთხრა ეთერ არსანიძემ ქვიარს.

ტრენინგს ესწრებოდა მარკეტინგის სპეციალისტი და თბილისი პრაიდის ბორდის წევრი, ტაო ჭალიძეც. მისი თქმით, გაუძლიერდა შეგრძნება, რომ ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაში მარტო არ არის და შეუძლია, უკეთესის იმედი ჰქონდეს.

“ტრენინგთან დაკავშირებით ორი სახის მოლოდინი მქონდა: გავეცნობოდი სხვადასხვა გზას სტრესის დასაძლევად და შევხვდებოდი ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე კარგად ესმით ის გამოწვევები, რის წინაშეც თავად ვდგავარ ხოლმე, გამიზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებებს. ორივე მოლოდინი 100%-ით გამართლდა. ჩემთვის სავარჯიშოების ნაწილიც და თეორიაც საინტერესო აღმოჩნდა. ახალმა ცოდნამ და ახალი ადამიანების გაცნობამ გამიმძაფრა შეგრძნება, რომ მარტო არ ვარ და შემიძლია, უკეთესის იმედი მქონდეს”, – ამბობს ტაო.

ფოტო: ეთერ არსანიძე

იურისტი თბილისიდან, მარიამ ჯიქია კი აღნიშნავს, რომ ტრენინგებზე ფორმალურ გარემოს ელოდა, თუმცა ყველა ტრენერი, კლასიკური შემთხვევისგან განსხვავებით, მზრუნველ, უსაფრთხო და გუნდურ გარემოს ქმნიდა.

“სტრესის მართვისა და დაძლევის ტრენინგები ექსპერტების და ორგანიზატორების მიერ როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მიმართულებით სრულად იყო მორგებული ჯგუფის წევრების ინტერესებზე. გარემო უსაფრთხო და მიმღებლური იყო. ტრენინგებზე პოზიციების გაზიარებისა და მსჯელობის საშუალება მეცნიერული ცოდნის მარტივად აღქმისა და გააზრების შესაძლებლობას გვაძლევდა. მიუხედავად იმისა, რომ ტრენინგებზე დაახლოებით 30-მდე ადამიანი მონაწილეობდა, ტრენერები და ორგანიზატორები ჯგუფის თითოეული წევრის საჭიროებებსა და ინტერესებს ითვალისწინებდნენ. რაც მთავარია, პრაქტიკული ჯგუფური თერაპიები, რომელშიც მონაწილეობა არასდროს მიმიღია, ფრთხილად და წინდახედულად მიმდინარეობდა, რაც ჯგუფში საუბრის უხერხულობას არ ქმნიდა. ამასთან, სტრესის მართვის ტექნიკები, რომელიც დეტალურ და კონკრეტულ გამოყენებად საშუალებებს ეხებოდა, საკუთარი თავის უკეთ მართვის შესაძლებლობას მომცემს”, – გვითხრა მარიამმა.

საჯარო მმართველობის მაგისტრისა და აქტივისტისთვის თელავიდან, ნინო ბოჭორიძისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შინაგანი ბავშვის საკითხზე საუბარი აღმოჩნდა.

“ვფიქრობ, ამ ტრენინგმა ჩემს მოლოდინებს გადააჭარბა, რადგან თეორიასთან ერთად, გვქონდა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიგვეღო პრაქტიკულ სავარჯიშოებში და ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა საკუთარი გამოცდილება. ტრენინგი მშვიდად და სტაბილურად მიმდინარეობდა. ჯგუფი იდეალურად იყო შერჩეული, რაც სიმშვიდისა და უსაფრთხოების განცდას ქმნიდა. ადგილი არ ჰქონია რაიმე სახის გადაცდომას. ჩემთვის ყველა თემა ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, მაგრამ ყველაზე მეტად გამოვარჩევდი ჩვენს შინაგან ბავშვს, რომლის კარგად გამოკეტვასაც ვცდილობთ ხოლმე. ამ საკითხზე საუბარმა მიმახვედრა, რომ ჩემს შინაგან ბავშვს ყოველთვის პატივი უნდა ვცე და მოვუარო”, – ამბობს ის.

