დისკურსი ჰომოსექსუალობის შესახებ ფსიქიატრიაში
ჰომოსექსუალობა საუკუნეების მანძილზე წარმოადგენდა ინტერესის საგანს დასავლურ სამყაროში. მეცხრამეტე საუკუნემდე დისკურსს ჰომოსექსუალობის შესახებ უმთავრესად რელიგია ავრცელებდა და ჰომოსექსუალობას „ცოდვად“ ნათლავდა. გარდა რელიგიური ფიგურებისა, მრავალი ექიმი, ფილოსოფოსი თუ სხვა სოციალური მეცნიერების წარმომადგენელი ფიქრობდა სექსუალობის ამ კატეგორიის შესახებ. მათგან ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ძველი, ცნობილი და მნიშვნელოვანი ტექსტი პლატონის „ნადიმია“, სადაც არისტოფანე ნადიმის მონაწილეებს უყვება ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ გახლიჩა განრისხებულმა ზევსმა სული და ორ სხვადასხვა სხეულში მოათავსა. ამის შემდეგ, არისტოფანეს თანახმად, სულის ორი ნაწილი მუდამ ეძებს ერთმანეთს. საინტერესოა, რომ ამ მითში არამხოლოდ ბინარული წყვილები (ქალი და კაცი), არამედ ერთნაირი სქესის წყვილებიც მოიაზრებოდნენ. თუ პლატონის ამ ტექსტს თანამედროვე ქვიარ რომანებს ან ფილმებს შევადარებთ, ვნახავთ, რომ დისკურსი ჰომოსექსუალობის შესახებ უძველესი დროიდან არსებობს. ამ ისტორიული განგრძობადობის გათვალისწინებით, არ არის გასაკვირი არც ის ინტერესი, რომელიც სექსუალობის ამ ფორმამ თანამედროვე ფსიქიატრიაში შეიძინა.
ფსიქიატრიაზე, როგორც სამეცნიერო დარგზე, მსჯელობა მრავალ პრობლემასთანაა დაკავშირებული. პირველ რიგში, გასათვალისწინებელია ინტელექტუალური, პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიკური და იდეოლოგიური ფონი, რომელიც განაპირობებს იმ რწმენა-წარმოდგენებისა თუ შეხედულებების ჩამოყალიბებას, რომლისგანაც არც ერთი ფსიქიატრი თუ ფსიქოლოგი არ არის დაცული. მიშელ ფუკოს თუ დავესესხებით, ნებისმიერი ინსტიტუცია, რომელიც დაკავებული და პასუხისმგებელია ადამიანთა სხეულებისა და სხეულებრივი აქტების კონტროლით, ძალაუფლების მქონე ინსტიტუციაა. სწორედ ამიტომ, ფსიქიატრიაც, როგორც ახალგაზრდა მეცნიერება, ფლობს ძალაუფლებას, ერთი მხრივ, დიდი სიკეთე შექმნას მასებისთვის, მეორე მხრივ კი შეზღუდოს, გამოარჩიოს და სტიგმის ქვეშ მოაქციოს ის სხეულები, რომლებიც ძალაუფლების ინსტიტუციებისთვის სარგებელს არ წარმოადგენენ, ან მეტიც – საფრთხეს უქმნიან მათ.
ამ სტატიის მიზანი ფსიქიატრიის ბოლო ასწლეულის ისტორიის ანალიტიკური შეჯამებაა, რომელიც ჰომოსექსუალობის შესახებ ფსიქიატრიაში არსებულ დისკურსს უკავშირდება. ამ ტრაექტორიის მოხაზვით, იმედი მაქვს, ნაწილობრივ მაინც გაცხადდება, ერთი მხრივ, ის, თუ როგორ ხდება ნარატივების წარმოება ფსიქიატრიის დახმარებით და მეორე მხრივ, ის, თუ რამდენად ცვალებადი და არაესენციალისტურია თავად ეს მეცნიერებაც.
