/

გვაპატიე კესარია რომ ვერ დაგიცავით

17 სექტემბერს საქართველოს 84-მა პარლამენტარმა კიდევ ერთხელ უღალატა საკუთარ მოსახლეობას და ქვეყნის, კონსტიტუციის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო ჰომოფობიური, ტრანსფობიური კანონი, რომელიც ქვიარებს ჯანმრთელობის დაცვის უფლებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას, საკუთარი პიროვნების განვითარების თავისუფლებას, საჯაროდ შეკრების და საჯაროდ ხმის ამოღების უფლებას ართმევს.

ისე დაემთხვა, რომ იმავე დღეს გამოვაქვეყნე  სტატია, რომელიც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა მიზეზებსა და შედეგებს ეძღვნებოდა. სტატიის სათურად შევარჩიე პირველი რაც აზრად მომივიდა – „თქვენი სიძულვილი გვკლავს“. პუბლიკაციის გამოქვეყნებამდე ცოტა ვიყოყმანე, ზედმეტად პათეტიკური იყო თითქოს ეს ფრაზა, თუმცა ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩემთვის ნაცნობი, გარდაცვლილი გეების და მოკლული ტრანსგენდერი ქალების ისტორიების გახსენებამ ორჭოფობა გააქრო.

18 სექტემბერს კი კესარია მოკლეს. 37 წლის ტრანსგენდერი ქალი, რომელსაც, დარწმუნებული ვარ იცნობენ მთელ საქართველოში ახალგაზრდები თუ ხანში შესულები, ქალაქში თუ სოფლად მაცხოვრებლები.

იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ ბევრი ტრანსგენდერი ადამიანისთვის კესარია საკუთარი თავის მიღების თვალსაზრისით სიმყარე, მაგალითი იყო. მივეჩვიეთ მის საჯაროობასაც, წლების განმავლობაში მის გამოჩენას სატელევიზიო გადაცემებში, სხვადასხვა ღონისძიებებზე, სოციალურ ქსელებში. ამ დღეებში აღმოვაჩინე კესარიას მონაწილეობით უამრავი ვიდეო, რომელიც არ მქონდა ნანახი. იმდენად ჩვეულებრივი ამბავი გახდა მისი საჯაროდ გამოჩენა, ცეკვა, სიმღერა, სიხარულის თუ ტკივილის გამოხატვა, რომ მეგონა აწი სულ ასე იქნებოდა, აწი მხოლოდ კარგ ამბებს გავიგებდით კესარიას შესახებ. დედის, დის მხრიდან მიღებული და მხარდაჭერილი, მეგობრების სიყვარულით გარემოცული. საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით საქმიანობდა და რეალიზებულიც იყო. თითქოს მას ვერ, ვეღარ შეეხებოდა ის სიძულვილი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ქვიარების და ქალების  მიმართ არსებობს. ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი შემართება, თვითირონია და შესანიშნავი იუმორი თურმე როგორი საყრდენი ყოფილა ჩემთვისაც.

გასული 10 წლის განმავლობაში, საქართველოში საჯაროდ ცნობილი თითქმის ყველა ტრანსგენდერი ქალი მოკლეს ან გარდაცვლილი იპოვეს. ერთიც მკურნალობის არ/ვერ მიღების გამო გარდაიცვალა:  

2014 წლის 10 ნოემბერს – 23 წლის საბი ბერიანი (მკვლელმა დანით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა).

2016 წლის 4 თებერვალს – 22 წლის ბიანკა შიგუროვა (გამოძიების ვერსიით გარდაიცვალა გაზის გაჟონვის გამო, თუმცა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაწყებული გამოძიების შედეგები დღემდე უცნობია).

2016 წლის 23 ნოემბერს – 32 წლის ზიზი შეყილაძე (მას თავის და ყელის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენეს, რის გამოც ჯერ კომაში ჩავარდა, შემდეგ გარდაიცვალა).

2018 წლის 19 ივლისს – 24 წლის ლიკა კონცელიძე (სათანადო მკურნალობის მიუღებლობის შედეგად გარდაიცვალა. მისი ცხედარი სახლში არ მიუსვენებით. მხოლოდ ბაბუა იყო ლიკას გვერდით ბოლო წუთამდე).

2023 წლის 6 იანვარს – 26 წლის ლიზა ქისტაური (ბელგიაში ბინაში მარტო გარდაცვლილი იპოვეს).