ტრენინგის ერთ-ერთი ორგანიზატორის, იურისტის და აქტივისტის, თანასწორობა 17-ის დამფუძნებლის, ნინო ბოლქვაძის თქმით, ტრენინგის მიმდინარეობამ ნათლად აჩვენა, რამდენად საჭიროა მსგავსი ღონისძიებები სამოქალაქო აქტივისტი ქალების, განსაკუთრებით კი, ქვიარ აქტივისტი ქალების მხარდაჭერის პროცესში.

“პროფესიული გადაწვის პრევენცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია იმ ქალებისთვის, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას სოციალურ, სამართლებრივ, ფსიქოლოგიურ და სამედიცინო სერვისებს უწევენ სხვადასხვა სოციალური ჯგუფის წარმომადგენლებს. ამას გარდა, თვალსაჩინო გახდა რეგიონებში მსგავსი ღონისძიებების ნაკლებობა და მწვავე საჭიროება. საერთო ტრავმებზე კოლექტიური ზრუნვის ტექნიკები შესაძლებლობას გვაძლევს, დისკრიმინირებული ჯგუფების წინაშე არსებული გამოწვევები, მათთან გამკლავების გზები, ინდივიდუალურად და ერთად გასაკეთებელი სამუშაო გავიაზროთ, იმისთვის, რომ გადავრჩეთ და შევამციროთ ზიანი, რომელსაც საზოგადოება გვაყენებს, გავაუმჯობესოთ ერთმანეთის ყოფა”, – ამბობს ნინო.

მისი ინფორმაციით, თანასწორობა 17 საქართველოს რეგიონებში ქალებისა და ქვიარ თემის მხარდასაჭერად მსგავსი ინიციატივების განხორციელებას სამომავლოდაც შეეცდება.

პროექტი თანასწორობა 17-ის ორგანიზებითა და ქალთა ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

ლგბტქი აქტივისტური საქმიანობის გამო ირანში 2 ქალს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს

„ისლამური რევოლუციის სასამართლომ“ ორი ირანელი ქალის წინააღმდეგ სასიკვდილო განაჩენი გამოიტანა, რადგან ისინი ლგბტქი აქტივისტურ საქმიანობას ეწეოდნენ.

ზაჰრა ჰამადანისა და ელჰამ ჩუბდარის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენის შესახებ ინფორმაცია 5 სექტემბერს გავრცელდა, მას შემდეგ, რაც ადამიანის უფლებათა ქსელმა მიიღო ცნობა, რომ დაკავებულებს გადაწყვეტილების შესახებ რამდენიმე დღით ადრე შეატყობინეს.

“ისლამური რევოლუციის მცველებმა” ზაჰრა ჰამადანი და ელჰამ ჩუბდარი ჰომოსექსუალობის, აზარტული თამაშების, თაღლითობის, ასევე, უკანონო სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდასა და ინტერნეტში გამოქვეყნებში დაადანაშაულა.

ადამიანის უფლებათა ირანული ქსელის თქმით, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ორივე დამნაშავეა და მათ განაჩენი გამოუტანა ქმედებისთვის, რომელიც საფრთხეს უქმნის სოციალურ და პოლიტიკურ კეთილდღეობას (corruption on Earth – ამ ტერმინით განიმარტება დანაშაულთა ფართო სპექტრი, “ისლამური მორალის” უგულებელყოფის ჩათვლით), „ქრისტიანობის პროპაგანდისა“ და ასევე „ისლამურ ხელისუფლებასთან წინააღმდეგობაში მყოფ მედიასთან კავშირებისთვის“.

ბრიტანელი ლგბტქი უფლებადამცველის, პეტერ ტეტჩელის შეფასებით, ამ ბრალდებას რეჟიმის კრიტიკოსების წინააღმდეგ ხშირად იყენებენ.

ზაჰრა ჰამადანი წარსულშიც გახდა ოფიციალური უწყებების სამიზნე, რადგან ლგბტქი უფლებებზე მუშაობდა — 2021 წლის ოქტომბერში, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ლგბტქი უფლებების დაცვის მხარდამჭერი პოსტების გამო მცირე ხნით დააკავეს. ერთი თვის შემდეგ კი კიდევ ერთხელ დააპატიმრეს, როცა ქვეყნიდან გაღწევას ცდილობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამის შემდეგ ჰამადანის ადვოკატის აყვანის უფლებაც არ მისცეს.