1850 წლამდე სექსუალური განსხვავებები ეთიკურ, სამართლებრივ და თეოლოგიურ განსაზღვრებებზე იყო დაფუძნებული. მაგალითად, ქრისტიანულ ტრადიციაში იკრძალებოდა ერთი და იმავე სქესის ადამიანებს შორის კავშირი, მასტურბაცია, ანალური სექსი და სხვა. მე-19 საუკუნის შუა რიცხვების შემდეგ ფსიქიატრიის მასობრივი პოპულარიზაციის შედეგად, არანორმატიული სექსუალური პრაქტიკებით აქტიური დაინტერესების ტენდენცია დაიწყო. ხშირად ეს პრაქტიკები სამედიცინო თუ მენტალურ პრობლემებად აღიქმებოდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ფსიქიატრია როგორც თანამედროვე მეცნიერება, მე-19 საუკუნის დასაწყისში დაიბადა, შეიძლება ითქვას, რომ მას მხოლოდ რამდენიმე ათწლეული დასჭირდა იმისთვის, რომ სექსუალობის კვლევა დაეწყო.
რა თქმა უნდა, ძალიან რთულია იმ პირველადი მიზეზების პოვნა, რის გამოც სახელმწიფოები აქტიურად დაინტერესდნენ მოსახლეობის სექსუალური ცხოვრებით. 1960-იანი წლების ბოლოს, ფრანგმა ფილოსოფოსმა და ისტორიკოსმა მიშელ ფუკომ სამუდამოდ შეცვალა ფსიქიატრიის, როგორც მეცნიერების, გაანალიზების გზები. მიუხედავად იმისა, რომ ფუკოს ისტორიული დაკვირვებები ხშირად უადგილოდ განზოგადებული და სელექციურია, ფაქტია, რომ მისი შრომები დღემდე უდიდეს გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ვფიქრობთ სექსუალობასა და სხეულის პოლიტიკაზე. ფუკო, ინსპირირებული სხვა ფრანგი მოაზროვნეებით, მკაფიოდ უსვამს ხაზს იმას, რომ გენდერისა და სექსუალობის ნორმები არა ესენციური, ბიოლოგიური თუ ბუნებრივი, არამედ სოციალურად კონსტრუირებულია. წიგნის „სექსუალობის ისტორია“ პირველ ნაწილში იგი წერს, რომ ერი სახელმწიფოების ჩამოყალიბებისა და ეპიდემიური რისკების გამო აუცილებელი გახდა მოქალაქეების აღრიცხვა და დემოგრაფიული კვლევების ჩატარება. ფუკოს აზრით, მოდერნულ ხანაში ეს იყო ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი, რომელმაც სახელმწიფო ძალაუფლების კონვერტირება სხეულების კონტროლში დაიწყო. ამ პროცესის ფარგლებში, მისი აზრით, გამოიკვეთა ინტერესი არანორმატიული სექსუალური პრაქტიკებისა თუ გენდერული იდენტობების მიმართ. ერთ-ერთი გზა კი, რომლითაც სახელმწიფო მათზე ძალაუფლების გავრცელებას ახერხებდა, სწორედ ფსიქიატრიული დაწესებულებები და მათი მომსახურება იყო. თანამედროვე მკვლევართა ნაწილი ეთანხმება ფუკოს იმაში, რომ ევროპელი მმართველების ნაწილმა დეპოპულაციისა და ერის გადაშენების შფოთის გამო დაიქირავა ფსიქიატრები ადამიანების „განსაკურნებლად“ და პოპულაციის ზრდის უზრუნველსაყოფად. შესაბამისად, ჩვენს შემდეგ მსჯელობაში აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სახელმწიფოს ძალაუფლება, როგორც ფონი ფსიქიატრიაში მიმდინარე ცვლილებებისთვის.
