სად არის შენი ადგილი?

გოჩა გაბოძის ბლოგი

ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის ცხოვრება. ბუად ყოფნა არჩევანი არაა. შენც ისევე გტკივა, როგორც სხვას, შენც ისევე გიხარია, როგორც სხვას. შენსა და მას შორის მხოლოდ უხილავი კედელია. შუშის კედელი. სხვების მიერ დასწავლილი შაბლონებით აშენებული. რელიგიური, პოლიტიკური, კულტურული ტაბუებით ნაშენი უხილავი კედელი, რომლის დამსხვრევას არავინ ცდილობს.  შენ იდეალური მტრის ხატი ხარ. მტერი კი საჭიროა, უმტროდ, აბა, როდის უცხოვრია საზოგადოებას?

შენ განსხვავებული ხარ, მაშინაც კი, როდესაც მათნაირი ხარ. ყოველთვის არის მიზეზი შენში იპოვონ ის, რაც განგასხვავებს – ხმის ტემბრი, ვარცხნილობა, სიარულის მანერა. ტესტოსტერონის დონესაც შეგიმოწმებენ სისხლში, თუ დაბადების სერტიფიკატი არ აკმაყოფილებთ შენი მათნაირობის მტკიცებულებად.

თანასწორთა შორის, შენ მხოლოდ გადასახადების გადახდა გევალება.

შენი ბედნიერებისკენ სწრაფვა მათი ამოცანა არ არის. შენი უფლება შრომაზე, მათი ამოცანა არ არის. შენი უფლება განათლებაზე, მათი ამოცანა არ არის. შენი უფლება ჯანმრთელობაზე, მათი ამოცანა არ არის.

სად არის შენი ადგილი?

დღეს შენ ებრაელი ხარ. დღეს შენ ფერადკანიანი ხარ. დღეს შენ  კუდიანი ხარ. ბუა ხარ. ბუად ყოფნა, არჩევანი არ არის.

როგორ შეიძლება ხალხი არსებობდეს რომელსაც მტერი არ ჰყავს?

დღეს შენ შეგარჩიეს პოლიტიკურ სამიზნედ. ყურადღების გადატანის ინსტრუმენტად, რეალური პრობლემებიდან გამოგონილ პრობლემებისკენ.

სოციალური სიდუხჭირის დაძლევის გზებზე საუბრის ნაცვლად, ქართველობის შენარჩუნების სამთავრობო პროგრამაზე სასაუბროდ.

შენი განსხვავებულობა პოლიტიკური ინსტრუმენტია.

შენ იდეალური მტრის ხატი ხარ.

განსხვავებული, არა იმიტომ, რომ საფრთხე ემუქრება საზოგადოებას შენი განსხვავებულობით. საფრთხეს ქმნის თავად ხელისუფლება, რომელიც საზოგადოებას არწმუნებს არარსებული მტრისგან მომდინარე საფრთხეზე, ქართველობის წართმევაზე, შეთქმულების თეორიებზე, რომლებიც შუასაუკუნეებში მცხოვრები ადამიანებისთვისაც კი შეიძლება კომიკურად  გამოიყურებოდეს.

ქაღალდზე არსებული უფლებების შეზღუდვა, მათი ერთადერთი იარაღია, არარსებულ მტერთან გამარჯვების მოპოვების ილუზიით საზოგადოების კვებისთვის.

დღეს მტერი შენ ხარ. შენი სხეული კი პოლიტიკურია. პირადი პოლიტიკურია. შენი თავისუფლება, დღეს შენს სხეულზე გადის.  დათმობა მტერთან დანებებაა.  შენი ხმა შენი იარაღია. არ დანებდე, იბრძოლე ცვლილებებისთვის.

სად არის შენი ადგილი?

ააშენე ხიდები ადამიანებს შორის. მონახე მოკავშირეები ჩაგრულთა შორის. ისაუბრე იმაზე, რაც საერთო გვაქვს.

სოლიდარობა, ერთმანეთის მიმართ პატივისცემა, ერთმანეთის მხარდაჭერა დღეს არა მხოლოდ სასურველი, სავალდებულო ქცევაცაა, მაშინ, თუ გვსურს ვიცხოვროთ საზოგადოებაში, სადაც ინდივიდი ფასეულია. ადამიანი ღირებულება, მისი ბედნიერებისკენ სწრაფვა კი საზოგადოების ერთობლივი მისწრაფება.

სად არის შენი ადგილი?

საარჩევნო ხმა შენი იარაღია, რათა შეცვალო შენი და ქვეყნის მომავალი. ნიჰილიზმის დრო არ არის. პოლიტიკური იდეოლოგიებით განსხვავებულობის ძებნის ადგილი ახლა არ არის. საფრთხე რეალურია. მაგალითები მეზობელ ქვეყნებში მრავლად არსებობს. საარჩევნო ხმა ხშირად მშვიდობიანი პროტესტის საუკეთესო ფორმაა. ეს მოქალაქის ძალაუფლებაა და ხელისუფალი ვალდებულია, ემორჩილებოდეს. მოქალაქეობრივი ძალაუფლების ნებით დათმობა შენს და ჩვენს მომავალს უქმნის საფრთხეს. დღეს ისე, როგორც არასდროს შენზე, მოქალაქეზეა დამოკიდებული როგორ განვითარდება ქვეყნის მომავალი.

დღეს ჩვენი ადგილი ერთობის შენებისკენ მიმავალ გზაზეა. სადაც ადამიანები ურთიერთპატივისცემასა და ერთმანეთის მიმართ თანაზიარ პასუხისმგებლობაზე დაყრდნობით თავისუფალი და თანასწორი საზოგადოების შენებას დაიწყებენ. სადაც ვირწმუნებთ ერთმანეთის შესაძლებლობებს და საერთო სახლს, საქართველოს შევქმნით.

დღეს ერთმანეთის მხარდაჭერის დროა, იმისთვის, რათა ვირწმუნოთ მოქალაქის ძალაუფლების, საარჩევნო ხმის უფლების ძალის, პოლიტიკურ პროცესში ჩვენი პასუხისმგებლობის. დღეს ერთმანეთის მხარდაჭერის დროა, რათა გამოვიყენოთ საარჩევნო ხმის უფლება, რომ არ დავკარგოთ ჯერ კიდევ არსებული უფლებები.

თავისუფალ საზოგადოებაში ყველას ადგილია. განსხვავებულის მიმღებლობა ქართული ხასიათის ნაწილია. დროა ვირწმუნოთ ერთმანეთისა.  დავიწყოთ შენება საზოგადოებისა, სადაც განსხვავებულობა ნაკლი არ არის, ის ბუნების მრავალფეროვნების ბუნებრივი ნაწილია. დროა ვირწმუნოთ ცვლილებების.

ჩვენი ადგილი ყველგანაა, სადაც ჩვენი ბედნიერებისკენ სწრაფვა და თანასწორობა ღირებულებაა, თავისუფლება კი ბუნებრივი მოცემულობა.

დროა ვიბრძოლოთ ცვლილებებისთვის. დროა ვიბრძოლოთ თანასწორობისთვის.

 

 

წინა

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

შემდეგი

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა ცხოვრებისეული

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ გარკვეული

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ რამდენიმე

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

ადამიანის ფსიქიკური თუ ფიზიკური ჯანმრთელობისთვის სტრესის მნიშვნელობა მედიცინის და ასევე, ფსიქოლოგიის მიერ დიდი ხანია, აღიარებულია, თუმცა,