ირანში ლგბტქი ადამიანები იძულებულნი არიან დამალონ საკუთარი სექსუალური ორიენტაცია და გენდერული იდენტობა, რადგან ჰომოსექსუალობა სიკვდილით ისჯება. ირანული ლესბოსელთა და ტრანსგენდერთა ქსელის 2020 წლის მონაცემებით, ლგბტქი ირანელთა 62%-ს ოჯახისგან რაიმე ფორმით ძალადობა გამოუცდიათ. 77%-მა კი სექსუალური ორიენტაციის გამო ფიზიკური ძალადობის შესახებ განაცხადა.

წყარო: Radio Free Europe

7 ახალი სერიალი, რომელიც სექტემბერში გამოვა

ექვსი ამერიკელი გოგო პარიზში ახალ ცხოვრებას იწყებს; არალეგალური სამეცნიერო ექსპერიმენტის შედეგად სამი ახალგაზრდა საზარელ მონსტრად იქცევა; 17 წლის ვამპირ როუზს პრინცესას მცველობისთვის ამზადებენ — როგორც ჩანს სატელევიზიო შოუების მოყვარულებისთვის სექტემბერი გამორჩეული იქნება. 

თვალი გადაავლეთ ქვიარ სერიალებს, რომლებიც სულ მალე გამოვა ეკრანებზე ან ახალი სეზონით დაბრუნდება.

The Imperfects

Netflix-ის ახალი სერიალი აბის, ხუანის და ტილდას ისტორიას გვიამბობს, რომლებიც არალეგალური სამეცნიერო ექსპერიმენტის შედეგად საზარელ მონსტრებად გადაიქცევიან. ისინი გადაწყვეტენ, გაერთიანდნენ, რათა გაარკვიონ, რა შეემთხვათ და ერთად შეებრძოლონ დოქტორ ალექს სარკოვს. 

მოზარდებზე გათვლილი სერიალი სტრიმინგ სერვისზე 8 სექტემბერს დაემატება.  

Real Girlfriends In Paris

თუ გიყვართ Emily in Paris, თქვენთვის კარგი ახალი ამბავი გვაქვს — სულ მალე მცირე ეკრანებზე ახალი რეალითი შოუ, Real Girlfriends In Paris გამოვა. შოუ 6 მეგობარი გოგოს ისტორიაზე გვიამბობს, რომლებიც საცხოვრებლად და ახალი თავგადასავლების საძებნელად პარიზში გადადიან.

რეალითი შოუს ხილვა მაყურებელს 6 სექტემბრიდან შეეძლება. 

Vampire Academy

როგორც ჩანს, სისხლისმსმელი არსებები კვლავაც არ კარგავენ აქტუალობას. “ვამპირების დღიურების” შემქმნელებისგან კიდევ ერთ სერიალს უნდა ველოდოთ. „ვამპირების აკადემია“ რიშელ მიდის გახმაურებულ წიგნს ეფუძნება. ექვსტომეული 17 წლის ვამპირის, როუზ ჰეთეუეის ისტორიას გვიამბობს, რომელსაც ვამპირების აკადემიაში პრინცესა ვასილისას მცველად ამზადებენ.

სერიალი Peacock-ის ვებგვერდზე 15 სექტემბერს გამოჩნდება. 

The Handmaid’s Tale – მეხუთე სეზონი

არაერთგზის ემის და ოქროს გლობუსის მფლობელი Hulu-ს სერიალი, რომელიც 2017 წელს გამოვიდა, ახალი, მეხუთე სეზონით ბრუნდება. მარგარეტ ეტვუდის რომანის მიხედვით გადაღებული დისტოპიური სერიალი გვიამბობს მომავლის შემზარავ სამყაროზე, სადაც ქალები მხევლებად არიან ქცეულები. სერიალში მთავარ პერსონაჟად ჯუნ ოსბორნი, იგივე ფრედისა გვევლინება, რომელსაც სურს თავი დააღწიოს მჩაგვრელ სისტემას. 

სერიალი ფინალური, მეხუთე სეზონით 14 სექტემბერს დაბრუნდება. 