ადრეულ ფსიქიატრიაში არსებობდა აზრთა სხვადასხვაობა ჰომოსექსუალობის შესახებ. მაგალითად, ფროიდი ფიქრობდა, რომ ყველა ადამიანი დაბადებიდან ბისექსუალი იყო, ჰეტეროსექსუალობა კი ნორმალური განვითარების ბოლო საფეხურს წარმოადგენდა. ამგვარად, მისი აზრით, ჰომოსექსუალობა ერთგვარი ფაზა იყო ფსიქიკის განვითარების პროცესში. 1939 წელს ფროიდის სიკვდილის შემდეგ, ბევრმა ფსიქოანალიტიკოსმა ჰომოსექსუალობა პათოლოგიად შეაფასა. შედეგად, მე-20 საუკუნის შუა რიცხვებში დაიწყო აქტიური მსჯელობა მისი დაავადებად აღრიცხვის შესახებ. 1952 წელს ამერიკელ ფსიქიატრთა ასოციაციამ (APA) გამოაქვეყნა დიაგნოსტირებისა და სტატისტიკის სახელმძღვანელოს (DSM-I) პირველი გამოცემა, რომელშიც ჰომოსექსუალობა „სოციოპათიური პიროვნების აშლილობად“ იყო მიჩნეული. 1968 წელს კი, DSM-II-ში ჰომოსექსუალობა ტერმინ სექსუალური დევიაციით შეცვალეს.
DSM-II-ის გამოცემამ და უკვე არსებულმა ფსიქიატრიულმა პრაქტიკებმა (განსაკუთრებით, კონვერსიულმა თერაპიამ, რომლის მიზანსაც ქვიარ ადამიანების „განკურნება“ წარმოადგენდა) 1960-იანი წლების ბოლოს ამერიკაში გეი მოძრაობის დაწყება გამოიწვია. გეი და ლესბოსელი აქტივისები ფიქრობდნენ, რომ ფსიქიატრიული თეორიები დიდ როლს თამაშობდა ჰომოსექსუალობის შესახებ სტიგმის ჩამოყალიბებაში და APA-სგან მოქმედებას მოითხოვდნენ. ამერიკელი ფსიქიატრების ასოციაციაც აქტიურად ჩაერთო მსჯელობაში იმის შესახებ, უნდა ყოფილიყო თუ არა ჰომოსექსუალობა მათ დაქვემდებარებაში. შეკითხვამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია თავად ფსიქიატრებში და დიდხნიანი ხმის მიცემის პროცესისა თუ ამავე პროცესის კრიტიკის შედეგად DSM-II-ში ჰომოსექსუალობა განსხვავებული სახელით ჩაიწერა – სექსუალური ორიენტაციის აშლილობა (SOD).
მიუხედავად ძალიან მოკლე ნაბიჯებისა, 1973 წლის APA-ის დისკუსია გაგრძელდა შემდეგ ათწლეულებშიც და საბოლოოდ, 1990 წლის 17 მაისს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) ჰომოსექსუალობა დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის სიიდან მთლიანად ამოიღო. სწორედ ამიტომ არის 17 მაისი ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე.
მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიატრიის განვითარების შემდეგ დასავლური სამყაროს უდიდეს ნაწილში სტიგმა ქვიარ ადამიანების მიმართ თითქოს აღარ არსებობს, ალბათ უკლებლივ ყველა ქვიარ ადამიანი დაადასტურებს, რომ ეს სიმართლე არაა. არამხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის დიდ ნაწილსა და ამერიკის მრავალ შტატში დღემდე არსებობს სტიგმა, სირცხვილი და შიში ჰომოსექსუალობის ირგვლივ. თუმცა, დღეს ამის მთავარ მიზეზს ხშირად არა ფსიქიატრიული, არამედ მორალისტური თუ ნაციონალისტური დისკურსი წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც ცალკეული ადამიანის იდენტობა ეთიკური შეფასებების საგანია და მოჩვენებით საფრთხეს უქმნის ერის ერთიანობას ან მის „სიწმინდეს“. ამის გამო, ხშირად ადამიანები, რომლებიც ნაკლებად ტოლერანტულ გარემოში იბადებიან, განიცდიან წინასწარგანწყობას შფოთის, დეპრესიისა და სხვა ფსიქიკური დაავადებების მიმართ. ჩემი აზრით, ფსიქიატრიული დისკურსის ეს მოკლე მიმოხილვა კარგი შესავალია იმისთვის, რომ გავიაზროთ არამხოლოდ მეცნიერების, არამედ ნებისმიერი აზროვნების ჩარჩოს ცვალებადობა თუ ისტორიულობა და შეფასებები მხოლოდ ამის შემდეგ გავაკეთოთ.