კიდევ ორი ახალგაზრდა ქვიარი მოკლეს 2018 წელს. მიუხედავად იმისა, რომ მკვლელობა საზარელი სისასტიკით იყო ჩადენილი, ოჯახის წევრებმა ამბის გასაჯაროვება არ მოისურვეს.

2019 წელს თბილისი პრაიდის ორგანიზატორებს გვემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით დაუფარავი სატელეფონო ნომრებიდან, სავარაუდოდ შსს-ს ან სუსის თანამშრომლები. აქტივისტების ნაწილმა მიმართა გამოძიებას, თუმცა შედეგი ამას არ მოჰყოლია.

ქვიარების წინააღმდეგ მიღებული კანონის ამოქმედების შემდეგ ჩვენი სახელმწიფო საკუთარი პოზიტიური ვალდებულებების შეუსრულებლობიდან გადავა ნეგატიური ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ აქამდე ქვიარებს სახელმწიფო არ გვიცავდა და ჩვენ წინააღმდეგ მხოლოდ აღვივებდა ზიზღს, ახლა თავად იძალადებს მორალის და სიკეთის სახელით.

ეჭვიც არ მეპარება, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, იმის მაგივრად, რომ მოინანიოს და დაიცვას დევნილი ადამიანები გააგრძელებს სიძულვილის ქადაგებას, რადგან აღარაფერი აკავშირებს ამ ეკლესიას ღმერთთან.

ღმერთი ახლა სულ სხვაგან არის. მჯერა რომ ის ჩვენ გვერდითაა.

გუშინ საქართველოს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მშვიდობის კათედრალში კესარიის სულის მოსახსენებელი მსახურება ჩატარდა. მეგობრებმა გაიხსენეს კესარია, მისი კეთილი საქმეები, რომელთა შესახებ საჯაროდ არასოდეს საუბრობდა – თუ როგორ ეხმარებოდა სხვა ტრანსგენდერ ადამიანებს, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში.

ბევრი ქვიარისთვის ასეთ რთულ დროს ეკლესიის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.  დარწმუნებული ვარ, რომ ღმერთს ვუყვარვართ ყველანაირი შუამავლების გარეშე, თუმცა ადამიანური სითბო და გვერდში დგომა, ერთად ყოფნა, ერთად ლოცვა გვაძლიერებს.

გვაპატიე კესარია, რომ ვერ დაგიცავით. გპირდებით რომ ბევრი ჩვენთაგანი საკუთარი ცხოვრების ნაწილს იმ საქმეს დაუთმობს, რომელიც საზოგადოებაში არსებულ უფსკრულს შეამცირებს.

 

 

 

წინა

რატომ კლავენ ქვიარებს

შემდეგი

უმცირესობათა სტრესის გავლენა ქვიარების ჯანმრთელობაზე    

ბოლო სიახლეები

ქვიარების მედეგობა და სიძლიერე

სულაც არ გამკვირვებია, როდესაც ერთ-ერთ სამეცნიერო ნაშრომში წავაწყდი მტკიცებას იმის შესახებ, რომ ქვიარებისთვის დამახასიათებელი თვისებაა ცხოვრებისეული

იოგას თერაპიული პრაქტიკა ქვიარების მხარდასაჭერად

ჩვენი საზოგადოების წევრებისთვის და ალბათ, ზოგადად, ადამიანების უმეტესობისთვის დამახასიათებელია მათთვის უცხო ან ახალი იდეების მიმართ გარკვეული

სად არის შენი ადგილი?

გოჩა გაბოძის ბლოგი ნაცნობთა შორის თითქოს უცხო ხარ. უცხოთა შორისაც, უცხო ხარ. გაუცხოებაში კი გადის ცხოვრება.

“შესაძლოა, მთელი ანტიკური ლიტერატურა ასაკრძალ სიაში მოხვდეს” – ინტერვიუ ნანა აბულაძესთან

ნანა აბულაძე ქვიარ და ფემინისტურ ლიტერატურაზე ნანა აბულაძე თანამედროვე ქართველი ავტორია, რომლის ლიტერატურული დებიუტიც სულ რამდენიმე

ჰომოსექსუალობის კრიმინალიზება – თანამედროვე ტენდენციები

ჰომოსექსუალური ურთიერთობების ,,ლეგალური“  და დე ფაქტო კრიმინალიზაცია ქვიარ ადამიანების მიმართ ინსტიტუციონალიზებულ ჰომოფობიას სოციალური დისკრიმინაციის მრავალი გამოვლინება