Monarch

Monarch არის FOX-ის ახალი სერიალი, რომელიც ქანთრი მუსიკის შემსრულებლების ოჯახზე, მათ გარშემო არსებულ სკანდალებზე, ვარსკვლავურ დიდებაზე და ამბიციებზე გვიამბობს. სერიალში მთავარ როლში ოსკაროსანი სიუზენ სარანდონი მოგვევლინება, რომლის პერსონაჟმაც მთელი დინასტია შექმნა. 

სერიალი, რომელშიც ეპიზოდურ როლებში ქანთრი მუსიკის ვარსკვლავები, ტანია ტაკერი და შენაია ტვეინიც იქნებიან, მცირე ეკრანებზე 12 სექტემბერს გამოვა.

Reboot

Reboot კომედიური ჟანრის სერიალია, რომელიც ლესბოსელი სცენარისტის, რეიჩელ ბლუმის გარშემო ვითარდება. რეიჩელი გადაწყვეტს 2000-იანი წლების გახმაურებული ოჯახური სიტკომის, რებუტის გაკეთებას, რის გამოც სცენარისტს მივიწყებული მსახიობების „გაცოცხლება“ მოუწევს. მოახერხებენ დისფუნქციური მსახიობები ახალ სამყაროსთან ადაპტირებას? 

სერიალი, რომელზეც Modern Family-ის ერთ-ერთი შემქმნელი მუშაობს, ონლაინ სტრიმინგ სერვის Hulu-ზე 20 სექტემბერს დაემატება. 

American Gigolo

American Gigolo ახალი სერიალია, რომელიც ნეო-ნუარის ჟანრისაა და გვიამბობს კაცი ესკორტის, ჯულიანის ისტორიას, რომელიც 15-წლიანი პატიმრობის შემდეგ ლოს-ანჯელესში ბრუნდება და ცხოვრების თავიდან დაწყებას ცდილობს. ამასთან, ჯულიანს სურს, თავისი ერთადერთი სიყვარული დაიბრუნოს და შური იძიოს მათზე, ვინც ის ციხეში გაგზავნა. 

სერიალი, რომელიც ამავე სახელწოდების 1980 წელს გამოსულ გახმაურებულ ფილმს ეფუძნება, 9 სექტემბერს გამოვა ეკრანებზე. 

ინდოეთის სამედიცინო კომისიამ „მოქცევის თერაპია“ უკანონოდ გამოაცხადა

ინდოეთის სამედიცინო მარეგულირებელმა ორგანომ, ეროვნულმა სამედიცინო კომისიამ „მოქცევის თერაპია“ (მახინჯი პრაქტიკა, რომელიც ლგბტქი ადამიანების სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის შეცვლას ისახავს მიზნად და მენტალურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის) უკანონოდ გამოაცხადა და აღნიშნა, რომ სამედიცინო მუშაკებს, რომლებიც საზიანო პრაქტიკას განახორციელებენ, ქმედება პროფესიულ გადაცდომად ჩაეთვლებათ.

უზენაესი სასამართლოს მითითებების შემდეგ, რომლის თანახმადაც, ლგბტქი ადამიანთა ცხოვრების გაუმჯობესებისთვის ნაბიჯების გადადგმა იყო საჭირო, სამედიცინო კომისიამ განაცხადა, რომ ინდოეთის სამედიცინო საბჭოს დაქვემდებარებით „მოქცევის თერაპია“ აიკრძალა.

2 სექტემბერს, უზენაესმა სასამართლომ თქვა, რომ ხელისუფლებას 12-კვირიანი ვადა აქვს, რათა ტრანსგენდერი ადამიანების უფლებათა დაცვის შინაგანაწესი შეიმუშავოს, რომელიც ოფიციალური უწყებების თქმით, საბოლოო ეტაპზეა.

უზენაესმა შინაგანაწესის მიღების გაჭიანურებული პროცედურების გამო ხელისუფლება გააკრიტიკა და მათი მოთხოვნის საპასუხოდ, რომლითაც 6-თვიან ვადას ითხოვდნენ, აღნიშნა, რომ „პროცესი წელიწადზე მეტია გრძელდება და გაუგებარია, ტრანსგენდერი ადამიანების დაცვის შინაგანაწესის მიღებისთვის დამატებით 6 თვე რა საჭიროა“.

ბოლო წლებში, ინდოეთმა ლგბტქი უფლებების განმტკიცების მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. 2018 წელს ნებაყოფლობითი გეი სექსის დეკრიმინალიზება მიიღწა, სულ ცოტა ხნის წინ კი ოჯახის ცნება შეცვალეს და ჩანაწერმა ქვიარ წყვილების პარტნიორობაც მოიცვა.

წყარო: The Hindu

Euphoria, Rupaul’s Drag Race და სხვა ქვიარ შოუები ემის კრეატიული ხელოვნების გამარჯვებულებს შორის

12 სექტემბერს, ემის 74-ე დაჯილდოების მთავარი ცერემონია გაიმართება, იქამდე კი, 3 და 4 სექტემბერს, ემის კრეატიული ხელოვნების 74-ე დაჯილდოების გამარჯვებულები გახდა ცნობილი.

2021-2022 წლის საუკეთესო ნამუშევრებს შორის მრავლად იყო ლგბტქი სატელევიზიო რეალითი შოუები და სერიალები, რომელთა ნაწილს გამარჯვებულის ტიტულიც ერგო.

მიმდინარე სატელევიზიო სეზონის რეალითი და შეჯიბრის ფორმატის შოუებს შორის ფავორიტები დრეგ კულტურის წარმომადგენლები — Rupaul’s Drag Race და We’re Here გახდნენ.

Michael Buckner/Variety/Getty Images

Drag Race-ის წამყვანმა, რუპოლმა რეალითი ან შეჯიბრის ტიპის შოუს საუკეთესო წამყვანის ნომინაციაში მე-7 გამარჯვება მოიპოვა, რაც ამ კატეგორიაში რეკორდული მაჩვენებელია. გარდა ამისა, Drag Race-მა გაიმარჯვა საუკეთესო პროდუქტის დიზაინის კატეგორიაშიც.

We’re Here-მა გამარჯვება დოკუმენტური ან რეალითი შოუსთვის შექმნილი საუკეთესო კოსტიუმებისთვის მოიპოვა, ხოლო დრეგ შემსრულებელმა და მეიქაფ არტისტმა, ლაილა მაკქვინმა საუკეთესო მაკიაჟის კატეგორიაში გაიმარჯვა. მასთან ერთად პრიზი კიდევ ერთი ქვიარ შოუს, Legendary-ის მეიქაფ არტისტმა მოიპოვა.

საუკეთესო რეალითი შოუ Queer Eye გახდა.

სერიალების კატეგორიებში ლიდერები ქვიარ შოუები, Euphoria და The White Lotus გახდნენ.

The White Lotus-მა გამარჯვება 5 კატეგორიაში — კასტინგისთვის, ანთოლოგიის ან მინისერიალის ტიპის შოუსთვის შექმნილი საუკეთესო მუსიკის, თემის მუსიკის, მონტაჟისა და ხმის ინჟინერიისთვის მოიპოვა.

5 კატეგორიაში გახდა გამარჯვებული Euphoria-ც. სერიალმა გამარჯვება საუკეთესო ქორეოგრაფიისთვის, ერთკამერიანი სერიალის საუკეთესო კინემატოგრაფიისთვის, თანამედროვე მაკიაჟისთვის და ერთკამერიანი დრამატული სერიალის საუკეთესო მონტაჟისთვის მოიპოვა. გარდა ამისა, დრამატული სერიალის საუკეთესო მოწვეული მსახიობის კატეგორიაში კოლმან დომინგომ გაიმარჯვა.

ემის 74-ე დაჯილდოების მთავარი ნომინაციების გამარჯვებულები 12 სექტემბერს გამოცხადდება და სავარაუდოა, რომ გამარჯვებულებს შორის ლგბტქი სერიალებსა და მსახიობებს მრავლად ვიხილავთ.

74-ე კრეატიული ემის გამარჯვებულთა სრული სიის ნახვა შეგიძლიათ ამ ლინკზე. 

ILGA-Europe-ის სესია მედიასთან კომუნიკაციის შესახებ LGBTQI აქტივისტებისთვის

14 სექტემბერს, ILGA-Europe-ის უნარების გაუმჯობესების  ონლაინ სესიის მომდევნო შეხვედრა გაიმართება, რომელიც ლგბტქი აქტივისტებს მედია შესაძლებლობების გამოყენების შესახებ პრაქტიკულ რჩევებს გაუზიარებს.

უნარების გაუმჯობესების ინტერაქციული შეხვედრა აგებული იქნება ILGA-Europe-ის მედია ოფიცერის ჩვეული სამუშაო დღის მიხედვით, რომელიც ევროპული მედიასაშუალებებით გამოქვეყნებულ ლგბტქი ამბებს ყოველდღიურად ფარავს.

სესია დაფარავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა:

  • როგორ მივადევნოთ თვალი სწრაფად ცვალებად მედია ამბებს ისე, რომ დრო სრულად არ დავკარგოთ;
  • ჟურნალისტების საქმიანობის გაგებისა და მათთან ურთიერთობის შენარჩუნების გზები;
  • უნდა გვქონდეს თუ არა რეაგირება კონკრეტულ ამბავზე და რა სახით შეგვიძლია თანამონაწილეობა;
  • მედია-რეაგირების ტაქტიკები და შიდა სამუშაოს დაგეგმვის პროცესის გამარტივების გზები.

სესიის მონაწილე ლგბტქი აქტივისტები შეხვედრის ბოლოს სასარგებლო რესურსებსა და მცირე დავალებას მიიღებენ. დაინტერესების შემთხვევაში კი, მეორე თემატურ სესიაზე დასწრება შეგეძლებათ, რომელზეც პერსონალურ რჩევასა და დავალებასთან დაკავშირებით ჯგუფურ უკუკავშირს მიიღებთ.

უნარების გაუმჯობესების სესიაში მონაწილეობისთვის აღნიშნულ ლინკზე უნდა დარეგისტრირდეთ. შეხვედრა ონლაინ, Zoom-ში შედგება.

ევროკავშირი სერბეთს ევროპრაიდის მშვიდობიანად ჩატარების გარანტიების შექმნისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი სერბეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, ევროპრაიდის ორგანიზატორებთან კომუნიკაცია გააგრძელოს, რათა ღონისძიების მშვიდად და უსაფრთხოდ ჩატარების გარანტიები შეიქმნას. პრესსპიკერის განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ყველაზე დიდი ევროპული ლგბტქი მარშის სერბეთში ჩატარებასთან დაკავშირებით, ქვეყნის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ღონისძიება გაუქმდებოდა.

„ევროკავშირი მხარს უჭერს თანასწორობას და გმობს ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას. ევროპრაიდი პირველად 1992 წელს ჩატარდა და ღონისძიების მიზანი ევროპაში მცხოვრები ლგბტქი ადამიანების უფლებათა ადვოკატირებაა, იმ ადამიანებისთვის პლატფორმის მიცემა, რომლებიც დისკრიმინაციას, ძალადობასა და სიძულვილს უმიზეზოდ, მხოლოდ მათი სექსუალობის, სქესისა და გენდერის მიზეზით აწყდებიან“, — ნათქვამია ევროკავშირის პრესსპიკერის განცხადებაში.

გამოქვეყნებული განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი „ახლო პარტნიორებისგან ადამიანის, მათ შორის, ლგბტქი პირების უფლებათა დაცვისა და განმტკიცებისთვის სათანადო ძალისხმევას“ ელის, რაც „შეკრებისა და გამოხატვის მათი კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებსა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაშია“.

ევროპრაიდის სამხრეთ-ევროპის ქვეყანაში ჩატარება, რომელიც ევროპის ეკონომიკური ზონის წევრი არაა, პირველად იგეგმება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ჰომოფობიური აქცია მოჰყვა, სერბეთის პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ ღონისძიება გაუქმდებოდა. განცხადების საპასუხოდ ევროპრაიდის სერბეთში ჩატარების მხარდამჭერი პეტიცია შეიქმნა, ევროპრაიდის ორგანიზატორებმა კი თქვეს, რომ ღონისძიების გაუქმებას არ აპირებენ და ერთადერთი, რასაც აუქმებენ, სიძულვილია.

რუსეთი „LGBT პროპაგანდისთვის“ ჯარიმის გაორმაგებას განიხილავს

რუსეთი არასრულწლოვანებში „ლგბტ პროპაგანდის“ გავრცელებისთვის ჯარიმის გაორმაგებას განიხილავს, ხოლო ნებისმიერი ღონისძიება, რომელიც ლგბტქი საკითხების შესახებ იქნება, ადმინისტრაციულ გადაცდომად ჩაითვლება.

ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ორგანიზაციების მიერ „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების“ არასრულწლოვნებისთვის წარდგენისთვის ჯარიმა 2 მილიონი რუბლი (92 000 ლარი) გახდება, ხოლო ონლაინ და მედიით გავრცელებული მასალებისთვის ჯარიმა 5 მილიონ რუბლს მიაღწევს.

„ლგბტ პროპაგანდის“ ინდივიდუალური შემთხვევებისთვის ჯარიმა 400 ათას რუბლამდე იქნება, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, შესაძლოა, ქვეყნიდან დეპორტაცია დაემუქროთ.

რუსი კანონმდებლები „გეი პროპაგანდის“ არამხოლოდ არასრულწლოვნებს შორის, არამედ ზრდასრულებს შორის გავრცელებაზე ჯარიმის დაწესების შესახებაც საუბრობენ.

„ამჟამად ლგბტ პროპაგანდა მხოლოდ არასრულწლოვნებს შორის არის აკრძალული. ჩემი კოლეგები და მე ვფიქრობთ, რომ ის უნდა გაფართოვდეს და არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების გავრცელება ასაკის მიუხედავად უნდა შეიზღუდოს“, — აღნიშნავს ალექსანდრ ხინშტეინი ახალ ინიციატივაზე საუბრისას, რომელიც დუმას საშემოდგომო სესიების დაწყებისას უნდა განიხილონ.

რუსეთის ოფიციალური უწყებები ამბობენ, რომ ისინი დასავლეთის ლიბერალური ღირებულებების საწინააღმდეგოდ, მორალურ წესრიგს იცავენ, ადამიანის უფლებათა დამცველები კი აღნიშნავენ, რომ კანონი რუსი ლგბტქი ადამიანებისა და ორგანიზაციების შესაშინებელი ბერკეტია.

Reuters-ის ცნობით, სამშაბათს, რუსეთმა ვიდეო-პლატფორმა ტიკტოკი „ლგბტ თემატიკის ვიდეოების“ გავრცელებისთვის 4 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმის შესახებ გააფრთხილა.  ქვეყნის მედიის მარეგულირებელმა კი საგამომცემლო სახლების გაერთიანებას ყველა იმ წიგნის გაყიდვიდან ამოღების შესახებ მოუწოდა, რომლებიც „ლგბტ პროპაგანდას“ ავრცელებენ.

ოფიციალურ უწყებებს ეს კანონი ღირსების მარშის აკრძალვისა და გეი უფლებადამცველების დაკავებისთვის არაერთხელ გამოუყენებიათ, მაგრამ თუ ახალი ინიციატივები რეალობად იქცევა, წნეხი კიდევ უფრო გაიზრდება.

რუსეთმა „ლგბტ პროპაგანდის“ კანონი 2013 წელს მიიღო, რომელსაც ლგბტქი უფლებადაცვითი ორგანიზაციებისა და აქტივისტების წინააღმდეგ აქტიურად იყენებენ. მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ — რუსული ეკლესიის პატრიარქმა რუსეთის უკრაინაზე თავდასხმა ტრადიციული ღირებულებების დაცვის მიზნებით ახსნა, სახელმწიფომ კი ლგბტქი აქტივისტების დიდი ნაწილი „უცხო ქვეყნის ჯაშუშთა“ სიაში შეიყვანა და მათი დევნა, ორგანიზაციების დარბევა ბევრად აქტიურად დაიწყო. ILGA-Europe-ის ლგბტქი უფლებრივი მდგომარეობის მიხედვით, რუსეთი ლგბტქი მეგობრული ევროპის ქვეყნების სიაში ბოლოდან მე-3 ადგილზეა.

წყარო: Reuters